საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მესამე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.
ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა ადამიანის უფლებების ისეთი უხეში დარღვევები, როგორიცაა ადამიანების წამება და არასათანადოდ მოპყრობა, უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
ადამიანების წამება და არასათანადოდ მოპყრობა
ანგარიშის პერიოდის- 2016 წლის ივლისი-სექტემბრის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩებოდა ადამიანების წამება და არასათანადო მოპყრობა. ევროპის საბჭოს მიხედვით, აფხაზეთის რეგიონში „ბორდერიზაციის“ მიზეზით ისევ ხშირია დაპატიმრებები და დაკავებული ადამიანების მიმართ სასტიკი მოპყრობა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, საშუალოდ, არასათანადოდ მოპყრობის 30 შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღიურად, თუმცა, რადგანაც უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია შეიძლება საერთოდაც არ მივიდეს ქართულ მხარემდე, სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი უფრო მაღალია. ევროპის საბჭოს ცნობებზე დაყრდნობით, მსგავსი სიტუაციაა ცხინვალის რეგიონშიც.
სიტუაციის ილუსტრაციისთვის, მესამე კვარტალურ ანგარიშში ასეთი ორი შემთხვევაა მოყვანილი. პირველი, რომელიც 2016 წლის 26 ივლისს, გორის რაიონის სოფელ კირბალში, ცხინვალთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან მოხდა, როდესაც რუსი ოფიცრები ადგილობრივ მაცხოვრებელს უკანონო დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდგომში კი, დაშავებული პირის გორის საავადმყოფოში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანა გახდა საჭირო.
მეორე შემთხვევა 2016 წლის 5 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ ქვეშში მოხდა, როდესაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებული პირის ცხინვალის ციხიდან გამოშვების შემდეგ, პირს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. ამ შემთხვევაშიც მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო აუცილებელი. დაზარალებულის თქმით, დაკავებისას ის საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც ექვსმა შეიარაღებულმა პირმა გაურკვეველი მიზეზით ცხინვალში, საიზოლაციო რეჟიმში გადაიყვანა.
უკანონო დაკავებები
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ისევ პრობლემად რჩება მოქალაქეთა დაკავებები ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით.
ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი დაკავებები ხშირად მაშინ ხდება, როცა მოქალაქეები დაკრძალვებს ან რელიგიურ რიტუალებს ესწრებიან. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, 2016 წლის დასაწყისიდან სექტემბრის შუა პერიოდამდე, 109 ადამიანი არის დაკავებული ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით. უმეტეს შემთხვევებში, ქართველი მოქალაქეების განთავისუფლება ქართული მხრიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ ხდება მხოლოდ. ასევე, რიგ შემთხვევებში დაკავებულ პირებს ამ ბრალდების გარდა, 2008 წლის ომის პერიოდში ჩადენილ დანაშაულს მიაწერენ ხოლმე. მაგალითად, 2016 წლის 8 ივნისს ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს, 2 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 2008 წლის ომის დროს, ცხინვალის რეგიონის გაურკვეველი მაცხოვრებლის ჯანმრთელობის განზრახ ხელყოფის ბრალდება წაუყენეს. აღსანიშნი ფაქტია, რომ გიუნაშვილი ანგარიშის მომზადების პერიოდში უკანონო პატიმრად რჩებოდა.
ანგარიშში საილუსტრაციოდ მოყვანილია რამდენიმე სხვა შემთხვევაც. მაგალითად, 2016 წლის 13 აგვისტოს, სოფელ რუხში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და გალში გადაიყვანეს. მათ არ გადაუკვეთავთ საოკუპაციო ხაზი, დაკავების დროს ისინი მხოლოდ მდინარეში ცურავდნენ. 2016 წლის 4 სექტემბერს კი, სოფელ ზარდიანთკარში ადგილობრივი მაცხოვრებელი მაშინ დააკავეს, როდესაც დაკრძალვაზე დასასწრებად მიდიოდა სოფელ ხელჩუაშში. სექტემბერშივე, საქონლის გადარეკვისას დააკავეს საქართველოს კიდე ერთი მოქალაქე.
თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა
ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა ანგარიშში განხილული კიდევ ერთი პრობლემაა. ევროპის საბჭოს მიხედვით, აფხაზეთის რეგიონში, 2016 წლის მაისის შემდეგ, ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიკეტა, ამჟამად 4 ფუნქციონირებს, თუმცა, როგორც ხაჯიმბამ აღნიშნა, მხოლოდ ერთი -ენგურის ხიდთან არსებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დარჩება უახლოეს მომავალში. ქართულ მოსახლეობას აღნიშნული ცვლილები კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას. „ როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ, როცა ნორმალურად გადაადგილებასაც ვერ ვახერხებთ? საიდან მოვიტანოთ საჭმელი პროდუქტი?“- მათი ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება.
ასევე, პრობლემებს ქმნის „კანონი აფხაზეთში შესვლისა და გამოსვლის თაობაზე”, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას ისახავს მიზნად, რადგანაც ისინი უცხოელი მოქალეების სახელით არიან მოხსენიებულნი.
საკუთრების უფლების ხელყოფა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების ხელყოფაც სისტემატური პრობლემაა, რასაც ევროპის საბჭო და ეუთოც ეხმიანებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ მესამე კვარტალურ ანგარიშში საკუთრების უფლების ხელყოფის თვალსაჩინო მაგალითად 2016 წლის 23 აგვისტოს სიტუაციაა მოყვანილი, როდესაც ცხინვალის რეგიონში, სოფელ სობისში ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე შუაღამით რუსი ოფიცრები შეიჭრნენ ტრაქტორებით და მოსავალი აიღეს. მოგვიანებით კი, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემდეგ, მას საკუთარ მიწის ნაკვეთზე შესვლაც აუკრძალეს.
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა
ერთ-ერთ მთავარ და გრძელვადიან პერიოდში სახიფათო საკითხად მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა რჩება. როგორც ანგარიშში აღნიშნულია, გალის ტერიტორიაზე 31 სკოლაა, საიდანაც 2014-2015 სასწავლო წლამდე 11 სკოლას ქართული სკოლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. თუმცა, 2015-2016 სასწავლო წლის შემდეგ, მათ სტატუსი შეეცვალათ და ამჟამად, დაწყებით კლასებში ყველა საგანი რუსულად ისწავლება. მსგავსი პოლიტიკა, თუ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება, გამოიწვევს ქართული ენის გაქრობას, რადგანაც ახალ თაობას აღარ ეცოდინება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.