გრიგოლ ლორთქიფანიძის წერილი სტალინს 50 წლის იუბილეზე

21 დეკემბერი 2020 Shadow

გრიგოლ ლორთქიფანიძე (30 სექტემბერი 1881, სოფ. ისრითი [თანამედროვე ვანის მუნიციპალიტეტი] - 2 სექტემბერი, 1937, თბილისი) — გამოჩენილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე იყო. 1918–1921 წლებში, სხვადასხვა დროს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში ეკავა სამხედრო და განათლების მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა რევკომთან ხელისუფლების გადაბარებაზე.

მთავრობის წევრების უმეტესობის მსგავსად, იგი არ წავიდა ემიგრაციაში და საქართველოში დარჩა, ყოველგვარ პოლიტიკურ მოღვაწეობას დაუბრუნდა და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა... ამ დროიდან დაიწყო გრიგოლ ლორთქიფანიძის რეპრესია: თავდაპირველად ვანის ადგილობრივმა რევკომმა დააპატიმრა და ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ მეტეხის ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი  პოლიტპატიმრებთან - კალისტრატე გაგუასთან, ზაქარია გურულთან, ალექსანდრე დგებუაძესთან, ლეო რუხაძესა და ვლადიმერ ჯიბლაძესთან ერთად სუზდალში გადაასახლეს.

1925 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ საქართველოში ცხოვრება აკრძალული ჰქონდა, რის გამოც იგი კურსკში დასახლდა და პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი.

1928 წელს დაბრუნდა საქართველოში, თუმცა ბოლშევიკებთან საერთო ენა კვლავ ვერ გამონახა და იგი 1929 წელს ვორონეჟში გადაასახლეს.

1936 წლის 21 დეკემბერს გრიგოლ ლორთქიფანიძეს მიესაჯა დამატებით 5 წელი გამასწორებელ ბანაკებში და გაიგზავნა ციმბირში რკინიგზის მშენებლობაზე.

1937 წელს იგი ჩამოიყვანეს საქართველოში და დააპატიმრეს. მიზეზი გახდა თითქოს და ემიგრაციაში ნოე ჟორდანიას ნათქვამი, საქართველოში ყველაზე საიმედო ძალად გრიგოლ ლორთქიფანიძე მიმაჩნიაო. 1937 წლის 2 სექტემბერს, გრიგოლ ლორთქიფანიძე დაკითხვის დროს წამებით მოკლეს.

 

გრიგოლ ლორთქიფანიძის დაკავების ბარათი (1900-იანი წლები)
დაცულია საქაზრთველოს ეროვნული არქივის ჟანდარმერიის ბარათების კოლექციაში

 

1929 წლის 21 დეკემბერს, 50 წლის იუბილეზე ვორონეჟიდან გრიგოლ ლორთქიფანიძემ სტალინს მისწერა:

"დღეს თქვენ ტრიუმფატორი ხართ. რომის ტრიუმფებში მონაწილეობდა საგანგებო მონა, რომელიც დიდ გამარჯვებულს შეახსენებდა მის ცალკეულ შეცდომებსა და ბედის ცვალებადობას. შუა საუკუნეების რუს მეფეებს კრიტიკოსებად სალოსები ჰყავდათ. რომაელი ავგუსტუსისა და რუსი ხელმწიფეების მონები იმუნიტეტით სარგებლობდნენ.

მე არ ვდგავარ ტრიუმფატორი ავგუსტუსის ეტლს უკან სატერფულზე და არც კარის სალოსი გახლავართ, მაგრამ მაინც მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ შევიტანო ერთგვარი დისონანსი (სულ ერთია, მას მაინც არავინ გაიგონებს) იმ ხოტბა-დიდების ქოროში, რომელიც გარს გახვევიათ იმ დღეს, როდესაც ნახევარი საუკუნე შეგისრულდათ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ასე შემდეგ, ბევრი ჩვენგანი მათ გულწრფელად გისურვებთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენს იუბილეს დაემთხვა ორი უმნიშვნელოვანესი, აღმაშფოთებელი წინააღმდეგობრიობა და თქვენ მიერვე შექმნილი ისტორიული ფაქტი ნაციონალური პოლიტიკის სფეროდან: ტაჯიკებისათვის მოკავშირე რესპუბლიკის უფლებების მიცემა და, ამავდროულად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ავტონომიის ნიშანთა საბოლოო ლიკვიდაცია და მათი გადაქცევა რუსულ საბჭოთა საადგილმამულოდ, კრინიცკის მეთაურობით.

საუკეთესო საიუბილეო მისალმებებთან ერთად ვისურვებდი, რომ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები საბოლოოდ არ დაგატყვევოთ რუსული კრემლის ისტორიულმა აჩრდილებმა და რომ მოსკოვის დიდმპყრობელობამ მეტად ვერ შეძლოს ინტერნაციონალიზმის დიადი იდეის მეწამულ ტოგაში გახვევა.”