საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მეოთხე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2015 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.
ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. ასევე, ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
მავთულხლართების გაბმა
საქართველოს, აფხაზეთისა ცხინვალის რეგიონისგან ყოფს საოკუპაციო ხაზი, რომელიც მიუყვება ამ ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებს. 2009 წელს, რუსეთის ფედერაციული უშიშროების სამსახურის ოფიცრებისთვის საოკუპაციო ხაზის კონტროლის გადაცემამ, კიდევ უფრო დაამძიმა ადმინისტრაციულ საზღვარებთან და მის მიღმა მცხოვრები ეთნიკურად ქართველების მდგომარეობა. რუსეთი ზღუდავს ქართველების თავისუფლად გადაადგილების უფლებას, არ აძლევს უფლებას საქართველოს მოქალაქეებს გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადის ხილნარზე, საძოვრებზე და სახნავ-სათეს მიწებზე. 2013 წლიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება, რაც დამატებითი ხელოვნური ბარიერია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამჟამად, მავთულხლართების სიგრძე შეადგენს 51 კმ-ს ცხინვალის რეგიონში, ხოლო აფხაზეთში - 12 კმ-ს.
პასპორტიზაცია
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული მეოთხე ყოველკვარტალური ანგარიში ყურადღებას უთმობს და აანალიზებს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. „პასპორტიზაციის“ ახალ პროცესს და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე ახალი რეგულაციების დაწესების თემასაც.
ე.წ. „პასპორტიზაციის“ ახალი ტალღა, რომელიც 2015 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აფხაზეთში დაიწყო, 250 ათას ე.წ. „პასპორტის“ და 50 ათას ე.წ. „ბინადრობის ნებართვის“ დაბეჭდვასა და შემდგომ მის ადგილზე გაცემას გულისხმობს, არაუგვიანეს 2016 წლის თებერვლისა. „პასპორტიზაციის“ უკანონო ტალღასთან პირდაპირ კავშირშია 2016 წლის 1 თებერვალს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ე.წ. კანონის მიღება. მიმდინარე წლის 23 იანვარს ასეთივე დოკუმენტი მიიღო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმაც. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეგულაციების მიღების იდეა ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში გაჟღერდა, როდესაც სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა შეაფასა - როგორც საგანგაშო და ადგილობრივ რეალობასთან მათი ადაპტაციის მიზნით საჭიროდ მიიჩნია „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი რეგულაციების შემუშავება.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მეოთხე კვარტალური ანგარიშში ნათქვამია, რომ მიღებული ე.წ. კანონების სამიზნეს მეტწილად ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა წარმოადგენს. აღნიშნული რეგულაციები კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ისედაც რთულ მდგომარეობას: შეიქმნება ახალი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, კერძო საკუთრებით სარგებლობასა და მუშაობის უფლებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე კვარტალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს საფრთხე ე.წ. კანონი გამოყენებული იქნას ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის განსახორციელებლად. საგულისხმოა, რომ პარალელურად აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო ე.წ. კანონი აფხაზეთში შესვლისა და გასვლის წესის შესახებ, რომლის ამოქმედებაც დამატებით ბარიერებს შეუქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის რეგიონს.
შობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება
ამასთანავე, მეოთხე ყოველკვარტალურ ანგარიში, ყურადღებაა გამახვილებული გალის რაიონში მიმდინარე პროცესებზე. გალის რაიონში 31 სკოლაა, სადაც 2014-2015 წლის დასასრულს ირიცხებოდა 4,459 მოსწავლე. მოსწავლეთაგან ეთნიკურად ქართველია- 4,351 (მოსწავლეთა 97,57%). ასევე, სკოლებში დასაქმებულია 918 თანამშრომელი (91,78% ეთნიკურად ქართველი). 2014-2015 სასწავლო წლამდე, 31 სკოლიდან 11-ს ჰქონდა ქართული სკოლის სტატუსი, შესაბამისად ამ სკოლებში საგნები ისწავლებოდა ქართულ ენაზე. 2015-2016 სასწავლო წლის სექტემბრიდან, ამ სკოლების სასწავლო პროგრამაში ცვლილებები შევიდა და ყველა საგანი პირველ ოთხ კლასში ისწავლება რუსულ ენაზე. ანგარიშის თანახმად, თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდება 6 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, გალის რაიონის ყველა სკოლაში სწავლების ენა და სასწავლო პროგრამა სრულიად რუსულ ენაზე იქნება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.
აღნიშნულ ანგარიშს უკვე გამოეხმაურნენ აფხაზეთში. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საექსპერტო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ხინთბას განცხადებით, ანგარიში არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ხასიათისაა. sputnik-abkhazia-სთან საუბრისას, მან კანონს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ არაკანონიერი უწოდა.
კვლევის სრული ვერსია იხილეთ მოცემულ ბმულზე.