ავტორი: ვოლოდიმირ ბირჩაკი, უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის კვლევის ცენტრი.
ავტორმა მოხსენება წარადგინა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2021 წლის 3 თებერვალს გამართულ კონფერენციაზე - „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების აღმოჩენა: არქეოლოგიური და მეხსიერების კვლევები - საერთაშორისო გამოცდილება“.
სტატია ქვეყნდება ავტორის თანხმობით.
მოცემულ სტატიაში მიმოვიხილავთ 2018 და 2019 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი რეპრესიების მსხვერპლთა სამარხების ძიების, აღმოჩენისა და რეპრესირებულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად უკვე განხორციელებულ ან დაგეგმილ მოქმედებებს. ზოგადად, მეტად მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს პოლიტიკური მზაობა და გარკვეული სამართლებრივი საფუძვლები ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის ცენტრალიზებულად და ორგანიზებულად რეგულირების თვალსაზრისით. აუცილებელია, დამკვიდრდეს მსხვილი სამარხების მემორიალიზაციისა და სამუზეუმო-მემორიალური კომპლექსების აგების პრაქტიკა. გამოვლინდეს რეპრესირებულთა ბანაკები, ციხეები და სამარხები და შემდგომ მოხდეს ამ ტერიტორიების კეთილმოწყობა, ხსოვნის ატრიბუტიკის აღმართვა და სამუზეუმო ექსპოზიციების დაგეგმვა. რაც ყველაზე მთავარია, წარიმართოს მუდმივი საძიებო სამუშაოები მსხვერპლთა ახალი სამარხების აღმოჩენისა და მათი მემორიალიზაციის მიზნით.
უკრაინაში არაერთი მასობრივ რეპრესიათა მსხვერპლის სამარხია მოძიებული. საარქივო დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ ქალაქ ვინიცაში 20,000-მდე პირი დახვრიტეს. სამარხებიდან დაახლოებით 10,000 ნეშტი იქნა ამოსვენებული. სხვადასხვა მასშტაბებისა და ზომის სამარხები აღმოჩენილია დნეპროპეტროვსკში, დონეცკში, ზაპოროჟიეში, კიევში, ლუგანსკში, ოდესაში, ხარკოვში და ლვოვში. გარკვეულ ადგილებში აღმართულია სამახსოვრო დაფები ან ჯვრები, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ბიუროკრატიული ბარიერებისა და სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღების გამო, სამარხების მემორიალიზაციის საკითხი დროში იწელება.
მასობრივ რეპრესიების მსხვერპლთა სამარხების ძიება უკრაინაში ყოველწლიურად მიმდინარეობს. პირობითად სამარხების აღმოჩენის პრაქტიკა შეიძლება ორ ძირითად ტიპად გავმიჯნოთ: ორგანიზებული სამძებრო ექსპედიციების შედეგად მოძიებული და სპორადულად, რიგითი სამშენებლო სამუშაოების შედეგად, აღმოჩენილი სამარხები. აღსანიშნავია, რომ სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს ორი უკრაინული სპეციალიზებული ორგანიზაცია: „ხვედრი“ («Доля») და „მეხსიერება“ («Память»). უკრაინაში ყოველწლიურად მასიური რეპრესიების 2-3 სამარხის აღმოჩენა მაინც ხდება.
მოცემულ სტატიაში შევეხებით 2018-2019 წლებში ორივე სახის გათხრების შედეგად აღმოჩენილ სამარხებს და მოკლედ მიმოვიხილავთ მათ ისტორიას.
დროგობიჩი - 2019
2019 წლის 15 ოქტომბრიდან „ხვედრის“ («Доля») სპეციალისტები აწარმოებდნენ საძიებო-ექსჰუმაციურ კვლევებს ლვოვის ოლქში, ქალაქ დროგობიჩის შინსახკომის ყოფილი ციხის ბაღის ტერიტორიაზე.
17 ოქტომბერს მაძიებლებმა მიაგნეს 13 სამარხიდან აღმოჩენილ 16 ადამიანის ნეშტს. სპეციალისტების მტკიცებით, ეს პირები დახვრიტეს 1939-1941 წლებში, ან - 1944 წლის შემდეგ, ანუ ისინი ცალსახად საბჭოთა რეპრესიული სისტემის მსხვერპლნი იყვნენ. ყველა აღმოჩენილ გვამს კეფა ტყვიით ჰქონდა გახვრეტილი, რაც შინსახკომის სახასიათო „ხელწერაა“.
