წყარო: პირველი რადიო
ვერც ქართული სოფელი დადგება ფეხზე , ვერც ქართველი გლეხი გაიმართება მხარში და ვერც ტერიტორიებზე ვიოცნებებთ-რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე-ამის შესახებ განცხადებას, "ევრაზიის ინსტიტუტის" ერთ-ერთი წევრი ირაკლი ყიფიანი აკეთებს. ყიფიანი "პირველ რადიოსთან" ორგანიზაციის გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ათ წლიანი პაუზის შემდეგ მეტი თავისუფლებაა, მოსახლეობა გახარებულია იმით, რომ ქვეყანაში შემოდიან რუსი ტურისტები, რომლებიც არიან მხოლოდ მეგობრები.
კითხვაზე თუ ვინ აფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში რუსეთის აქტიურ პროპაგანდას ეწევა და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ე.წ. "გეორგიევსკის ლენტებსაც არიგებს-ყიფიანი აცხადებს, რომ ორგანიზაციას საქართველოში მოქმედი ბიზნესმენები აფინანსებენ. მისი თქმით, რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს "ევრაზიის ინსტიტუტთან" შეხება არ აქვთ.
"მეტი გეორგიევსკის ლენტა საქართველოში"-ეს არაერთხელ მითქვამს და ახალაც ვამბობ. დღეს უფრო გახარებულია ხალხი. ძალიან სასიხარულოა, რადგან კარგია, როდესაც ათწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ისევ რუსი ტურისტი საქართველოში, რომელიც არის გადახდისუნარიანი, რომელსაც სახეზე ღიმილის მეტი არაფერი არ აწერია და რეალურად არის ჩვენი მეგობარი და ეს ყველასთვის სასიხარულოა. მე ვარ აქტიური მოქალაქე და, რა თქმა უნდა, როგორც ვაქტიურობდი აქამდე ჩემს ორგანიზაციასთან ერთად ისე ვიაქტიურებ. ყველაფერი თანმიმდევრულად გაკეთდება, როგორც გვითქვამს აქამდეც. ჩვენს აქტივობებს აფინანსებენ ბიზნესმენები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში. გააჩნია ღონისძიებას, ჩვენ გვაფინანსებენ საქართველოზე შეყვარებული ადამიანები, რომლებსაც თავისი ორი კაპიკი გააჩნიათ, მათ შორის მეც. დამფინანსებლებში ხუბუტიან ან ვიმე სხვა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი არ არის, ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს ამ ადამიანებთან. მე ისე როგორც ძალიან ბევრი ქართველი პოლიტიკოსი, არ ვარ ჯურღმულიდან მოსული პიროვნება, ჩემს ოჯახსაც აქვს თავისი ბიზნესები და მეც, რა თქმა უნდა, ჩემს ფულსაც ისევ ვდებ ამ ყველაფერში, რომ ჩემი იდეისთვის არც ძალისხმევას ვიშურებ და არც პირად სახსრებს. ჩემი იდეა ემსახურება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგებას, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, საქართველოს არ ეშველება არასდროს არაფერი და მთავარი პრობლემები რაც გვაქვს-ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური პრობლემები და ჩამოშლილი სოფლის მეურნეობა-ეს ყველაფერი ვერ აღდგება და ვერც ქართველი გლეხი გაიმართება მხარში, ვერც ქართული სოფელი დადგება ფეხზე და ვერც ტერიტორიებზე ვიოცნებებთ ვერასდროს, თუ იგივე რიტორიკით გავაგრძელებთ წინსვლას. რუსეთთან ურთიერთობებისა და რუსეთის გარეშე ეს შეუძლებელია,"-განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.