2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ცერემონია ოქროყანაში, იმ ადგილას გაიმართა, სადაც 1921 წელს, იუნკრებთან ერთად, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლაში 19 წლის მარო მაყაშვილი დაიღუპა.
მარიამ (მარო) მაყაშვილი 1921 წლის თებერვალში იუნკერებთან ერთად საბჭოთა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა. რუსეთის წითელი არმია ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. მე-11 არმიას იუნკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს . მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი, თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. 1921 წლის 19 თებერვალს მარო ბრძოლის დროს კეფაში ყუმბარის ნამსხვრევის მოხვედრის შედეგად დაიღუპა.
მარო მაყაშვილი ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ოჯახში დაიბადა – მამა, კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი ცნობილი პოეტი და მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, ხოლო დედა – თამარ გაბაშვილი, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის შვილი.
მისი მამა, კოტე შვილზე წერდა: “სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1919 წელს და შემდეგ ქართულ უნივერსიტეტში შევიდა სიტყვიერების, სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე. ბუნებით უხვად დაჯილდოებული, ცოცხალი და გამჭრიახი მარო მასთანვე იყო მორცხვი, კდემამოსილი და გულკეთილი. ქართული ლიტერატურა ზედმიწევნით იცოდა, სწერდა მშვენიერის ქართულით და იმედს იძლეოდა, რომ ჩინებული მწერალი გამოვიდოდა მომავალში“.
ლიტერატურის მუზეუმმა 2014 წლის თებერვალში მარო მაყაშვილის დღიურის ახალი, შევსებული გამოცემა დაბეჭდა, სადაც 19 წლის მარო თავის თავსა და იმდროინდელ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე დაწვრილებით მოგვითხრობს. წიგნს გარეკანზე სიმბოლურად მიმაგრებული აქვს დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელი დროშის ფერებში შესრულებული გულსაბნევი.
რომც არ იყოს მარო მაყაშვილი კოჯორთან მოკლული თბილისში წითელი არმიის შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს დღიური მაინც საინტერესო იქნებოდა, რადგან ეს არის ახალგაზრდა ქალის დღიურები, რომელიც ძალიან კარგად აღგვიწერს, თუ რაზე ფიქრობდა დამოუკიდებელი საქართველოს ერთი მოქალაქე თავის გრძნობებზე, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ სურდა უცხოეთში წასულიყო, იქ ესწავლა იმისათვის, რომ უკან დაბრუნებულიყო, რომ სამშობლოსათვის რაღაც გაეკეთებინა, და როგორ მიდის ასეთი ადამიანი ფრონტზე, რადგანაც დარწმუნებულია, რომ სამშობლოსათვის ღირს თავდადება, და როგორ აღარ ბრუნდება იქიდან“, - მოგვითხრობს ლაშა ბაქრაძე.
„უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ... ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?“ - წერს მარო მაყაშვილი თავის დღიურში.
„მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოს უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქართველი წაასხა. სად არის სამართალი. ერეკლევ, ერეკლევ, რაზედ დაგვღუპე? მართალია, შენც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ რუსს რათ მიგვეცი. იმიტომ რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ, რათ? რა დაგიშავა საბრალო ერმა, ღმერთო!“
„რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა. მანდილი გადააფარა ამას ყველაფერს ოხრათ დარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა, ამ ომის დროს და მერე“
„ის იყო გოგონა, რომელსაც ჰქონდა ძალიან ნათელი იმედები მომავალი ცხოვრების, ფიქრობდა ოჯახზე, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ წავა ევროპაში, ფიქრობდა თავის როლზე საზოგადოებაში, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება - საქართველოს თავისუფლება, რომლის დათმობის ფონზე არაფერი ეს შესაძლებელი აღარ ხდებოდა. მარო მაყაშვილი, რომელიც აქ დაიღუპა, 19 წლის, იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფილიყო, გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს სულ 16 ეროვნული გმირი ჰყავს – მარო მაყაშვილი, ამბროსი ხელაია, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინტრაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, მიხაკო წერეთლი, ჟიული შარტავა, ზაზა დამენია, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე, ლეხ კაჩინსკი და ჯონ მაკკეინი.