დიმიტრი მურატოვის ნობელის მშვიდობის პრემიის ლექცია

17 დეკემბერი 2021 Shadow

10 დეკემბერს, ოსლოს მერიაში გამართულ ცერემონიაზე 2021 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა „Новая Газета“-ს  მთავარ რედაქტორს, დიმიტრი მურატოვს და ფილიპინელ ჟურნალისტს, მარია რესას.

დიმიტრი მურატოვი 1961 წელს დაბადებული რუსი ჟურნალისტი და უფლებადამცველია. არის „Новая Газета“-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი რედაქტორი 1995-2017 წლებში და 2019 წლიდან - დღემდე. „Новая Газета“-ს სახელს უკავშირდება არაერთი სკანდალური საქმის ჟურნალისტური გამოძიება რუსეთში. მურატოვი არაერთხელ გამოსულა ვლადიმირ პუტინის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა ლიდერების კრიტიკით - 2014 წელს ხელი მოაწერა მიმართვას რუსეთის ფედერაციის ყირიმში განხორციელებული პოლიტიკის წინააღმდეგ, 2020 წელს გამოაქვეყნა ბელარუსში მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მხარდამჭერი წერილი.

მურატოვმა მიღებული პრემია მიუძღვნა სხვადასხვა წლებში მოკლულ ან გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ გაზეთის თანამშრომლებსა და მასთან დაკავშირებულ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს: იგორ დომნიკოვს, იური შეკოჩიხინს, ანა პოლიტკოვსკაიას, ანასტასია ბაბუროვას, ნატალია ესტემიროვასა და სტანისლავ მერკელოვს. 

დიმიტრი მურატოვმა დაჯილდოების ცერემონიალზე წაიკითხა ტრადიციული ნობელის პრემიის ლექცია, ჩვენი რეგიონისთვის მრავალი საინტერესო გზავნილით. გთავაზობთ ლექციის ძირითადი ნაწილის ქართულ თარგმანს:

 

 ტირანიის ანტიდოტი

თქვენო უდიდებულესობავ! თქვენო სამეფო უმაღლესობავ, ნობელის კომიტეტის პატივცემულო წევრებო, პატივცემულო სტუმრებო!

8 ოქტომბერს დილით დედამ დამირეკა და მკითხა - არის სიახლე?!

- დიახ, - ვეუბნები მე, - დედა, ნობელის პრემია მივიღეთ...

- კარგია. კიდევ რა არის ახალი?

...ახლა კი, დედა, ყველაფერს მოგიყვები.

„დარწმუნებული ვარ, რომ აზრის თავისუფლება, სხვა სამოქალაქო თავისუფლებებთან ერთად, არის პროგრესის საფუძველი.

დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ნდობა, განიარაღება და უსაფრთხოება წარმოუდგენელია ღია საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების, რწმენისა და საჯაროობის გარეშე.

მშვიდობა, პროგრესი, ადამიანის უფლებები - ეს სამი მიზანი განუყოფელია ერთმანეთისგან.“

ეს არის ამონარიდი დედამიწის მოქალაქის, დიდი მოაზროვნის, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის გამოსვლიდან ნობელის დაჯილდოების ცერემონიალზე.

ეს სიტყვები სწორედ აქ, ამ ქალაქში, 1975 წლის 11 დეკემბერს წარმოთქვა მისმა მეუღლემ, ელენა ბონერმა.

 

რატომ არის ეს სიტყვები მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩემთვის?

მსოფლიოს გადაუყვარდა დემოკრატია.

მსოფლიო იმედგაცრუებულია  მმართველი ელიტებით.

მსოფლიო დიქტატურისკენაა მიმართული.

გაჩნდა ილუზია, რომ პროგრესი მიიღწევა ტექნოლოგიებითა და ძალადობით და არა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვით.

ასეთია პროგრესი თავისუფლების გარეშე. 

 

ჩვენში (და არა მარტო ჩვენში) პოპულარულია აზრი: ის პოლიტიკოსები, რომლებიც სისხლისღვრას გაურბიან, სუსტები არიან. 

ხოლო ომით დამუქრება - ნამდვილი პატრიოტის ვალია.

ხელისუფლება აქტიურად ყიდის ომის იდეას. აგრესიული მარკეტინგის გავლენით ხალხს უჩნდება აზრი, რომ ომი დასაშვებია.

მთავრობები და მათთან დაახლოებული პროპაგანდისტები თანაბრად პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფო ტელევიზიებზე გამართული მილიტარისტულ რიტორიკის გამო.

 

მაგრამ მე სხვა ხალხიც მინახავს, სხვა ტელევიზორებთან. პატიოსანი და, ამავდროულად, საშინელი.

