9 მაისი — “ფაშიზმზე”[1] გამარჯვების დღე — პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერების მდგენელს, არამედ რბილი ძალის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. მაშინ, როცა მსოფლიო ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს, ამ მოვლენის საქართველოში 9 მაისს აღნიშვნა რუსეთთან და საბჭოთა კავშირის ყოფილ 12 რესპუბლიკასთან ერთად, ხშირად სცდება მხოლოდ ისტორიულ კონტექსტს და ხდება რუსეთის პოლიტიკური გავლენის იარაღი.
რომელ ქვეყნებში როდის აღნიშნავენ ნაციზმზე და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. წყარო: მითების დეტექტორი
რუსეთის სახელმწიფოებრივი ნარატივი 9 მაისთან მიმართებით დაკავშირებულია „გამარჯვების კულტთან”. ამ სიმბოლიზმს თან ერთვის ისტორიის მიზანმიმართული პოლიტიზება და საბჭოთა წარსულის იდეოლოგიური რომანტიზება. საქართველოს კონტექსტში ეს მოიაზრებს საბჭოთა ოკუპაციისა და რეპრესიების, მსხვერპლის დავიწყებას და პირიქით, საბჭოური ნარატივის – „ერთიან დიდ სამშობლოსთან“, “საერთო სივრცესთან” კავშირის აღდგენის მცდელობას.
შესაბამისად, რუსეთის მიერ რეალური ისტორიის შეცვლა, მისი მიტაცება და ანექსია მხოლოდ პროპაგანდისტული ქმედება კი არა, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც ასუსტებს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს და სოციალურ სფეროში აძლიერებს რუსეთის გავლენას.
ქართული საზოგადოების ნაწილი 9 მაისს ყოველწლიურად აღნიშნავს – თავიანთი სიმბოლიკითა და ატრიბუტიკით. წმ. გიორგის ლენტი ე.წ “კოლორადკა” რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა. “მეომრების გმირობის სიმბოლო” რუსული ექსპანსიონიზმის, მილიტარიზმისა და იმპერიალიზმის სახეა და, შესაბამისად, მრავალ ქვეყანაშია აკრძალული. წმ. გიორგის ლენტი ხშირად ფიქსირდება 9 მაისის ღონისძიებებზე, მათ შორის საქართველოში. განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ ამ ლენტის ტარება ხშირია ისეთ რეგიონებში, სადაც პრორუსული ორგანიზაციები ან დიასპორის ქსელები უფრო აქტიურობენ.
რუსული ნარატივების გასავრცელებლად, ატრიბუტიკასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური გახდა „უკვდავი პოლკის“ (Бессмертный полк) გამოყენება. პოლკის მსვლელობაში ვლადიმერ პუტინიც იღებს მონაწილეობას. 2017 წლიდან ჩვენს ქვეყანაში არსებობს "საქართველოს უკვდავი პოლკი", რომელიც წარმოადგენს რუსეთში მოქმედი ანალოგიური ორგანიზაციის ფილიალს. ოფიციალური ინფორმაციით, ორგანიზაციის მმართველები რევაზ გოგიძე და ანჟელიკა (ლიკა) ზახაროვა არიან. საჯარო რეესტრში ორგანიზაცია რეგისტრირებულია როგორც ა(ა)იპ "პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი", რომლის პარტნიორებად მითითებულნი არიან რევაზ გოგიძე და რუსუდან ჩაკვეტაძე.
წყარო: FB – Бессмертный полк Грузии
"უკვდავი პოლკის" მსვლელობა
"უკვდავი პოლკის" მსვლელობაში მონაწილე ვლადიმერ პუტინი
"უკვდავი პოლკის" პირველი მსვლელობა საქართველოში 2017 წლის 9 მაისს თბილისში გაიმართა. შემდგომ წლებში მსვლელობების გეოგრაფია გაფართოვდა: 2018 წელს - თბილისი, ბათუმი, გორი; 2019 წელს - თბილისი, გორი, ბათუმი, ნინოწმინდა, ახალქალაქი; ასევე 2019 წელს მსვლელობები ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში). საგულისხმოა, რომ გოგიძე და ზახაროვა ასევე წარმოადგენენ სხვა ორგანიზაციების დამფუძნებლებს და ხელმძღვანელებს, კერძოდ: "მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციასა" და "მრავალეროვანი საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესს".
