მერაბ კოსტავას პირველი დაპატიმრება ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის

1 ივნისი 2016 Shadow

1956 წელს, ჯერ კიდევ 10 კლასის სკოლის მოსწავლე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიასთან და სხვა თავის თანამოაზრეებთან ერთად პირველად დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის.

მათ 1956 წელს  პროკლამაციები დაბეჭდეს დაახლოებით შემდეგი შინაარსით: „ქართველებო, სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენი საკუთარი თავს გარდა, ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!“- “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”. განცხადებები თბილისის ქუჩებში გამოაკრეს.

ეს მე-10 კლასის მოსწავლეები გმობდნენ 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, საბჭოთა კავშირის მიერ სხვა ერებისათვის თავსმოხვეულ, ძალადობრივ პოლიტიკას, ასევე უნგრეთში წითელი ჯარის ინტერვენციასა და იქ სახალხო, ანტისაბჭოთა გამოსვლების დარბევას.

15 დეკემბერს  დისიდენტური საქმიანობისთვის საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა მე-10 კლასის მოსწავლეები დააპატიმრა.

1_4

2_1

მერაბ კოსტავა აღიარებდა დანაშაულს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში“ არსებულ ოქმებში ვკითხულობთ, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი ამ ამბავს.

კოსტავა ყვება, რომ ჯერ კიდევ 1953 ის და გამსახურდია ხშირად ლაპარაკობდნენ, რომ არ მოსწონდათ ქვეყანაში არსებული საბჭოთა მმართველობა. თვლიდნენ, რომ ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა აუცილებელი იყო განვითარებისათვის და 1956 წლის 9 მარტი არ მოხდებოდა, საქართველო დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო.  მისი თქმით, სწორედ ამ დროს გაუჩნდა მას პროტესტის გრძნობა და მან და გამსახურდიამ გადაწყვიტეს არაოფიციალური საიდუმლო ჯგუფი- „გორგასლიანი“- შეექმნათ, რომლის წევრებიც, მათ მსგავსად, ანტისაბჭოურ და ეროვნულ შეხედულებას იზიარებდნენ.

სასამართლოს ჩანაწერებში ვკითხულობთ:

 „1956 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ზემოთ აღნიშნულ პირთა მიმართ, იმის გამო, რომ ისინი შედიოდნენ ახალგაზრდების არალეგალურ ანტისაბჭოთა ჯგუფში. დაამზადეს ფურცლები ანტისაბჭოთა შინაარსის და გაავრცელეს ქ. თბილისში, 1956 წლის 1 დეკემბერს, ღამით.

სასამართლოში დაკითხულებმა: ზ. გამსახურდიამ, ა. მიქაძემ, თ. გუნჯუამ და ვ. სიხარულიძემ აჩვენეს, რომ 1953 წელს ადგილი ჰქონდა ურთიერთშორის აზრთა გაცვლა-გამოცვლას და მსჯელობას სხვადასხვა საკითხზე, რის შედეგადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შეექმნათ არალეგალური ჯგუფი და გაეწიათ ბრძოლა იმ ღონისძიებათა წინააღმდეგ, რომელსაც ისინი არ ეთანხმებოდნენ. მიუხედავად ამისა, იმ დროისათვის მათ პრაქტიკულად არალეგალური მოღვაწეობა არ განუხორციელებიათ და დაკმაყოფილდნენ ამ საკითხზე მსჯელობით, არალეგალური ჯგუფი არ შეუქმნიათ.

საქმის მასალებიდან ჩანს, რომ 1956 წლის 5-9 მარტის მასიური მღელვარების და უწესრიგობის შემდეგ, სამართალში მიცემულმა ზ. გამსახურდიამ ხელახლა დააყენა საკითხი ზემოთ დასახელებულ პირთა წინაშე არალეგალური ანტისაბჭოთა მუშაობის წარმოების შესახებ და მიზნად დაისახეს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს შექმნა.

აღნიშნულმა არალეგალურმა ჯგუფმა, რომელიც ჩამოყალიბდა ზ. გამსახურდიას ინიციატივით, პირველი შეკრება ჩაატარა 1956 წლის ივლისის თვეში, ზ. გამსახურდიას ბინაზე.

დასახელებული არალეგალური ჯგუფი ახორციელებდა რა თავის დასახულ ამოცანებს, ჯგუფის წევრთა შეგროვებული თანხით, სამართალში მიცემული ზ. გამსახურდიას მიერ შეძენილ იქნა საბეჭდი მანქანა ქართული შრიფტით.

ამ ჯგუფის უკანასკნელ შეკრებამდე, 1956 წლის ნოემბრის ბოლო რიცხვებში განხილული იქნა საკითხი იმის შესახებ, რომ გ. სხირტლაძის ბინაზე დაიბეჭდოს ფურცლები ანტისაბჭოთა შინაარსის და გავრცელებულ-გაკრული იქნას ქ. თბილისში, რუსთაველის და პლეხანოვის ქუჩების რაიონში.

დასახელებული ფურცლების დაბეჭდვის შემდეგ, სამართალში მიცემულნი: გამსახურდია, მიქაძე, გუნჯუა, სიხარულიძე, კოსტავა, ცერცვაძე, მეტრეველი და დოჩანაშვილი, წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, შეხვდნენ ერთმანეთს 1956 წლის 1 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, ქ. თბილისის სახელმწიფო ოპერის შენობასთან, იმ მიზნით, რომ დაბეჭდილი 7 ცალი ანტისაბჭოთა ხასიათის ფურცლები გაევრცელებინათ და გაეკრათ.

სამართალში მიცემულებმა, როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლოში, თავი ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.“ 

3

4_1

5_1

„გორგასლიანების“ დაჭერის ფაქტს მეორე დღესვე გამოეხმაურა გაზეთი „კომუნისტი“. „ისინი სახელს უტეხენ ჩვენს საუცხოო ახალგაზრდობას, გვევლინებიან მუწუკებად ჯანსაღ სხეულზე, მუწუკს ამოწრა უნდა“ -ნათქვამია სტატიაში.

სასამართლოს საჯარო სხდომა 1957 წლის სამი აპრილიდან ხუთ აპრილამდე გაიმართა. ბრალდებულებს სასამართლომ ასეთი განაჩენი გამოუტანა: ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ზვიად გამსახურდიას, ოთხ-ოთხი წელი შეუფარდეს: მერაბ კოსტავას, ანატოლი მიქაძეს, ვლადიმერ სიხარულიძეს. სამ-სამი წელი მისცეს: თემურ მეტრეველს, თამაზ გუნჯუას, თეიმურაზ ცერცვაძეს, გურამ სხირტლაძეს და გურამ დოჩანაშვილს.

თუმცა, როგორც არასრულწლოვანები, ექვსი თვის შემდეგ, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.