„ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა ვერ ისწავლეს გაკვეთილი, რაც მათ რუსეთმა ასწავლა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით!” - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განუცხადა 2022 წლის 21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას განიხილავდნენ.
„ყველამ ვიცით, ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ რაც მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაბიჯმა გადაარჩინა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე. ნატოსთვის და ევროპის რიგი ქვეყნებისთვის ეს გაკვეთილი იყო. დღევანდელი დღისგან განსხვავებით 2008-ში არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაქცია. ახლა უკვე ვიცით რა მოხდება, ვიცით ყველა წინადადება სანქციების შესახებ. გვესმის, რომ ზეწოლა იქნება უკიდურესი, მაგრამ ისიც ვიცით, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა. მწარე გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გაგვიჭირდება, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ეს დაძაბულობა ჩაცხრება. სწრაფად არა, მაგრამ დაიღლებიან ამ სიტუაციით დასავლეთში და მოგვთხოვენ მოლაპარაკებებს დავუბრუნდეთ.“ - განაცხადა მედვედევმა.
მანვე დასძინა, რომ დასავლეთის მიზანია გადახედოს მსოფლიოს რუკას, წინ წავიდეს, ჯარით მიადგეს რუსეთის ფედერაციის საზღვრებს და ამ გზით მოსკოვი ჩიხში შეიყვანოს.
მედვედევის თქმით, წარსულის გამოცდილებამ რუსეთს დაანახა, რომ დასავლეთის სანქციებთან გამკლავება ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია: „ჩვენ ვდგავართ რთული დილემის წინაშე, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარებას ეხება. მათ შესაბამისი განცხადებით უკვე მოგვმართეს. ასევე, ჩვენს პარლამენტს მიღებული აქვს მსგავსი რეზოლუცია.“
მან თავის გამოსვლაში გაიხსენა, როგორ განვითარდა ვითარება დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებით 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სცნო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა”. ამავდროულად, აღიარა, რომ 2008 წელთან შედარებით რუსეთისთვის მდგომარეობა გაცილებით რთულია.
„კიევი იყენებს დონბასს, როგორც ვაჭრობის საშუალებას, სინამდვილეში კი ის უკრაინას არ სჭირდება“, - მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
„დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება რუსეთისთვის ერთადერთი გამოსავალი დარჩება, თუ სიტუაცია ნეგატიური სცენარის მიხედვით წარიმართება”, - შეაჯამა დიმიტრი მედვედევმა.
უშიშროების საბჭოს სხდომიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა და სეპარატისტულ რესპუბლიკებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.