ნეშტები ქაოსურად იყო განლაგებული. სავარაუდოდ, მათ, ეტაპობრივად, ღამის მანძილზე მარხავდნენ. გათხრების წარმოება კვლავაც მიმდინარეობს... დღეისათვის უკვე 33 ნეშტია გამოვლენილი, ყველა მათგანი მამაკაცია.
ბოლშევცი -2019
ივანო-ფრანკოვსკის რაიონის სოფელ ბოლშევცის ტერიტორიაზე ორგანიზაცია „მეხსიერება“ («Память») 2019 წლის სექტემბრიდან აწარმოებდა მორიგ გათხრებს. მათი ექსპედიციის მიზანი იყო შინსახკომის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების აღმოჩენა მუსიკალური სკოლიდან (შინსახკომის ყოფილი რაიონული განყოფილება) რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით.
გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა 59 ნეშტი, მათგან 21 ბავშვი (ყველაზე მცირეწლოვანის ასაკი მხოლოდ 2 წელი). ზოგიერთი ბავშვის თავის ქალა ბლაგვი საგნით იყო დაზიანებული. სამარხში და ნეშტებთან არ იყო აღმოჩენილი არც პირადი ნივთები, არც ტანსაცმლის ფრაგმენტები, მხოლოდ 1946 წლით დათარიღებული რამდენიმე საბჭოთა მონეტა.
უხუცესთა მოგონებებით, შინსახკომის რაიონულ განყოფილებაში სამხედრო-ჩეკისტური ოპერაციების შედეგად მოკლულ უკრაინელ მეამბოხეთა არმიის (УПА) მეომრებს მოასვენებდნენ იდენტიფიცირებისთვის. გარკვეული დროის შემდეგ კი მათ საიდუმლოდ მარხავდნენ ამ საერთო სამარხში. ამავე სამარხებში ასევე ხვდებოდნენ ზრდასრული მამაკაცები და ქალები, რომლებიც სასტიკ წამებას ვერ უძლებდნენ და შედეგად ადგილობრივ ციხეებში იღუპებოდნენ.
ყველა ნეშტი საზეიმოდ დაიკრძალა ადგილობრივ სასაფლაოზე საერთო აკლდამაში.
დუბნო - 2019
ცენტრ „ხვედრის“ თანამშრომლები 2019 წლის მაისში აწარმოებდნენ გათხრებს როვნოს ოლქის ქალაქ დუბნოში, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე.
ციხის კედლის სიახლოვეს ერთ-ერთ ორმოში სამძებრო ჯგუფმა აღმოაჩინა 29 ნეშტი. მათ შორის — 7 ქალი, დანარჩენი — მამაკაცები.
ყველაზე ხანდაზმულის ასაკი 57 წლით დათარიღდა, ყველაზე მცირეწლოვნის კი — 17 წლით. მოკლულთა შორის უმრავლესობა უკრაინელი იყო, თუმცა ასევე იყვნენ პოლონელები, გერმანელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. გარდაცვლილები, უმეტესწილად, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო დაზიანებებით.
ექსპერტთა წინასწარი შეფასებებით მსხვერპლთათვის არ უსვრიათ უშუალოდ ახლო მანძილიდან. გათხრების დროს აღმოაჩინეს დუბნოს ციხის ტუსაღების ნივთები - ჩექმები, სავარცხელი, ღილები. გვამების განლაგება აკურატული იყო, რაც სავარაუდოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისინი გერმანელების შემოსვლის შემდეგ ჩამარხეს.
საუბარია იმ ტუსაღების სამარხებზე, რომლებიც საარქივო დოკუმენტებისა და სხვადასხვა ადამიანების მტკიცებულებით სასტიკად იყვნენ მოკლულნი შინსახკომის მიერ 1941 წლის ივნისის ბოლოს, ქალაქში გერმანული საჯარისო შენაერთების შემოსვლამდე.
ტოტალიტარული რეჟიმის 29 მსხვერპლი დუბნოში საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს.
ამ ეტაპზე დუბნოს საქალაქო საბჭო გეგმავს სასტიკი დანაშაულის ადგილზე ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის კომპლექსის აღმართვას.