ჩეჩნეთის ომის დროს, ერთ სადგურზე, ხუთი თეთრი ვაგონი-მაცივარი იდგა. მათ მთელი დღეღამის განმავლობაში იცავდნენ. ეს იყო თავდაცვის სამინისტროს 124-ე ლაბორატორიის მორგი ბორბლებზე. ამ მაცივრებში ჯარისკაცებისა და ოფიცრების ამოუცნობი ცხედრები განისვენებდა.

ბევრ მათგანს წამებისა და მოხვედრილი ტყვიებისა და აფეთქებებისგან, ფაქტობრივად, სახე აღარ ჰქონდა შერჩენილი. ტრასის მახლობლად, პატარა სახლში ტელევიზორი იდგა, მოსაცდელში, დაკარგული ჯარისკაცების დედები და მამები იმყოფებოდნენ. ხოლო ოპერატორი ვიდეოკამერით აფიქსირებდა გვამებს ერთი-მეორის მიყოლებით... Სათითაოდ... 458-ჯერ... სწორედ ამდენი სამხედრო იწვა ამ მანქანებში, მინუს 15 გრადუსში, თავის ბოლო მატარებელში, მარშრუტით - „ომი-სიკვდილი". დედები, რომლებიც მრავალი თვის განმავლობაში ეძებდნენ თავიანთ ბიჭებს ჩეჩნეთის მთებსა და ხეობებში, ეკრანზე შვილის სახის დანახვისას ყვიროდნენ: „ეს ის არ არის, ეს ის არ არის!"... მაგრამ ეს ის იყო.

 

ამჟამინდელი იდეოლოგები ხელს უწყობენ სამშობლოსათვის სიკვდილის იდეას და არა სამშობლოსათვის სიცოცხლის. მოდით, აღარ მოვატყუებინოთ თავი მათ ტელევიზიებს.

ჰიბრიდულმა ომმა, ტრაგიკულმა, მახინჯმა და კრიმინალურმა ისტორიამ Boeing MH-17-თან ერთად გაანადგურა ურთიერთობები რუსეთსა და უკრაინას შორის და არ ვიცი, შესძლებენ თუ არა მომდევნო თაობები მის აღდგენას. უფრო მეტიც, გეოპოლიტიკოსთა ავადმყოფ თავებში რუსეთსა და უკრაინას შორის ომი აღარ ჩანს შეუძლებელი.

მაგრამ მე ვიცი - ომები მთავრდება ამოუცნობი ჯარისკაცების იდენტიფიცირებით და ტყვეების გაცვლით. ჩეჩნეთის ომში „Новая Газета"-მ და ჩვენმა დამკვირვებელმა მაიორმა იზმაილოვმა, 174 ადამიანის გათავისუფლება შეძლეს ტყვეობიდან. თუ ახლა, ჩემი ახალი სტატუსით, შემიძლია რაიმე გავაკეთო იმისათვის, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი პატიმრები საკუთარ სახლებში დავაბრუნო, მითხარით, Მზად ვარ.

 

ევროპის ცენტრში, ბელარუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს დიადი სისხლის ზღვარზე თამაში დაემატა აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებს. მისი სამხედროები ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულ ლტოლვილებს ავტომატების მუქარით ერეკებიან ევროკავშირის საზღვრისკენ, სადაც ამ ადამიანებს ავტომატებით შეიარაღებული ადამიანები ელოდებიან. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, ხოლო გადარეული ხალხი პირდაპირი მნიშვნელობით ორ ცეცხლს შუა ცხოვრობს. 

ჩვენ ჟურნალისტები ვართ. ჩვენი საქმე ნათელია: ფაქტისა და სიცრუის გამიჯვნა. პროფესიონალი ჟურნალისტების ახალმა თაობამ იცის, როგორ იმუშაოს დიდ მონაცემებთან, საინფორმაციო ბაზებთან. და ჩვენც შევისწავლეთ, აღმოვაჩინეთ, ვის ბორტებს გადაჰყავთ ლტოლვილები კონფლიქტის წერტილამდე.

მხოლოდ ფაქტები. ამ შემოდგომაზე, ბელარუსულმა თვითმფრინავებმა მინსკში ახლო აღმოსავლეთიდან ოთხჯერ მეტი ფრენა განახორციელეს. 2020 წლის აგვისტო-ნოემბერში ექვსი რეისი განხორციელდა, ხოლო წელს იმავე თვეებში - 27. საზღვრის გასარღვევად წელს ბელარუსულმა კომპანიამ 4,5 ათასი ადამიანი ჩამოიყვანა, წინა წელს კი მხოლოდ 600 ადამიანი. და ამდენივე - 6000 ლტოლვილი კი ერაყიდან ავიაკომპანიამ გადმოაფრინა.

