ოქტომბერში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის (СКР) ხელმძღვანელმა განკარგულება გასცა რეპერ ალიშერ მორგენშტერნის მიერ, გამარჯვების დღის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემოწმებასთან დაკავშირებით. მუსიკოსმა ალიშერ ვალიევმა, სასცენო სახელით მორგენშტერნმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა ფართომასშტაბიანი სადღესასწაულო ღონისძიებების მიზანშეწონილობა 9 მაისს - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელზე მეტი ხნის შემდეგ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის (СКР) პრესსამსახურის ცნობით, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა დაავალა მოსკოვის მთავარი საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელს, გაეკეთებინა მორგენშტერნის განცხადებების ექსპერტიზა - „ვეტერანთა ორგანიზაციის წარმომადგენლების” მიმართვის საფუძველზე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვეტერანთა რეაქცია გამოწვეულია მორგენშტერნის განცხადებებით, რომელმაც შეურაცხყო სამშობლოს დამცველთა ისტორიული მეხსიერება, ადამიანები, ვინც იბრძოდა და დაიღუპა დიდი სამამულო ომის დროს.
გამომძიებლებმა ახლა უნდა დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა მუსიკოსის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
მომღერლის ადვოკატმა სერგეი ჟორინმა „РИА Новости”-ის განუცხადა, რომ მორგენშტერნი მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და მის სიტყვებთან დაკავშირებით განმარტებების გასაკეთებლად. ჟორინის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებები არ შეიცავს დანაშაულს.
ამის შემდეგ, მორგენშტერნმა რეზონანსული ინტერვიუ მისცა ქსენია სობჩაკს. მუსიკოსის განცხადებებთან დაკავშირებით კრემლში კომენტარი გააკეთეს. თავად რეპერი იძულებული გახდა საჯაროდ ბოდიში მოეხადა მათთვის, ვინც მისი სიტყვების შემდეგ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
რა თქვა მორგენშტერნმა?
საუბრის კონტექსტში, თუ როგორ ავლენენ პოპ არტისტები პატრიოტიზმს ომის სიმღერების შესრულებით, მორგენშტერნმა მსგავსი პრაქტიკა "სახელმწიფო დაკვეთად" მოიხსენია.
ქსენია სობჩაკმა, სხვების დასანახად გამოჩენილ პატრიოტიზმს „ვულგარული“ უწოდა და დასძინა, რომ თავს დიდ პატრიოტად მიიჩნევს.
რეპერმა კი, თავისი აზრი გამოხატა: „საერთოდ არ მესმის 76 წლის წინანდელი გამარჯვების ზეიმი, წლიდან წლამდე მილიონები იხარჯება ამაზე, ისინი რაღაცას აღნიშნავენ, ცდილობენ ყველას რაღაც დაუმტკიცონ - არ ვიცი, იქნებ ეს რაღაც ერთგვარი სულიერი კავშირებია, უბრალოდ, საამაყო არაფერია, ალბათ. გაიხსენე ყოველწლიურად, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, რომ ერთხელ სადღაც გაიმარჯვე - არ ვიცი...“
სობჩაკმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობს თავად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაზე.
"მაგარია, ყოჩაღ. მაგრამ გააგრძელე, მოვიპოვოთ მეტი გამარჯვება: გამარჯვებები საინფორმაციო ტექნოლოგიებში, გამარჯვებები კოსმოსურ ტექნოლოგიებში და ვიზეიმოთ ეს. მაგრამ ახლა ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რაც მოხდა 70 წელზე მეტი ხნის წინ", - უპასუხა მორგენშტერნმა.
იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციამ „რუსეთის ვეტერანები“ რეპერს გენერალურ პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტში უჩივლა.
კრემლის რეაქცია და მორგენშტერნის ბოდიშის მოხდა
მეორე დღეს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს ყოველდღიურ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს კრემლის შეფასების შესახებ მორგენშტერნის განცხადებებთან მიმართებით.
კრემლი თვლის, რომ ცნობილმა ადამიანებმა მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავიანთ განცხადებებზე, - თქვა პესკოვმა.