ფოტო: გალის ტელევიზია
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები უარყოფენ პრორუსულ მიდრეკილებებს და გმირების ხსოვნის უკვდავყოფით თავიანთ ღონისძიებას აპოლიტიკურ აქტს უწოდებენ, მათი საქმიანობა აშკარად ატარებს რუსული პროპაგანდის ნიშნებს: იყენებენ საბჭოთა სიმბოლიკას, მათ შორის ნამგალსა და უროს, რომელიც საქართველოში “თავისუფლების ქარტიის” მიხედვით აკრძალულია. ორგანიზაცია ცდილობს სოციალური მედიის დახმარებით რელიგიური შინაარსის პოსტები გაავრცელოს, ულოცავენ მოსახლეობას რელიგიურ დღესასწაულებს და გამოხატავენ საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერას. "უკვდავი პოლკის" საქართველოში შემოსვლა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი, მეორე მსოფლიო ომის ნარატივის საკუთარი ინტერპრეტაციის ქვეშ მოაქციოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიული მეხსიერება. ორგანიზაცია, ფაქტობრივ, წარმოადგენს კრემლის რბილ ძალას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას.
საგულისხმოა, რომ მიუხედავად მეორე მსოფლიო ომში ქართველების მასშტაბური მსხვერპლისა (სხვადასხვა მონაცემებით 70,000-დან 300,000-მდე დაღუპული), "უკვდავი პოლკი" არ ახსენებს ქართველებისთვის ისეთ მტკივნეულ მოვლენებს, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის ომებში მონაწილეობას – ფინეთის ომი, ქერჩის ოპერაცია, სადაც უამრავი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. “დიდი ტერორი” - სადაც მრავალი ქართველი დახვრიტეს, მათ შორის სამხედროები.
აღსანიშნავი, რომ 2020 წელს დიდი ოდენობით გადასახადების დამალვის გამო, რევაზ გოგიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ფოტო: ნეტგაზეთი
მიუხედავად ამისა, “პოლკის” საქმიანობა გრძელდება და 2021 წელს მსვლელობებიც გამართეს.
ფოტო: sputnik-georgia.ru
2022 წელს მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იუწყებოდა, რომ პოლკის ღონისძიებები საქართველოს ყველა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში ჩატარდებოდა. პოლკი აცხადებდა, რომ არავინ დავიწყებულა და სთხოვდა აუდიტორიას პატივი მიეგოთ დაღუპულებისთვის - მემორიალებთან და ძეგლებთან ყვავილების მიტანით.
წყარო: FB – Бессмертный полк Грузии
2023 წლის 8 მაისს გამოქვეყნებული “სპუტნიკის” სტატია გვამცნობს, რომ პოლკის მსვლელობები კვლავ გრძელდება და საქართველოს 11 ქალაქს მოიცავს. მსვლელობის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს “დიდი სამამულო ომის” ძეგლებთან და მემორიალებთან.
ფოტო: sputnik-georgia.ru
(ანალოგიური ფოტო გვხვდება სპუტნიკს 2021 წლის სტატიაში)
2024 წლის 9 მაისის შესახებ ორგანიზაცია “მშვიდობის ფონდი” აღნიშნავდა, რომ მათ მოწოდებას საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლები გამოეხმაურნენ და ყვავილებით პატივი მიეგეს “დიდ სამამულო ომში” დაღუპულთა ხსოვნას. მსვლელობა “საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის” მონაწილეობით ჩატარდა, როგორც აღნიშნავენ “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”, მათ შორის ქალაქებში: ბათუმი, ახალქალაქი, ზესტაფონი, თბილისი, ნინოწმინდა, ახალციხე, ქობულეთი, ქუთაისი. ბოლოს ნათქვამია, რომ მუქარისა და რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, "საქართველოს უკვდავი პოლკის" ღონისძიებები შედგა.
ფოტო: peacefound.ru
ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდი - Бессмертный полк Грузии / საქართველოს უკვდავი პოლკი აქტიურია და მასალებს ინტენსიურად აქვეყნებს. თუმცა, 2025 წლის 9 მაისისთვის, საქართველოში ღონისძიებების ანონსი ამ წლის 6 მაისის მდგომარეობით გვერდზე არ იძებნება.
საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, რუსეთი აქტიურად იყენებს საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა უფასო ენის კურსები და ჰუმანიტარული დახმარება საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში. ასევე, რუსეთი გეგმაზომიერად მუშაობს სპეციფიკურ რეგიონებში, სადაც არსებობს ეკონომიკური სიდუხჭირე და იყენებს მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებების თემატიკას და ყველა ხერხით ცდილობს, დასავლეთი წარმოაჩინოს, როგორც მანკიერი „ლიბერალური“ იდეოლოგიის მქადაგებელი, ხოლო რუსეთი — როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველი. დასავლეთის დისკრედიტაციისთვის პროპაგანდა ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მათ გაიმარჯვეს ჰიტლერზე, რომელიც დასავლეთის კულტურის ნაწილი იყო. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება, ავრცელებენ ნარატივს, რომ ევროპული სივრცე და ევროკავშირი აღვივებს ნაციზმს.