შუმსკი -2018
2018 წლის აგვისტოში ტერნოპოლის ოლქის ქალაქ შუმსკში ცენტრის „ხვედრი“ თანამშრომლებმა უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან ერთად აღმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სამარხი. ამ სამარხში 14 ნეშტი იყო მოთავსებული, რომლებიც წინასწარი ინფორმაციით უკრაინულ მეამბოხეთა არმიის წევრებს ეკუთვნოდათ. საძიებო საქმიანობის განხორციელებისას გამოიკვლიეს 75 მეტრი სიგრძისა და 2 მეტრი სიგანის მონაკვეთი, სადაც 14 გვამი იყო განლაგებული, როგორც ქალების, ასევე — მამაკაცების.
იმ ფაქტს, რომ აღნიშნული გვამები უკრაინულ მეამბოხეთა არმიის მეომრებისაა, ადასტურებს ზემოხსენებული არმიის უნიფორმები, ღილები, დანები, ჯვარი და იმ პერიოდის სხვა ატრიბუტიკა, ასევე უხუცესთა მოგონებები.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ორ მეომარს ტყვიით ჰქონდა გახვრეტილი მენჯის ძვალი. ნატყვიარების არსებობა ასევე დაადასტურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, რომელიც სტუმრობდა სამარხს.
ნეშტები აღმოჩენილია ისტორიულ ადგილას - პირველი მსოფლიო ომის სანგარში. უხუცესთა და თვითმხილველთა რწმუნებით, იქ საიდუმლოდ დამარხეს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლნი - ახალგაზრდა ყმაწვილები, რომელნიც უკრაინის იატაკქვეშა განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობდნენ. უკრაინელ მეამბოხეთა არმიის მეომრები ან ბრძოლაში დაიღუპნენ და საიდუმლოდ დამარხეს, ან დახვრიტეს, ან კი შინსახკომის წევრებმა აწამეს უკრაინული არმის ტოტალიტარულ რეჟიმთან დაპირისპირების აქტიურ ფაზაში.
აღმოჩენილი სამარხის ადგილას იგეგმება სამახსოვრო ჯვრის აღმართვა უკრაინის დამოუკიდებლობისათვის შეწირულების უკვდავსაყოფად.
ლვოვი - 2018, „ციხე №25“
„ციხე №25“ ფუნქციონირებდა ლვოვში 1944-დან 1955 წლებში. მისი ძირითადი დანიშნულება იყო ტუსაღების შეკრება და „ეტაპებით“ გადაადგილება გულაგის შრომა-გასწორებით ბანაკებში. ლვოვის ციხეში შეკრიბეს სასჯელმისჯილი ტუსაღები დასავლეთ უკრაინის სხვადასხვა ციხეებიდან, სადაც ისინი ელოდნენ თავის „ეტაპს“, ერთი კვირიდან შესაძლოა ერთ წლამდე პერიოდიც კი.
2018 წლის 16 აპრილის ცენტრის „ხვედრი“ თანამშრომლებმა დაიწყეს საექსჰუმაციო სამუშაოები. პირველივე კვირას აღმოაჩინეს 51 ადამიანის გვამი - 40 ზრდასრული პირის (მამაკაცები და ქალები), 11 კი ბავშვის.
ამავე ორმოში ასევე მოიძიეს ნეშტები, რომლებიც გარკვეული ნიშნებით მიეკუთვნებოდა ბერებს და საინტერესოა, რომ პირველად აღმოაჩინეს მღვდლის გვამიც. აღნიშნული ნეშტის სამღვდელო წოდებისადმი მიკუთვნების ვარაუდის გამოთქმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ გვამთან აღმოჩნდა კათოლიკური ე.წ. „კოლორატკა“ - საყელო - დამზადებული თეთრი პლასტმასისაგან და, აგრეთვე, უშუალოდ ჩონჩხზე მიკრული მუქი ფერის ტანსაცმლის ფრაგმენტი.
მკვლევრებმა მიაგნეს ღილებს, საეკლესიო მედალიონს, პირად ნივთებს - სავარცხელს, მცირე ზომის სარკეს, ასევე 1939 წლამდელ მონეტებს. მათ აგრეთვე აღმოაჩინეს ჩვილების და არდაბადებული ბავშვების გვამები. აღნიშნულის იდენტიფიცირება მოხერხდა ძვლებისა და თავის ქალების ზომების შესწავლის შედეგად, რომლებიც ზოგადად იშლება, მაგრამ მათი კონტურები რჩება.