ასე იწყება შეიარაღებული პროვოკაციები და კონფლიქტები. ჩვენ, ჟურნალისტებმა გავარკვიეთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა, ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ახლა ჯერი პოლიტიკოსებზეა.

 

ხალხი სახელმწიფოსთვის თუ სახელმწიფო ხალხისთვის? ეს არის დღეს მთავარი კონფლიქტი. სტალინმა ეს კონფლიქტი მასობრივი რეპრესიებით გადაჭრა.

თანამედროვე რუსეთში გრძელდება წამების პრაქტიკა ციხეებში და გამოძიების დროს. ძალადობა, გაუპატიურება, პატიმრობის შემზარავი პირობები, ვიზიტებისა და დედასთან დარეკვის აკრძალვა დაბადების დღის მისალოცად, პატიმრობის გაუთავებელი გახანგრძლივება. სასამართლო პროცესის დაწყებამდე მძიმე ავადმყოფობის მქონე პირებს ათავსებენ ციხეში, მძევლად აჰყავთ დაავადებული ბავშვები, რათა აღიარებინონ დანაშაული მტკიცებულებების წარდგენის გარეშე.

ხშირად, პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმეები ჩვენს ქვეყანაში ცრუ ბრალდებებზეა აგებული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაკავებულია საფრანგეთში უმსხვილესი პარფიუმერული კომპანიის რუსი დირექტორის ცრუ ბრალდების გამო. დირექტორმა განცხადება დაწერა, მაგრამ სასამართლოში არ დაიბარეს და დაზარალებულად არ სცნეს... მაგრამ ნავალნი ზის. პარფიუმერულმა კომპანიამ თავად აირჩია განზე გადგომა, იმ იმედით, რომ ამ საქმის სუნი არ დააზარალებს მისი პროდუქციის არომატს.

სულ უფრო და უფრო გვესმის პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ გამოყენებული წამების შესახებ. ადამიანებს აწამებენ, რათა დაიმორჩილონ და სასჯელის ზომა გაუზარდონ. ეს არის ველურობა.

გამოვდივარ წამების წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით, რომლის ამოცანაც იქნება შეაგროვოს მონაცემები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხესა და სახელმწიფოში წამების, როგორც მეთოდის გამოყენების შესახებ. ჯალათები და მათი უფროსების გამოსავლენად, რომლებიც მონაწილეობენ ასეთ დანაშაულებში.

 

რუსეთში ამჟამად ერთმანეთს ორი ტენდენცია ებრძვის.

ერთი მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი აკადემიკოს სახაროვის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ძეგლის აღმართვას უწყობს ხელს.

მეორე მხრივ, ჩვენს ქვეყანაში გენერალური პროკურატურა ითხოვს საზოგადოება “მემორიალის” ლიკვიდაციას. “მემორიალი” ჩართულია სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციაში. პროკურატურა კი მას „ადამიანის უფლებების დარღვევაში“ ადანაშაულებს!

შეგახსენებთ, რომ მემორიალი სახაროვმა შექმნა.

იქნებ გარდაცვლილი სახაროვის ძეგლი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მისი ცოცხალი პროექტი?

“მემორიალი” ხალხის მეგობარია.

 

... ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს ჯილდო ენიჭება ჭეშმარიტ ჟურნალისტთა მთელ პროფესიულ საზოგადოებას. რუსეთში ჟურნალისტიკას ახლა ბნელი პერიოდი უდგას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასზე მეტ ჟურნალისტს, მედიას, უფლებადამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციას მიაკრეს „უცხოური აგენტის“ სტატუსი. რუსეთში ისინი „ხალხის მტრები" არიან. ბევრი ჩვენი კოლეგა უმუშევარი დარჩა, სხვები იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ.

ადამიანს გაურკვეველი დროით ართმევენ ჩვეულ ცხოვრებას. შეიძლება სამუდამოდაც... 

მომავალ წელს 100 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 29 სექტემბერს „ფილოსოფიური გემი“ სანქტ-პეტერბურგიდან გერმანიაში, შტეტენის პორტში გაემგზავრა. ეს იყო მოგზაურობა, რომლის დროსაც ბოლშევიკებმა რუსეთიდან გააძევეს ინტელექტუალური ელიტის თითქმის 300 გამოჩენილი წარმომადგენელი.  გემზე, Oberburgermaister Hakenm ისხდნენ ვერტმფრენის მომავალი გამომგონებელი სიკორსკი, ტელევიზიის შემქმნელი ზვორიკინი, ფილოსოფოსები ფრანკი, ილინი, პიტირიმ სოროკინი. ისინი გაასახლეს. იქ იყო უდიდესი მოაზროვნე ნიკოლაი ბერდიაევიც. ისევე როგორც ყველას, მასაც მიეცა უფლება წაეღო პიჟამო, ორი პერანგი, ორი წყვილი წინდა და ზამთრის ქურთუკი. ასე რომ, სამშობლო დაემშვიდობა თავის დიდებულ მოქალაქეებს: დატოვე  შენი ნივთები და შეგიძლია ტვინი თან წაიღო.

