უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებას აძლიერებს. ნატო ემზადება 4000 სამხედროს გასაგზავნად პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აძლიერებს აღმოსავლეთ ევროპის საზღვარს რუსეთის სახიფათო და აგრესიული ქმედებების საპასუხოდ.
ალიანსი სათანადო რეაგირებას მოახდენს კრემლისგან მომავალ სამხედრო საფრთხეს.
„მოსკოვმა არალეგალურად მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, ამჟამად კი მხარს უჭერს სეპარატისტ ჯგუფებს აღმოსავლეთ უკრაინაში, შესაბამისად, კვლავ არღვევს საერთაშორისო სამართალს. სწორედ ამიტომ ვგზავნით სამხედრო ნაწილებს აღმოსავლეთ საზღვრებთან“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა გერმანულენოვანი სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
ამჟამად, ნატო განიხილავს საერთაშორისო ბატალიონის გაგზავნის შესაძლებლობას პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, სადაც ჯარისკაცები როტაციის პრინციპით მსახურობენ. საბოლოო გადაწყვეტილება ვარშავის სამიტამდე (8-9 ივლისი) იქნება მიღებული.
გენერალური მდივნის თანახმად, ალიანსი არ არღვევს ნატო-რუსეთის ხელშეკრულებას, ვინაიდან წევრ ქვეყნებში რეგულარული ჯარის მაქსიმალური რაოდენობის (1000 ჯარისკაცი) ზღვარი ნატოს მიერ დაცულია. არ არსებობს არავითარი პირდაპირი ნიშანი, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში შეუტევს ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას. თუმცა, აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოებას ყურადღება უნდა მიექცეს.