მკვლევრებს არ აღმოუჩენიათ ადამიანების ნეშტები ძალადობრივი სიკვდილის კვალით, თუმცა, შეხვდათ გვამები თავის ქალის ტრეპანაციის მცდელობებით. სავარაუდოდ, ეს ადამიანები ციხის საავადმყოფოში იყვნენ ჰოსპიტალიზებულნი, სადაც სამედიცინო მანიპულაციები უტარდებოდათ. ნაპოვნ გვამებს შორის იყო საკმაოდ ბევრი ასაკოვანი ქალი - მათ ნეშტებს ან საერთოდ არ ჰქონდათ კბილები, ან მხოლოდ რამდენიმე კბილი ჰქონდათ შერჩენილი, ნაკბილარები კი შეხორცებული იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კბილი ცხოვრებაშივე ჰქონდათ დაკარგული. მრავალი ნეშტი ნაწილობრივ შემოსილი იყო შავი ქსოვილის ნარჩენებში, რაც შესაძლოა, ამტკიცებდეს იმას, რომ ეს მონაზვნების სამოსელი იყოს.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს ადამიანები გარდაიცვალნენ არა ძალადობრივი სიკვდილით, არამედ ციხეში არსებული არაადამიანური მოპყრობის მიზეზებით და აქვე იყვნენ დამარხულნი.
ლვოვში, "ციხე #25“-ის ტერიტორიაზე, დღეს მოქმედებს მუზეუმი „ტერორის ტერიტორია“.
დასკვნის სახით გვინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი რეპრესიების მსხვერპლთა სამარხების ახალი ადგილების ძიებისა და მემორიალიზაციის საკითხის მნიშვნელოვნებას მომავალი თაობებისათვის. როგორც ვნახეთ, ხშირ შემთხვევებში (მაგ: ბოლშევცი ან შუმსკი), ნეშტები აღმოაჩინეს მხოლოდ უხუცესთა გადმოცემებზე დაყრდნობით. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების ორგანოები თავიანთი მსხვერპლებს მარხავდნენ ე.წ "სპეცობიექტებზე". ამ ობიექტებზე ცნობები კი უკრაინაში გასაჯაროებულ უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივებში მწირია. დოკუმენტების უმეტესობა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლოს პერიოდში გაანადგურეს. ერთადერთი, რაც დღეს შეგვიძლია მოვიძიოთ დოკუმენტებში, მხოლოდ ცნობებია, რომ ესა თუ ის გვამი დაიმარხა სპეცობიექტზე №17, მაგრამ სხვა ცნობა ამ ობიექტის შესახებ არ მოიპოვება.
ამიტომაც, ერთის მხრივ, სამწუხაროდ, უკრაინული მწირი სტატისტიკა წელიწადში მხოლოდ 2-3 სამარხის აღმოჩენით, სავარაუდოდ, არ გაიზრდება. ეს ადგილები შემთხვევით თუ აღმოჩნდება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ან მკვლევრების საქმიანობის შედეგად და უხუცესთა მეხსიერებაში თუ წამოტივტივდება.
თუმცა, მეორეს მხრივ, ცალსახად დადებითია ის ფაქტი, რომ ყოველი გასული წლის, ყოველი ახალი ექსპედიციის, ყოველი ახალაღმოჩენილი ნეშტის შემდეგ, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის უდანაშაულო მსხვერპლს მიეგება სათანადო პატივი და ხსოვნა, რათა მათ საბოლოოდ მშვიდად განისვენონ.
საბჭოთა ტერორის სასტიკი სახე არ უნდა მიეცეს დავიწყებას. როგორც სვეტლანა ალექსიევიჩი აღნიშნავს: „თუ ჩვენ არ დავივიწყებთ ომს, დაგროვდება ბევრი სიძულვილი, ხოლო თუ დავივიწყებთ ომს, დაიწყება ახალი“. ეს ფრაზა ტერორსაც შეგვიძლია შევუსაბამოთ. სტალინისტური ეპოქის გადაფასებასა და მისი სისხლიანი რეჟიმის ობიექტურ ანალიზში გვეხმარება სწორედ მსხვერპლთა მასშტაბების შეფასება და არდავიწყება - სწორედ ამ მიზანს ემსახურება მემორიალური კომპლექსებისა თუ ხსოვნისა და პატივისცემის სხვა ნიშნების მიგება უდანაშაულო წინაპრებისათვის.
სტატია გამოქვეყნდა საერთაშორისო კოალიციის - Sites of Conscience და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.