“მემორიალი” ნიკოლოზ ბერიანიძეს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს

14 ივლისი 2025 Shadow

საერთაშორისო ისტორიულ-საგანმანათლებლო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქველმოქმედო საზოგადოება „მემორიალი“ (მოგვიანებით - „საერთაშორისო მემორიალი“) — არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1992 წელს შეიქმნა საბჭოთა კავშირში პოლიტიკური რეპრესიების შესწავლის მიზნით. მოგვიანებით, ორგანიზაციის საქმიანობის სფერო გაფართოვდა და მოიცვა ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობა. 2021 წელს, რუსეთის ფედერაციაში დაუსაბუთებელი ლიკვიდაციის შემდეგ, „მემორიალმა“ საქმიანობის ნაწილი უცხოეთში გააგრძელა, მათ შორის აგრძელებს პოლიტპატიმართა მხარდაჭერის პროგრამის, დამოუკიდებელ პროექტს, სახელით - „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი“ (Поддержка политзаключённых. Мемориал). 2022 წელს, “მემორიალს” მშვიდობის დარგში  ნობელის პრემია მიენიჭა.

ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტი „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი“, საერთაშორისო კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რუსეთში გასამართლებულ საქართველოს მოქალაქე, ნიკოლოზ ბერიანიძეს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. მემორიალის შეფასებით, ბერიანიძის სისხლისსამართლებრივი დევნა არღვევს მის უფლებას სამართლიან სასამართლოზე და ჟენევის კონვენციით გათვალისწინებულ, პატიმრებთან მოპყრობის წესებს. ორგანიზაცია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ბერიანიძის მიმართ დევნა და მის მიმართ დაცული იქნას საერთაშორისო სამართლის ნორმები.

ნიკოლოზ ბერიანიძის საქმის არსი

ნიკოლოზ ბერიანიძე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში.

რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ვერსიით, არაუგვიანეს 2016 წლისა, ბერიანიძე ჩავიდა კიევში და შეუერთდა „აზოვის“ დანაყოფს სამხედრო ინსტრუქტორის როლში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბერიანიძე მარიუპოლში იმყოფებოდა. საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 18 მარტს, ნიკოლოზ ბერიანიძემ, თითქოსდა საბრძოლო დაპირისპირებაში მოკლა სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იმყოფებოდნენ“. მას წარუდგინეს ბრალი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფისთვის (რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 317-ე მუხლი) და დაქირავებულ სამხედრო პირად (მეომრად) სამსახურში ყოფნისთვის (ამავე კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

2025 წლის 27 იანვარს რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ“ ბერიანიძე განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში, უვადო თავისუფლების აღკვეთით გაამწესა.

2025 წლის 13 მაისს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ეს განაჩენი და გამოიტანა ახალი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის შინაარსიც ამ ეტაპზე უცნობია.

 

რატომ მიიჩნევს “მემორიალი” ნიკოლოზ ბერიანიძეს პოლიტპატიმრად?

ჟენევის კონვენციების თანახმად, დაქირავებულ სამხედროებად არ მიიჩნევიან ის პირები, რომლებიც ოფიციალურად მსახურობენ შეიარაღებული კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს, შეიარაღებულ ძალებში ან მის დანაყოფებში.

2016 წლიდან ნიკოლოზ ბერიანიძე კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ დანაყოფში, რის გამოც მას დაქირავებულის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს. გარდა ამისა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მისი ანაზღაურება აღემატებოდა სხვა სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას — რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაქირავებულად მისი მიჩნევა უსაფუძვლოა.

ნიკოლოზ ბერიანიძეს არ ედება ბრალი ომის დანაშაულებში. თუ მან მართლაც მოკლა რუსი სამხედროები, ეს მოხდა საბრძოლო დაპირისპირების დროს, როდესაც თავადაც და მოწინააღმდეგეებიც იყვნენ კომბატანტები — რაც მათ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ აქცევდა. ასეთი მოქმედებები დანაშაულად არ შეიძლება ჩაითვალოს.

ფაქტობრივად, ბერიანიძეს დევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთი დევნა დაუშვებელია, ხოლო ომის დროს დაკავებული კომბატანტები ითვლებიან სამხედრო ტყვეებად.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რუსეთის შეჭრა უკრაინაში შეიარაღებულ აგრესიად აღიარა. საერთაშორისო სამართლის თანახმად, რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ უკანონოა და წარმოადგენს დანაშაულს, ხოლო უკრაინის არმიის მოქმედებები თავდაცვის ფარგლებში — კანონიერია და საფუძვლიანი.

 

საქართველოს მოქალაქეს[1] უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საერთაშორისოდ არაღიარებულმა[2]  ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ”. მიუხედავად ამ ფაქტისა, საქართველოს საგარეო უწყებას ნიკოლოზ ბერიანიძის შესახებ არ გაუვრცელებია საჯარო განცხადება. 2025 წლის 27 იანვარს, საგარეო უწყებას რადიო “თავისუფლებამ” აღნიშნულის შესახებ მიმართა, თუმცა, უწყების პასუხი მათ კითხვაზე ამ დრომდე უცნობია.

 

[1] რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ტელეგრამ არხის თანახმად, ნიკოლოზ ბერიანიძე საქართველოს მოქალაქეა.

[2] ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” აღიარებულია მხოლოდ რუსეთის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის მიერ.