„იცით, ასეთ ახალგაზრდებს უბრალოდ რჩევა უნდა მივცეთ, გულწრფელად ვამბობ. მათ ალბათ ჰყავთ ბაბუები და ბებიები - დაელაპარაკეთ მათ. ან მიბრძანდნენ რომელიმე ვეტერანთან, რომლებიც სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩებიან, მაგრამ მაინც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ესაუბრეთ მათ - და ჰკითხეთ, რატომ არის გამარჯვების დღე ასე მნიშვნელოვანი და რატომ იყო, არის და იქნება სამუდამოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.
"რა თქმა უნდა, იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ცნობილები არიან და პოპულარობით სარგებლობენ თანატოლებთან, უნდა გააცნობიერონ, რომ გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან გაიგონ ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ცნებები, როგორიცაა გამარჯვების დღე. ეს არის მორალური პასუხისმგებლობა.", - დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.
მორგენშტერნმა სოციალურ ქსელში მოგვიანებით ბოდიშის ტექსტი გამოაქვეყნა:
„მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ჩემი სიტყვების გამო, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით. მე არანაირად არ ვამცირებდი მოვლენის მნიშვნელობას, მხოლოდ გულწრფელად ვაღიარე, რომ „არ მესმის“ და ეს ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოღებული. მაგრამ მედია, როგორც ყოველთვის, ჩემს სიტყვებს თავისი ბინძური მიზნებისთვის იყენებს. რა თქმა უნდა, არავინ დაწერა იმაზე, რომ ჩემს ქვეყანას ვუსურვებ ახალ გამარჯვებებს ტექნოლოგიასა და კოსმოსის კვლევაში. არც იმაზე, რომ, ჩემი აზრით, ვეტერანებს დამატებითი თანხები უნდა გამოეყოთ.“, - წერს მუსიკოსი ინსტაგრამზე.
ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ჯერ კიდევ ივნისში, სასამართლოს მიერ მორგენშტერნის დაჯარიმება, რადგან თვლიდნენ, რომ მისი სიმღერები „ნარკოპროპაგანდას“ შეიცავდა.
ნოემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მორგენშტერნმა რუსეთი დატოვა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავარმა გამომძიებელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა იგი ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულა - „ბლოგერი მორგენშტერნი ნარკოტიკებს ჰყიდის სოციალურ მედიაში“.
„ჩვენ ვსხედვართ და აბსტრაქტულად ვამტკიცებთ, რომ ადამიანის უფლებები არ შეიძლება დაირღვეს და სახელმწიფომ უნდა დასძლიოს ეს,“ - განაცხადა მან ვიდეო-კონფერენციის დროს.
გავრცელებული ინფორმაციით, მორგენშტერნი მეუღლესთან და დაცვასთან ერთად დასავლეთ რუსეთის სასაზღვრო ქალაქ სმოლენსკიდან მინსკში მიმავალ მატარებელში ჩაჯდა.
ვალიევის ადვოკატმა სერგეი ჟორინმა თქვა, რომ მას არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია მისი კლიენტის სავარაუდო წასვლის შესახებ. ამასთანავე, გამოხატა შეშფოთება ბასტრიკინის კომენტარების გამო, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი გახდეს.
კრემლი განერიდა ბასტრიკინის პრეტენზიებთან დაკავშირებულ დაპირისპირებას და თქვა, რომ საგამოძიებო კომიტეტს აქვს „მტკიცებულებებითა და არგუმენტებით გამყარებული ბრალდების წაყენების პრეროგატივა“.
ვალიევის ტურმენეჯერმა განუცხადა Daily Storm-ის საინფორმაციო ვებგვერდს, რომ რეპერი ბელარუსში იმყოფება კერძო კონცერტზე, მაგრამ დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
Ura.ru-მ თავის წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ შესაძლოა ვალიევმა რუსეთში დაბრუნების ნაცვლად ევროპაში მოგზაურობა გააგრძელოს, ხოლო კიდევ ერთი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუსიკოსი დუბაიში აპირებს გადასახლებას.
წყარო: www.bbc.com ; www.themoscowtimes.com