1905 წელს ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა წამოჭრეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რამაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გაგრძელდა 1906 წელსაც. რუსეთის უმაღლესი სინოდი იძულებული გახდა, საქართველოს ეკლესიის საკითხი რუსეთის საეკლესიო კრებაზე გაეტანა. კრებაზე საკითხი უარყოფითად გადაწყდა.
სწორედ ამ მეტად რთულ ვითარებაში მოუწია ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის სასულიერო მოღვაწეობა.
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მისი წინაპრები სასულიერო პირნი ყოფილან და მომავალი მიტროპოლიტი სიყრმიდანვე სარწმუნოებრივ-საეკლესიო გარემოში იზრდებოდა.
პირად ცხოვრებაში დატრიალებული უბედურების შემდეგ (ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ - ორივე ასული), 1904 წელს იგი ბერად აღიკვეცა. 1911 წლის 1 დეკემბერს კი არქიმანდრიტი ნაზარი ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აყვანილი და ქუთათელ მიტროპოლიტად დადგინდა.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქართველებმა ისევ დასვეს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი და 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 16 მარტს თბილისში შემდგარმა სასულიერო მოღვაწეთა კრებამ კი დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ყველა ამ მოვლენის ცენტრში ტრიალებდა მიტროპოლიტი ნაზარი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი რეპრესიების ახალი წლებით შეიცვალა. ახალმა რეჟიმმა ახალი წესები მოიტანა. 1921 წელს მიწაზე კერძო საკუთრება გაუქმდა და ეკლესია-მონასტრებს თავიანთი კუთვნილი მიწები ჩამოერთვათ. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მიტროპოლიტი ნაზარის ეპარქიაში შემავალი გელათის მონასტერიც. საუკუნეებგამოვლილმა მონასტერმა, რომელიც „ახალ ათონად და მეორე იერუსალიმად“ იწოდებოდა, 1923 წლის გაზაფხულზე არსებობა შეწყვიტა.
1922-23 წლები უმძიმესი პერიოდი იყო საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ბოლშევიკური მთავრობის ინიციატივით დაინგრა ათას ორასი ეკლესია, განადგურდა საეკლესიო განძეულობა, დაიწვა უამრავი უნიკალური ხელნაწერი, რეპრესირებულ იქნა მრავალი სასულიერო პირი და ეროვნული იდეოლოგიის
1921 წლის 23 თებერვალს წითელი არმიის შეტევის გამო მენშევიკური მთავრობის წინადადებით და საკათალიკოსო საბჭოს დადგენილების თანახმად, სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა გადატანილ იქნა ქუთაისში. პატრიარქ ლეონიდეს მითითებით განძეულობის ოთხი ყუთი დამარხეს ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ნაზარის სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ.
ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა მიაკვლიეს განძეულობას და დააპატიმრეს მიტროპოლიტი ნაზარი. მას ბრალად ედებოდა მონაწილეობა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციასა და სიონისა და სვეტიცხოვლის ქონების გადამალვაში. კითხვაზე, თუ ვისთვის ინახებოდა განძეულობა, სასამართლო პროცესზე მიტროპოლიტმა უპასუხა: „ეკლესიისათვის და ქართველი ერისათვის“. სასამართლომ ნაზარის მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. თუმცა, შემდგომში იგი შეიცვალა პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით.
1924 წლის აპრილში ამინისტიის საფუძველზე, ორი წლის პატიმრობის შემდეგ, მიტროპოლიტი ნაზარი გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის ეპარქიას, სადაც ძალზე მძიმე მდგომარეობა დახვდა. მიტროპოლიტი არ შეუშვეს სარეზიდენციო სახლში, რომელიც საწყობად იყო გადაქცეული. იგი იძულებული გახდა, ძმის ოჯახისათვის შეეფარებინა თავი.
მეუფე ნაზარს გვერდით ედგნენ და მის სამღვდელმთავრო ღვაწლს უმსუბუქებდნენ ეპარქიის ღვთისმსახურები, რომლებიც ასევე სასტიკად იდევნებოდნენ ხელისუფლებისაგან.
1924 წელს საქართველოში დაიწყო შეიარაღებული აჯანყებისათვის მზადება. 28 აგვისტოს, მარიამობას აჯანყებამ იფეთქა ქუთაისში და მალე იგი მთელ საქართველოს მოედო. საქართველოს საგანგებო კომისიის მუშაკებმა მიაგნეს აჯანყების შტაბს შიო-მღვიმის მონასტერში და დააპატიმრეს მისი ხელმძღვანელები. საბჭოთა ხელისუფლების ანგარიშსწორებამ შეუზღუდავი ხასიათი მიიღო, რასაც შედეგად უამრავი უდანაშაულო პირის დასჯა და დახვრეტა მოჰყვა.
1924 წლის აჯანყების წინა დღეს, 27 აგვისტოს, მიტროპოლიტ ნაზარის სოფელ როდინოულიდან ეწვია დელეგაცია და სოფლის ეკლესიის კურთხევა სთხოვა. დანიშნულ დროს მიტროპოლიტი ნაზარი სასულიერო პირებთან ერთად სოფელში მივიდა. მათ ეკლესია აკურთხეს. ღამით სიმონეთში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ მიტროპოლიტს და მის თანმხლებ სამღვდელოებას მოულოდნელად თავს დაესხნენ ჩეკისტები, ხელ-ფეხი შეუკრეს, თოფის კოდახებით სცემეს, შემდეგ ურემზე დააკრეს და სოფლის საბჭოში მიიყვანეს.
მეორე დღეს პატიმრები ქუთაისში საგანგებო კომისიაში (ЧК) გადაიყვანეს და სხვა პატიმრებთან ერთად ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. საგანგებო კომისიასთან შექმნილმა სპეციალურმა „განსაკუთრებულმა სამეულმა“ გაასამართლა, შემდეგ კი საფიჩხიას ტყეში დახვრიტა მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე.
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ განიხილა აღნიშნული მოვლენა და დაადგინა: მიტროპოლიტ ნაზართან ერთად მოკლულთა სახით კანონიზებულ იქნას საქართველოში, ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი.
წყარო: orthodoxy.ge