2017 წლის 29 მაისს, საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ვერსალის სასახლეში, საფრანგეთში.
ერთობლივი პრესკონფერენციისას RT-ის საფრანგეთის ფილიალის ჟურნალისტმა მაკრონს დაუსვა კითხვა თუ რატომაა პრობლემური ზოგიერთი რუსი ჟურნალისტისთვის მასთან ინტერვიუს ჩაწერა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა ჟურნალისტებთან თანამშრომლობისთვის იმ პირობით, თუ ისინი იქნებიან პროფესიონალი ჟურნალისტები და არა გავლენის ინსტრუმენტები და პროპაგანდისტები.
„მე ყოველთვის მქონდა სანიმუშო ურთიერთობა უცხოელ ჟურნალისტებთან, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ ჟურნალისტები. Russia Today (RT) და „სპუტნიკი“ კი გავლენისა და პროპაგანდის ინსტრუმენტებია, რომლებიც ჩემს შესახებ ტყუილს ავრცელებდნენ.“
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ემანუელ მაკრონი რუსული პროპაგანდის სამიზნე გახდა და რუსული საინფორმაციო საშუალებები მასზე სხვადასხვა ყალბ ცნობებს ავრცელებდნენ, მათ შორის, მისი „არატრადიციული“ ორიენტაციის შესახებ.
მაკრონის მიერ რუსული საინფორმაციო საშუალებების პროპაგანდის ინსტრუმენტებად მოხსენიება არ გაუპროტესტებია ვლადიმერ პუტინს.
Damoukidebloba.com გთავაზობთ პრესკონფერენციის ჩანაწერს, სადაც ემანუელ მაკრონის სრული პასუხი შეგიძლიათ ქართული სუბტიტრებით ნახოთ, რომლის ჩასართავად საჭიროა დააჭიროთ ღილაკს CC (განთავსებულია ვიდეოს ქვედა მარჯვენა კუთხეში).