მსგავსი სურათი მეორდება ჟურნალისტებთან და უფლებადამცველებთან მიმართებაში დღეს.

ახლა „ფილოსოფიური გემის“ ნაცვლად „ჟურნალისტური თვითმფრინავი“ მიდის. ეს, რა თქმა უნდა, მეტაფორაა, მაგრამ ჩვენი პროფესიის ათობით წარმომადგენელი ტოვებს რუსეთს.

მაგრამ ვიღაცას ჩამოერთვა მსგავსი შესაძლებლობაც კი.

 

ორხან ჯემალი, კირილ რადჩენკო, ალექსანდრე რასტორგუევი, რუსი ჟურნალისტები, უმოწყალოდ დახვრიტეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ისინი ერთ-ერთი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის საქმიანობის გამოსაძიებლად ჩავიდნენ. ორხანის ქვრივი, ირა გორდიენკო მუშაობს ჩვენს გაზეთ „Новая газета”-ში.  მკვლელობის შემდეგ, 2018 წლის 30 ივნისს, მან სიცრუე ამხილა. აქ მხოლოდ ერთი დეტალია: ფასდაუდებელი მატერიალური მტკიცებულება - დაღუპულთა ტანსაცმელი უბრალოდ დაწვა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიციამ ვერც რუსეთის და ვერც საერთაშორისო გამოძიებამ ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გამოძიებას დახმარება აღუთქვა. ალბათ დაავიწყდა. აი, გახსენებთ.

… მე, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, შეიძლება მკითხონ: რატომ წავიდნენ იქ შენი კოლეგები?

რათა თავად ეხილათ. დაემტკიცებინათ. ენახათ. როგორც ომის დიდმა ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ თქვა: „თუ არ მოგწონს შენი კადრი, მაშინ არ იყავი საკმარისად ახლოს.”

ეს მათი მისიაა. როდესაც მთავრობები განუწყვეტლივ აუმჯობესებენ წარსულს, ჟურნალისტები ცდილობენ გააუმჯობესონ მომავალი.

და ეს ჯილდო არის ყველა ნამდვილი ჟურნალისტის. ეს ჯილდო გადაეცემა ჩემს გარდაცვლილ კოლეგებს „Новая Газета”-დან  - იგორ დომნიკოვს, იური შჩეკოჩიხინს, ანა პოლიტკოვსკაიას, ანასტასია ბაბუროვასა და სტას მარკელოვს, ნატაშა ესტემიროვას. ეს ჯილდო ასევე გადაეცემა ცოცხალ კოლეგებს, ჟურნალისტურ საზოგადოებას, რომელიც ასრულებს პროფესიულ მოვალეობას.

... ამ ჯილდოს გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე აღვნიშნეთ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის 15 წლისთავი. მკვლელებმა სამართლიანი სასჯელი მიიღეს, მაგრამ დანაშაულის შემკვეთი ვერ იპოვეს და ხანდაზმულობის ვადა გავიდა. მე ოფიციალურად ვაცხადებ: „Новая Газета”-ს სარედაქციო საბჭო არ სცნობს ამ ხანდაზმულობის ვადას.

 

 ანა პოლიტკოვსკაია

 

... რუსულად და ინგლისურად და სხვა ენებზე არის გამონათქვამი: "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის" -  იგი ასე განიმარტება: არაფერი შეუშლის ხელს ქარავნის წინ მოძრაობას. ზოგჯერ ხელისუფლება უარყოფითად საუბრობს ჟურნალისტებზე. ჰყეფს, მაგრამ ეს არაფერზე არ მოქმედებს.

და ახლახან გავიგე, რომ გამონათქვამს საპირისპირო მნიშვნელობა აქვს.

ქარავანი წინ მიიწევს, ვინაიდან ძაღლები ჰყეფენ .

დიახ, ვღრიალებთ და ვკბენთ. ჩვენც გვაქვს ეშვები და კლანჭები.

ჩვენ ვართ მოძრაობის წინაპირობა.

 ჩვენ ვართ ტირანიის ანტიდოტი.

მინდა, რომ ჟურნალისტები ასაკოვნები კვდებოდნენ.