ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, მიმდინარეობს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. სხდომაზე განიხილეს საქართველოსთან თანამშრომლობის გზები, იმსჯელეს რუსეთის ფაქტორზე და კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ნატო-ს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის.
„მადლობელი ვართ საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის გაძლიერებით, ინფორმაციის გაცვლით. შავი ზღვა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. გაიზარდა რუსეთის სამხედრო კონტინგენტი ყირიმში. გაიზარდა რუსეთის ძალები შავ ზღვაზე და ჩვენ გვინდა, რომ ნატო-ც ფართოდ იყოს შავ ზღვაზე წარმოდგენილი.“– განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ სრულად მხარს უჭერს საქართველოს, ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების გზაზე და ნატოს გაფართოების საკითხზე ღიაობა დააფიქსირა, მაგალითად კი მონტენეგრო მოიყვანა, რომელიც ახლახან, 2017 წლის 5 ივნისს, შეუერთდა ალიანსს.
„ნატოს ღია კარის პოლიტიკა ისტორიული წარმატებაა. გაწევრიანება - ეს არის პრეტენდენტი ქვეყნების და 29 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებაა. სხვას არავის ვეტოს უფლება არ აქვს. მონტენეგროს მოწმობს იმას, რომ ყველა პრეტენდენტ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ალიანსის წევრობა.“
სტოლტენბერგის ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო საქართველოს, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს. მან მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან.
„შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კვლავ აქტიურად ცდილობს თანამშრომლობის გაღრმავებას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს აღებული ვალდებულება, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უარყოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება.“