6 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტისას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ გაღრმავების მემორანდუმს ხელი მოეწერა. ეს ინფორმაცია გააჟღერა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯონ კერის განცხადებით:
„ჩვენ ნამდვილად მაღალ შეფასებას ვაძლევთ დღეს ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს თავდაცვის აღჭურვილობისა და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვის თემებს, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატო-სთან, თავდაცვისუნარიანობას, ეფექტიანობას გაზრდის, დამხმარე იქნება განათლების, პერსონალის ტრეინინგის სფეროებში. ასევე, აქ იგულისხმება საოპერაციო და ტექნიკური პირადი შემადგენლობის გაცვლა. ეს დოკუმენტი მოგვცემს საშუალებას, საუკეთესო პრაქტიკები აღვასრულოთ თავდაცვის სფეროში და შემდგომში მოვემზადოთ ნატო-ს მიმართულებების განხორციელებისთვის. დოკუმენტი გულისხმობს ერთობლივი წვრთნების გამართვას. აქ შესულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრის დაცვის თემები და ასევე, ინფორმაციის გაზიარების პროცესები და სხვა, რომლებიც გაამყარებს უსაფრთხოებას სხვადასხვა მიმართულებით“
მემორანდუმი ასევე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა:
„ეს არის ახალი ტიპის შეთანხმება საქართველოსა და აშშ-ს შორის. საქართველომ დღეს პირველად, 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ხელი მოაწერა შეთანხმებას, ტერიტორიული თავდაცვის სფეროში ამერიკული მხარის დახმარების შესახებ. დღემდე ეს დახმარება იყო საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებული, ნატო-ში გაწევრიანების გეგმებთან მიბმული.“
მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროები:
მემორანდუმი აშშ-საქართველოს პარტნიორობის ახალი ეტაპია და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. მემორანდუმი დაფუძნებულია სამ ძირითად მიმართულებაზე:
1. თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება
-საქართველოს მიერ თავდაცვითი შეიარაღების შეძენის პროცესის მხარდაჭერა, რათა საქართველომ გააუმჯობესოს თავდაცვისუნარიანობა, თავდაცვის მდგრადობა, ისევე როგორც ნატოსთან ფუნქციური თავსებადობა;
-ქართველი სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარება სამხედრო და ტექნიკურ საკითხებში;
-ოპერაციული და ტექნიკური პერსონალის გაცვლა, რათა გაუმჯობესდეს თავდაცვისუნარიანობა და სპეციალურ ოპერაციებში მონაწილეობის ეფექტიანობა;
-მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება;
-კიბერუსაფრთხოების სფეროში ექსპერტთა თანამშრომლობის, გაცვლისა და ორმხრივი წვრთნების საშუალებით საქართველოში კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესება;
2. თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში
-საქართველოს შეიარაღებული ძალების ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ფუნქციური თავსებადობის ხელშეწყობა;
-ნატოს, ევროკავშირის და გაეროს ორმხრივ/საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მონაწილეობის მზადყოფნის გაძლიერება;
-სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრის დაცვის საკითხებში თანამშრომლობა;
3. ინფორმაციის გაცვლა
-საქართველოსა და აშშ-ის შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი ინსტრუმენტების გაძლიერება, რომლებიც შესაძლებელს გახდის ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის გამოწვევების შესახებ ინფორმაციის დროულ გაცვლას;
-საფრთხეების შეფასების ერთობლივი შემუშავება, რაც ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო-ანალიტიკური შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე;
-ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა ინფორმაციის გაცვლა იყოს უსაფრთხო და დაცული;
-რეგიონული საფრთხეების წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება;