ავტორი: გიორგი ლომთაძე
უკვე ორი წელია რაც უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და სეპარატისტულ დაჯგუფებებს შორის. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მოქმედი სეპარატისტები რუსეთის მხარდაჭერით (და რუსული საჯარისო დანაყოფების უშუალო მონაწილეობით) აგრძელებენ უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას. სცენარი, რომლითაც ვითარდება მოვლენები, ნაცნობია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის. მას შემდეგ რაც უკრაინამ გადაწყვიტა ჩამოშორდეს რუსულ „ორბიტას“, დამოუკიდებლად მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური თუ საშინაო გადაწყვეტილებები, „ავნოს“ რუსეთის ინტერესებს და დაუახლოვდეს „დასავლეთს“, ხდება ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში ღვივდება სეპარატიზმი. აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის, ეს სეპარატისტული ჯგუფები მოხალისეები ან თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან, რომლებსაც უკრაინის „ტირანიას“ სურთ დააღწიონ თავი.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, საბჭოთა კავშირის ყოფილი ტერიტორია 20 კონფლიქტს ითვლის. კონფლიქტების რეგიონალური დაყოფა შემდეგნაირია:
რეგიონი |
კონფლიქტების რაოდენობა |
ცენტრალური აზია |
3 |
ჩრდილოეთ კავკასია |
6 |
სამხრეთ კავკასია |
7 |
აღმოსავლეთ ევროპა |
4 |
კონფლიქტების უმეტესობა ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელდა და დღემდე შენარჩუნებულია „გაყინული“ კონფლიქტების სახით.
საინტერესოა ამ კონფლიქტებს შორის პარალელების გავლება და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, რადგან ერთი შეხედვით, ყველა კონფლიქტის სცენარი ანალოგიურია:
საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას სურს დამოუკიდებლობა და გამოყოფა სსრკ-დან;
რესპუბლიკაში არიან ჯგუფები, რომლებსაც სურთ სსრკ-ში დარჩენა ან რესპუბლიკისგან დამოუკიდებელ ერთეულად არსებობა;
შედეგად ვიღებთ დაპირისპირებას ორ მხარეს შორის და დამანგრეველ კონფლიქტს, რომელიც ყოფს დამოუკიდებელ სახელმწიფოს რამდენიმე ნაწილად.
ამ სცენარის თეორიული გაანალიზებისთვის, მნიშვნელოვანია განვიხილოთ 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში შექმნილი გეგმა სსრკ-ს ნგრევის შესაჩერებლად. ეს გეგმა ცნობილია როგორც - „ლუკიანოვის დოქტრინა“! თავად დოქტრინა გულისხმობდა დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკებში ეთნიკური თუ პოლიტიკური დაპირისპირების წაქეზებას, სეპარატიზმის გაღვივების მიზნით. დოქტრინა ატარებს რუსი პოლიტიკოსის ანატოლი ლუკიანოვის (1990-91 წლებში სსრკ-ს უზენაესი საბჭოს თავჯდომარე; რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია) სახელს, რომელსაც გენადი ზიუგანოვი კომუნისტური პარტიის დენ სიაოპინად მოიხსენიებს.
ეს დოქტრინა ერთგვარი მითის დონეზეა აყვანილი, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რეალურად არსებობდა ის თუ არა. რუსულმა ტელეკომპანია "Дождь"-მა, 2014 წლის ივლისში გააკეთა გადაცემა აღნიშნულ დოქტრინასთან დაკავშირებით, სადაც ინფორმაციისთვის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს, ვიქტორ ალქსნისს (რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი და საბჭოთა კავშირის ყოფილი სახალხო დეპუტატი) დაუკავშირდა, რომელიც თავს „ლუკიანოვის დოქტრინის“ ერთ-ერთ ავტორად მიიჩნევს.
მარცხნიდან ანატოლი ლუკიანოვი და ვიქტორ ალქსნისი
ყოფილი დეპუტატის განცხადებით, 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა პოლიტიკურ ელიტაში გაჩნდა აზრი ისეთი სტრუქტურების შექმნის აუცილებლობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ რესპუბლიკებში იმ რეგიონების გამოყოფას, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა ან საბჭოთა კავშირში დარჩენა სურდათ. შესაბამისად, 1989 წლის არჩევნების შემდეგ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატები, რომლებიც ეთნიკურად არარუსული რესპუბლიკების რუსულენოვან მოსახლეობას წარმოადგენდნენ, ჯგუფ „Союз"-ში გაერთიანდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის ბრძოლას. მისივე განცხადებით:
„ჩვენ გვქონდა კონტაქტები თავდაცვის სამინისტროსთან და ის იარაღით ამარაგებდა, მაგალითად, სამხრეთ ოსეთს"
„Союз"-ში გაერთიანებული ჯგუფები ფუნქციონირებდნენ - საქართველოში (აფხაზეთსა და სამაჩაბლოში), მოლდოვაში (დნესტრისპირეთში), ესტონეთში (იდა-ვირუმაას მხარე), ლიტვასა და ლატვიაში და რიგ შემთხვევებში წარმატებებსაც მიაღწიეს. ალქსნისის აზრით, ზუსტად დოქტრინის დაგეგმვისა და განხორციელების შედეგია დღეს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში მარიონეტული რეჟიმების არსებობა. შესაძლოა, ასეთივე მარიონეტული რეჟიმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებშიც გაჩნდნენ, რაც კიდევ უფრო გაზრდის არადემოკრატიული, კორუმპირებული და არასტაბილური ერთეულების არსებობას პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 70-ე სესიაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ქმნის მის გარშემო არასტაბილურობის სარტყელს გაყინული კონფლიქტების სახით. შესაბამისად, დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის „ლუკიანოვის დოქტრინის“ გაგრძელება. როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბარი გვესმის, არ დავივიწყოთ თუ რა იდეები დგას პოსტ-საბჭოთა სივრცეში განვითარებული კონფლიქტების უკან, ვის მიერაა ისინი ორკესტრირებული და რა მიზანს ემსახურება არასტაბილურობის შენარჩუნება რუსეთის გარშემო.
"ვიქტორ ალქსინსი: ვინ გეგმავდა ეთნოკონფლიქტებს სსრკ-ში" - სრული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე