საზოგადო მოღვაწე, საქარველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში დაიბადა, 1946 წელს სწავლა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო, სადაც მისი საუკეთესო მეგობარი და თანამოაზრე - ზვიად გამსახურდია გაიცნო.ეროვნული სულისკვეთებით გაერთიანებულებმა გადაწყვიტეს სამშობლოს თავისუფლებისთვის ებრძოლათ. მათ ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა კონსტანტინე გამსახურდიამ მოახდინა.
მერაბ კოსტავა რედაქტორობდა ჟურნალს- „ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში“ . ასევე, იგი იყო 1956 წელს გააქტიურებული ანტი-საბჭოთა მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. მოძრაობამ თბილისის ქუჩებში, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გამოაქვეყნა: “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”. 1972 წელს მერაბ კოსტავამ ზვიად გამსახურდიასთან ერთად საქართველოში „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი“ ჩამოაყალიბა. ამის პარალელურად, მათ წინააღმდეგ რეპრესიები არ წყდებოდა. 1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის დააპატიმრეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა თუ დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო. იგი 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგოც” შეარქვა . 1989 წლის 9 აპრილს მერაბ კოსტავა კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად საბაბი მიტინგის ორგანიზება იყო.
9–აპრილს დატრიალებული ტრაგედიის გამო დანაღვლიანებული და ამავდროულად, გაკვირვებული იყო. ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, ის პასუხობდა: “მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო”.
თუმცა, სურვილის ასრულება ვერ მოასწრო. 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ეროვნული ლიდერის დაღუპვის ამბავმა თბილისამდე ძალიან სწრაფად ჩამოაღწია და მთელ საქართველოს მოედო. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია – ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
1993 წელს, ზუგდიდში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ, მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.2007 წელს კი - მერაბ კოსტავას საზოგადოების ინიციატივითა და დაფინანსებით, ქუთაისში მისი ძეგლი გაიხსნა.
მერაბ კოსტავა საზოგადოებრივი მოღვაწეობის გარდა, წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს, რისთვისაც მინიჭებული აქვს დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის პრემიები.