წყარო: mastsavlebeli.ge
25 ნოემბერი ქართველი ფილოსოფოსის, მეცნიერებათა დოქტორის მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების დღეა. ის 1930 წლის 15 სექტემბერს გორში დაიბადა. ფილოსოფიის ფაკულტეტზე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.ასწავლიდა როგორც მოსკოვის, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
მამარდაშვილის ძირითადი ნაშრომები რუსულ ენაზეა შექმნილი, ხოლო მისი სტატიების ნაწილი ევროპულ ენებზეა გამოცემული. აქედან გამომდინარე, მამარდაშვილის შემოქმედებას ამერიკასა და ევროპაში უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე სამშობლოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მერაბ მამარდაშვილს ქართველი სოკრატე უწოდეს.
რუსეთში მისი აქტიური მოღვაწეობის გამო. მას ხშირად პრორუსულ მოაზროვნედ მიიჩნევდნენ. ამაზე კი ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი პასუხი ჰქონდა „მე დიდხანს ვცხოვრობდი რუსეთში და ბევრს ვწერ როგორც რუსულად, ისე ქართულად, მაგრამ ჩემში ანტირუსული საწყისი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს ანტი რუს პოლიტიკოსებში“ .
მამარდაშვილი მიიჩნევდა, რომ საქართველოს ერთმორწმუნე მტერმა გაცილებით მეტი ზარალი მიაყენა, ვიდრე მრავალსაუკუნოვანმა მუსლიმურმა შემოტევებმა.
„ქართულმა ხასიათმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა, ეს დაიკარგა უკვე რუსეთთან ურთიერთობაში XIX საუკუნეში, დაიკარგა ჩვენი ეკლესიის და რელიგიის დონეზე. იმდენი ჩვენ არ გვავნო მაჰმადიანობამ, ან მუსულმანურმა სამყარომ, არაბებმა ან მონღოლებმა, ან სპარსელებმა, ან თურქებმა, რომლებიც ყოველთვის გვემტერებოდნენ, განსაკუთრებით ემტერებოდნენ ჩვენ რწმენას– რელიგიას, რამდენადაც ჩვენ გვავნო “ნათესაობრივმა” კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან, რომელიც გვეჩვენებოდა მონათესავე. უფრო მყარი, უფრო მტკიცე იყო ჩვენი რწმენა, როცა ჩვენ ვანსხვავებდით ჩვენ თავს განსხვავებულ მაჰმადიანისგან ან სხვა რწმენის სახელმწიფოსაგან, რომელიც შემოიჭრებოდა ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში.“
თავის ბოლო ინტერვიუში სოციალიზმსა და მის ნაკლოვანებებზე საუბრობდა: „დემოკრატია - შრომის თავისუფლებაა და არა შრომის აუცილებლობა, როგორც სოციალისტურ და კომუნისტურ უტოპიებშია ფორმულირებული. ამიტომ აქ (საბჭოთა კავშირში) შრომის ადგილი არ არის. სოციალიზმმა ის, როგორც ფენომენი, მოსპო, შემოქმედების შედეგის დონეზე გაანადგურა. შეხედეთ ეზოს, სადაც უაზროდ მოძრაობს მანქანა. იგი მუდმივად ერთი და იგივე ოპერაციას აკეთებს. ამტვრევენ ასფალტს, რაღაც სამუშაოს ასრულებენ, ისევ ასფალტს აგებენ, ორი თვის შემდეგ ისევ ამტვრევენ. ეს ნგრევა აისახება ან შედეგზე ან შრომის ნაყოფიერებაზე, მუშაობის სურვილზე, შრომის დისციპლინაზე. ბოლოს კი მოდის სიღატაკე. შრომის განადგურება სოციალიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია. სოციალიზმი შრომის მტერია. სოციალიზმი სიღარიბეა, რადგან მხოლოდ შრომას მოაქვს სიმდიდრე. შრომა განადგურებულია, ამიტომ ვართ ღარიბები. თუ არსებობს სურვილი, რომ ამ სავალალო მდგომარეობიდან გამოვიდეთ, არა აგიტაციის მეშვეობით, არამედ თავისუფალი შრომის აღდგენის გზით... თავისუფალი შრომა - ეს არის სამოქალაქო საზოგადოება.“
“საქართველოში დემოკრატიული აზროვნების შესახებ კი ამბობდა: „დემოკრატიის მთავარი არსი "რესპუბლიკური აზროვნებაა, რაც ჩვენ ეს არ გაგვაჩნია. პარტიები თავისი უფლებებისთვის ზრუნავენ, რაც დემოკრატიის პირველი ნაბიჯი სულაც არ გახლავთ. პოლიტიკური დემოკრატია შეუძლებელია საზოგადოებრივი სივრცესთან დამოკიდებულების გარეშე, რასაც res publica ანუ რესპუბლიკური ურთიერთობა ჰქვია.“
დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის პროცესში მამარდაშვილი უმნიშვნელოვანესად თვლიდა, რომ საქართველო შემთხვევითობაზე აღარ ყოფილიყო დამოკიდებული, განსაკუთრებით კი- რუსების გადაწყვეტილებებზე. „მთავარია, მათ გადაწყვეტილებაზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. მათ უფლება აქვთ, საკუთარი ბედი ისე გადაწყვიტონ, როგორც სურთ, ისევ - უარყოფითად და მარცხი განიცადონ ამ გზაზე. ჩვენი საკუთარი გზა უნდა ვიპოვოთ. აუცილებელი წინაპირობაა გზების ფიზიკური და შინაარსობრივი გაყოფა. გვეყოფა ერთად ტანჯვა და ნეხვში ერთად ცხოვრება.“