მემედ ბეგ აბაშიძე დაიბადა 1873 წელს აჭარაში. დაწყებითი განათლება მიიღო დიდი ილიას მიერ დაარსებულ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სსასწავლებელში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. მუდმივად ბეჭდავდა წერილებს ქართულ საცნობარო გამოცემებში. თავდაუზოგავად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს.
1917 დაბრუნდა ბათუმში. ხელმძღვანელობდა ქართველ მისლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისს და სათავეში ჩაუდგა “სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ ჯგუფს”. 1919-1921 ხელმძღვანელობდა საცნობარო გამოცემა “სამუსლიმანო საქართველოს”.
1917 წელს მემედ აბაშიძემ ჩამოაყალიბა ბათუმის ოლქის ქართველ-მაჰმადიანთა კომიტეტი, რომელმაც შეძლო გაენეიტრალებინა ადგილობრივი პანისლამისტების გავლენა აჭარის საზოგადოებაზე. პრინციპული პოზიციის გამო ამ უკანასკნელთ ვერ შეძლეს აჭარის კვლავ თურქეთისათვის შეერთება. ამ ქართული კუთხის მკვიდრთ ლიდერთან ერთად არ სურდათ ჩამოშორებოდნენ ახლად გამოღვიძებადაწყებულ ქართულ სახელმწიფოს. რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ აჭარაში შექმნილ რთულ სიტუაციას ერთ-ერთი ბათუმელი ისტორიკოსი ასე აფასებს: “აჭარის მოსახლეობას ერთნაირად როდი ესმოდა კუთხის მომავალი. ქართველ-მაჰმადიანთა ერთი ნაწილი ქართული ორიენტაციის ერთგულებდა, მეორე – თურქულ ორიენტაციაზე იდგა, ხოლო მესამე – აჭარის დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეას უჭერდა მხარს. პრობლემას განსაკუთრებით რუსეთის, თურქეთის, ინგლისის და ზოგიერთი სხვა ევროპული სახელმწიფოს განსხვავებული ინტერესი ართულებდა. თურქეთის პოზიციას მხარს უმაგრებდა ამ კუთხეში მყარად ფეხმოკიდებული მაჰმადიანობა. რუსეთის პოზიციებს ამყარებდა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებში და ასევე ქალაქ ტრაპეზონში მდგარი რუსული სამხედრო ნაწილები.
მემედ აბაშიძის ოცნება აჭარის ავტონომიის შესახებ, საბჭოთა რუსეთმა განახორციელა 1921 წლის 16 ივლისის დადგენილებით, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ამ კუთხისათვის თვითმართველობის (”ავტონომია”) მინიჭებინა. საბჭოთა რუსეთი ხელისუფლება მოელოდა, რომ აჭარისათვის სულიერი და სარწმუნოებრივი დამოუკიდებლობის მინიჭებით დააჩქარებდა ამ კუთხის დანარჩენ რუსეთთან მიერთების საქმეს, სინამდვილეში ეს ასე არ მომხდარა. ამიტომაც XX საუკუნის ოცდაათიან წლებში მოსკოვი მზაკვრული მიზნებით ცდილობდა გამოეყენებინა მართლმადიდებელ ქართველებსა და ისლამის მაღიარებელ აჭარაში მცხოვრებ ქართველებს შორის სარწმუნოებრივი განსხვავება. სურდა რა დაესუსტებინა ქართველი ერი, რომელთანაც რუსეთის ხელისუფლებას გამუდმებით წინააღმდეგობები ჰქონდა, იგი ცდილობდა ქართული ერიდან გამოეცალკევებინა აჭარლები, როგორც დამოუკიდებელი ხალხი. ორმოციან წლებში, როდესაც კავკასიიდან მთელი ხალხები გაასახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ისლამის მაღიარებლები იყვნენ და არ სურდათ დამორჩილებოდნენ რუსებს, მოსკოვში დგებოდა გეგმები იმის თაობაზე, რომ გადასახლების გზით გადაეჭრათ აჭარის საკითხი.
მემედ აბაშიძე დააპატიმრეს 1937 წელს. 1937 წლის 17 სექტემბრის სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის (მონაწილეობდნენ მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო) გადაწყვეტილებით სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს სხდომის დღესვე. ნათესავებს ეცნობათ, რომ გარდაიცვალა 1941 წლის 16 მარტს.
რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1958 წლის 22 ივნისის N4н- 012586 განჩინებით. საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.