ფოტო: ნეტგაზეთი
რუსული პროპაგანდა 9 მაისის პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენებას დღემდე აქტიურად ცდილობს. 2025 წლის აპრილის ბოლოს 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანმა – მამუკა ფიფიამ რუსი პროპაგანდისტების “ვოვანისა და ლექსუსის” შოუში. მან აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ, “გამარჯვების დღის” 80 წლის თავზე, მიმართა პუტინს მიელოცა და დაეჯილდოვებინა სპეციალური მედლებით მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანები. მანვე აღნიშნა, რომ ეს მედლები უკვე საქართველოშია და დაიწყეს ვეტერანების დაჯილდოება. ფიფიამ “უკვდავი პოლკის” შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ საქართველოში ეს ძალიან უნდათ და ძალიან ბევრი ითხოვს. მანვე დაამატა, რომ საქართველოს ყოველ მესამე ოჯახში არის ვიღაც, ვინც ომში დაიღუპა. ფიფიამ დაადასტურა, რომ 9 მაისს კრემლთან იქნება. პროპაგანდისტები ასევე საუბრობდნენ “საერთო მემკვიდრეობასა და რუსეთის ხალხის მიერ ქართველების სიყვარულზე, რომ ეს რუსული კულტურის მთლიანი შემადგენელი ნაწილია.” შოუში ასევე ისაუბრეს რუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე საქართველოში, ფიფიამ მათი რაოდენობა 5 მილიონით შემოსაზღვრა.[2] შესაბამისად, 9 მაისს რუსული პროპაგანდა საქართველოში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად იყენებს – ცდილობს საბჭოთა კავშირის იდეალიზაციას, საუბრობს “ერთიანი ისტორიული მეხსიერების” შესახებ, აძლიერებს პრორუსულ განწყობებს შესაბამისი სიმბოლოებითა და ემოციებით. ახორციელებს დასავლეთის დისკრედიტაციას, რუსეთი კი წარმოგვიდგება, როგორც “ფაშიზმის დამმარცხებელი”. ყოველივე ზემოაღნიშნული მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე, განსაკუთრებით უფროს თაობაში და ქმნის ყალბ, მითოლოგიზირებულ ეროვნულ იდენტობას, რომელიც მაქსიმალურად ახშობს ადგილობრივ ისტორიულ ნარატივებს.
მამუკა ფიფია “ვოვანისა და ლექსუსის” შოუში
9 მაისისადმი დამოკიდებულება საქართველოში მხოლოდ თარიღის აღნიშვნა აღარ არის. ეს არის ბრძოლა ისტორიული მეხსიერებისთვის, იდენტობისთვის და გეოპოლიტიკური მიმართულებისთვის. რუსეთის მიერ 9 მაისის ინსტრუმენტალიზაცია ცენტრალური რგოლია მის რბილ ძალაში, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მიმართებით. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” შეფასებით, პუტინი ცდილობს 9 მაისის აღლუმი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ იგი ცენტრალურ აზიაზე გავლენას ინარჩუნებს, შესაბამისად, ანალოგიური პრინციპი ვრცელდება სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც.
საქართველო კი დღეს დგას აუცილებელი საჭიროების წინაშე, გააძლიეროს საკუთარი ისტორიული ნარატივები, საზოგადოებას მიაწოდოს ნამდვილ ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკული ცოდნა და თავიდან აირიდოს რუსული კოლონიური მეხსიერების გავლენები.
[1] სინამდვილეში ეს არის არა ფაშიზმზე, არამედ ნაციზმზე გამარჯვების დღე, რომელიც ევროპასა და ამერიკაში (დასავლეთის ქვეყნებში) აღინიშნება 8 მაისს. ევროპის ქვეყნებში 8 მაისს უწოდებენ "ევროპაში გამარჯვების დღეს" VE-Day ან V-E Day. მაშინ, როცა რუსეთი თავისი სატელიტ ქვეყნებთან ერთად 9 მაისს "ფაშიზმზე გამარჯვების დღეს" აღნიშნავს, დასავლეთში 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება.
[2] 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ 1 087 257 შეადგინა, რაც საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობის 23 პროცენტია. ასევე, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნილი ჰქონდა რუსეთის 161 032 მოქალაქეს. ასეთი მონაცემები მიუთითებს რუსეთის მზარდ ეკონომიკურ საქართველოში. 2022 წლის შემდეგ საქართველოშ 30000-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა. https://netgazeti.ge/news/743139/