“დასავლეთს, ორი მდგომარეობა აქვს. როცა რუსეთი განადგურებულია და ფეხზე ვერ დგას, მაშინ უყვართ, გიჟდებიან მასზე, მაგრამ, როგორც კი რუსეთი ფეხზე წამოდგება და საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენს, მაშინვე იწყება მისი დემონიზირება. ჩვენთვის საფრთხე არის ყველა დიდი სახელმწიფო. რა, საფრთხე არ არის დასავლეთის ზესახელმწიფოები, იგივე შეერთებული შტატები? რა კოლონიალიზმზეა ლაპარაკი, როდესაც რუსული კოლონიალიზმის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა გაერთიანებული საქართველო, ხუთმილიონიანი მოსახლეობით და სრული ინფრასტრუქტურით. ახლა გადახედეთ ბოლო ოცი წლის ისტორიას, სადაც კი შეერთებული შტატები შევიდა, იქ ქვა ქვაზე არ დატოვა. თუ ამას კოლონიალიზმი არ ქვია და რაღაც კეთილშობილური სახელი „დემოკრატია“ ჰქვია, მაშინ საერთოდ უნდა გადავხედოთ ყველა ტერმინს, რითიც ვსარგებლობთ”, – ეს განცხადება „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა 13 ნოემბერს ინტერნეტ გამოცემა sazogadoeba.ge-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა, სადაც მან საგარეჯოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და თქვა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აბსოლუტურად დაბალანსებულ საგარეო ვექტორს აჩვენებს“.
ნანა დევდარიანმა გლობალური კვლევების ცენტრი 2013 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან ორგანიზაციამ რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა და კონფერენცია/ სემინარი მოაწყო. მათ მიერ მომზადებულ კვლევებში ანტიდასავლური განწყობები სჭარბობს და ძირითადად ეყრდნობა ანტიდასავლური ორგანიზაციის “ევრაზიის ინსტიტუტის” წევრთა მოსაზრებებს თუ ანალიზს.
მაგალითად, მასალაში “საქართველო - ნატო - მითები და რეალობა”, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსი უარყოფით კონტექსტშია წარმოდგენილი:
“თუ საქართველოს ტერიტორიულ გასაჭირთან დაკავშირებით ჩვენდამი „მეგობრული“ ქვეყნების ნელთბილ პოზიციებს შევხედავთ, შთაბეჭდილება შეგვექმნება, რომ ჩვენი წევრობა დასავლეთს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდება. ეს არის „იაფი“ ჯარისკაცები ნატოს სხვადასხვა ოპერაციისთვის, და არა მხოლოდ. მაგრამ რუსეთს თავის სამხრეთ საზღვრებთან ნატო არ სჭირდება. ნატო კარგი საპირწონე იქნებოდა რუსეთთან დიალოგში, რათა ჩვენი „დაავადებების“ განკურნებისთვის ხელი შეეწყო, მაგრამ კოსოვომ აჩვენა, რომ ტერიტორიული მთლიანობა – ის „წითელი ხაზი“ არ არის, რომლის გადაკვეთა დასავლეთს არ შეუძლია. ამგვარად, ნეიტრალიტეტის თემა საინტერესოა იმ პირობით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთთან მოლაპარაკების გზით აღდგება .”
საინტერესოა, რომ „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ძირითადად ის ორგანიზაციები, ექსპერტები და მკვლევარები იღებენ მონაწილეობას, ვინც საზოგადოებაში დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხებზე ნიჰილისტურ განწყობებს ავრცელებენ და ხშირად პრორუსულ განწყობებს ნერგავენ. მაგალითად, 2014 წლის 12 მარტს “გლობალური კვლევების ცენტრის მიერ მოწყობილ შეხვედრაში განიხილეს უკრაინის მოვლენები. კონფერენციას ესწრებოდნენ - ირაკლი უბილავა, ვიქტორ ცაავა, ზვიად მირგატია, ნანა დევდარიანი, ტარიელ გაგნიძე, ვალერი კვარაცხელია (პარტია “ნეიტრალური საქართველოსთვის”), ბონდო მძინარიშვილი (მედია კავშირი “ობიექტივი”). კონფერენცია გააშუქეს Geworld.ge-მა და საქინფორმმა.
ნანა დევდარიანი აქტიურად თანამშრომლობს ამ ორ გამოცემასთან, რომლებიც თავის მხრივ „ევრაზიული ინსტიტუტის“ პარტნიორები არიან.
ნანა დევდარიანი „ევრაზიული ინსტიტუტის“ წევრია. ამ ორგანიზაციას მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური მიმართულება აქვს. მის ხელმძღვანელთან, გულბაათ რცხილაძესთან დევდარიანი არის ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. ამავე სახელწოდების ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობა“ მოსკოვში უკვე არსებობდა. “საქინფორმის” ცნობით, ქართული ორგანიზაცია რუსულისგან იურიდიულად დამოუკიდებლად მოიაზრება, თუმცა ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს რუსულ ორგანიზაციასთან. გულბაათ რცხილაძის თქმით, „ორგანიზაციის მიზანია, ქართულ-რუსულ სამეცნიერო, ექსპერტულ წრეებში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ოდესღაც არსებული ნაყოფიერი სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენა.
დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ რამდენიმე კონფერენცია მოაწყო, მათ შორის “ერთობით მიღწეული დიადი გამარჯვება: კავკასია დიდი სამამულო ომის წლებში” და „საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემები“. ქართულ და რუსულ ორგანიზაციას საერთო ვებგვერდი აქვს - „რუსეთი-საქართველო: საექსპერტო დიალოგი“ georgiamonitor.org, სადაც ინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზე ქვეყნდება.
რუსული „კავკასიური თანამშრომლობის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი სილაევია - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სუმსი (უ)-ს კავკასიის პრობლემათა და რეგიონალური უსაფრთხოებათა ცენტრის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი. ნიკოლაი სილაევმა 2012 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსცა კვლევა „საქართველო არჩევნების შემდეგ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები“, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთის შერიგებას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთ-ერთ დასკვნის სახით თქვა, რომ რუსეთში განათლების მიღება კვლავ უნდა გახდეს ქართველი აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი რეალური შესაძლებლობა, ვინაიდან „ქართველი ახალგაზრდები სასწავლებლად მიდიან ევროპაში და აშშ-ში და ხშირად არ გააჩნიათ რუსული ალტერნატივა“.
ნანა დევდარიანი ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციების, „გლობალური კვლევების ცენტრის“, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” და “სახალხო სასამართლო ფონდის” დამაარსებელი. 2012 წლის არჩევნებში ნანა დევდარიანი კოალიცია "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო საბურთალოს რაიონში.
1992-1995 წლებში ნანა დევდარიანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1998 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. იყო საკრებულოს მდივანი. 1999 წელს კვლავ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წელს კი გახდა საქართველოს სახალხო დამცველი. 2003 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2001-2005 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედის“ ღამის პროგრამის რედაქტორად.