რუსეთის ეკონომიკის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში რუსეთისთვის საგანგაშო პროგნოზებია. მსოფლიო ბანკის ექსპერტების თქმით, რუსეთი თავის სარეზერვო ფონდს სრულად ამოწურავს 2016 წლის ბოლოსთვის. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს დიდი და რთული გზა ელის და გაუჭირდება 2016 წლისთვის დაგეგმილი მიზნის მიღწევა, კერძოდ, საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-ს 3%-მდე შემცირება და ამის პარალელურად კი, გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად , დამატებითი ფინანსური რესურსი დასჭირდება, რაც, ექსპერტების ვარაუდით, გამოიწვევს ქვეყანაში არსებული სარეზერვო ფონდის მარაგის ამოწურვას.
2015 წელს, როდესაც რუსეთის სარეზერვო ფონდი ნახევრად და უფრო მეტადაც შემცირდა, წლის ბოლოსთვის ფონდში 46$ მილიარდი იყო. უკვე 2016 წელს კი, მსოფლიო ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთს მოუწევს ისესხოს ფული ან გაზარდოს ფონდი პრივატიზაციის მეშვეობით.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთისთვის ნაწინასწარმეტყველები ყველა სცენარი ევროპის მხრიდან 2018 წლამდე ეკონომიკური სანქციის გადახედვაზე, ნავთობზე ფასის კიდევ უფრო დაცემასა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სტრუქტურული რეფორმების ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას.
არსებული სცენარის მიხედვით, რუსეთის რეალური მშპ 1.9 %-ით შემცირდება, რაც ძირითადად გამოწვეულია მსოფლიოში ნავთობზე ფასების დაცემით. მსოფლიო ბანკის ექსპერტები სექტემბერში ვარაუდობდნენ, რომ 2016 წელს ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 37$ იქნებოდა, ხოლო 2017 წელს მცირე ზრდაც დაფიქსირდებოდა. თუმცა, მსოფლიო ბანკის ბოლო პესიმისტური სცენარის მიხედვით, 2016 წლისთვის ნავთობზე ფასი 2.5%-ით შემცირდება და 30$-მდე დაეცემა.
მსოფლიო ბანკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ეკონომიკას მოუწევს გაუმკლავდეს ნავთობის შოკს. ამის პარალელურად კი, 2014 წელს დაკისრებულ სანქციები ისევ მძაფრად აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე, 10%-ით დაეცა მთლიან ეროვნული შემოსავალი, 9.6%-ით შემცირდა სამეურნეო ხარჯვაც, რაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
რუსეთს ასევე სერიოზული პრობლემები აქვს რუბლის კურსის გაუფასურების მხრივაც. არსებული რეცესიული მდგომარეობა რუსეთს საშუალებას არ აძლევს მნიშვნელოვანი მიღწევები ქონდეს სიღარიბის შემცირების კუთხით. პირიქით, საბაზისო მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წლისთვის რუსეთში ღარიბი მოსახლეობის მაჩვეენებლი 1.1. მილიონით, სიღარიბის მაჩვენებელი კი 14.2 %-ით გაიზრდება. ეს კი ყველაზე დიდი ნეგატიური ზრდა იქნება რუსეთის ისტორიაში 1998-99 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ- წერს მსოფლიო ბანკი.
მსოფლიო ბანკის ექსპერტების თქმით, რუსეთის ეკონომიკის მომავალი დამოკიდებულია სტრუქტურული რეფორმების ეფექტიანობასა და ახალ სექტორებში ინვესტიციების რაოდენობაზე.
წყარო: vedomosti.ru