ნეიტრალიტეტის ილუზია 

15 სექტემბერი 2015 Shadow

 ავტორი: გიორგი ლომთაძე

პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციის მეშვიდე თავს დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო უბლოკო სტატუსს გამოაცხადებს, ანუ უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო ბლოკში, მათ შორის NATO-ში გაწევრებაზე. ბურჯანაძის განმარტებით,  ნეიტრალიტეტის ეს ინიციატივა განპირობებულია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით. რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი და რამდენად შესაძლებელია საქართველოში მისი განხორციელება ამ საკითხის ანალიზს Damoukidebloba.com-ი გთავაზობთ.

12033796_1173518175995463_1752323941_n

მარცხნიდან მარჯვნივ: 1. იუჰო კუსტი პაასიკივი (ძველფინური პარტია/ ეროვნული კოალიციის პარტია) - ფინეთის მე-7 პრეზიდენტი (1946-1956), ასევე ფინეთის პრემიერ მინისტრი (1918 და 1944-1946). 2. ურჰო კალევა კეკონენი (პარტია ქრისტიანთა კავშირი) - ფინელი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც გახლდათ ფინეთის პრემიერ მინისტრი (1950-1953, 1954-1956) და შემდგომ ფინეთის პრეზიდენტი ყველაზე ხანგრძლივი ვადით (1956-1982). 3. პეტრო პოროშენკო (პეტრო პოროშენკოს ბლოკი) - უკრაინის მეხუთე და ამჟამინდელი პრეზიდენტი (2014 წლიდან). ჩნდება კითხვა, თუ რა აქვთ საერთო ამ ჩამონათვალში არსებულ პიროვნებებს. ორი ფინელი და ერთი უკრაინელი! კონცეფციას, რომელიც მათ აერთიანებთ ეწოდება - "ფინლანდიზაცია". ორი ფინელისთვის ეს ("ფინლანდიზაცია") იყო გააზრებული გადაწყვეტილება, ხოლო უკრაინელისთვის - ჯერ კიდევ არჩევანია.

"ფინლანდიზაცია" არჩევანია სხვადასხვა დამკვირვებლის, პოლიტიკური მოღვაწისა თუ მკვლევარის მიხედვით. მაგალითად, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, სოციოლოგის და სახელმწიფო მოღვაწის, ზბიგნევ კაზიმეჟ ბჟეზინსკის თანახმად: „აშშ-ს შეუძლია და უნდა მკაფიოდ განუმარტოს ბატონ პუტინს, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ტერიტორიულად მთლიანი უკრაინა ისეთივე პოლიტიკას გაატარებს რუსეთის მიმართ, როგორსაც ატარებდა ფინეთი: ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული მეზობლური ურთიერთობები, რუსეთთან და ევროკავშირთან ფართო ეკონომიკური ურთიერთობების შეთავსებით; არცერთი სამხედრო ალიანსის წევრობა, რომელიც მოსკოვის მხრიდან აღქმულია მის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ. მოკლედ რომ ვთქვათ, ფინური მოდელი იდეალურია უკრაინისთვის“. მართლაც რომ საინტერესო აზრია და უდავოდ, მიმზიდველი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც ესაზღვრება რუსეთს.

მსგავსი მოწოდებები საქართველოშიც ისმის. სხვადასხვა ჯგუფები და გაერთიანებები ღიად განიხილავენ საქართველოს ნეიტრალიტეტის შესაძლებლობას (ერთგვარი თავისებურებით: სამხედრო ნეიტრალიტეტის, ანუ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის გარდა, ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარის თქმასაც მოუწოდებენ). ამგვარი მოთხოვნების ავტორთა ლოგიკა მარტივია (ზედმეტად მარტივიც) - თუ უარს ვიტყვით ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთი შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, აღარ იქნება აგრესიული და ოკუპაციაზე ორიენტირებული. გაჩნდება შესაძლებლობა "კონსტრუქციული" დიალოგი დაიწყოს რუსეთსა და საქართველოს შორის და ეტაპობრივად შეიძლება ტერიტორიებიც დავიბრუნოთ, მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია-გამთლიანება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება. დიახაც! ჩვენი ყველა პრობლემა გაქრება და საქართველოც გაბრწყინდება. მათი აზრით, თუ სხვა ქვეყნები ამას ახერხებენ, მაგალითად ფინეთი, რატომ არა საქართველო.

"დიდ საჭადრაკო დაფაზე" ხარვეზების გამოსასწორებლად, მიზანშეწონილია სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებს შორის პარალელების გავლება, მათი შედარება, მსგავსებებისა თუ განსხვავებების წარმოჩენა. თუმცა, შესაძლებელია ორი რეალობის შედარება განსხვავებული პერიოდებიდან, საერთაშორისო პოლიტიკის განსხხვავებული მოთამაშეებით? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია ზემოხსენებული კონცეფციის დამახასიათებელი თვისებები და კომპონენტები გამოვყოთ.

ტერმინი "ფინლანდიზაცია" გულისხმობს ფინეთის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინას, რომელიც არეგულირებდა ურთიერთობებს საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ცივი ომის განმავლობაში. მას სხვაგვარად უწოდებენ - პაასიკივი-კეკონენის კურსს, ხოლო ტერმინ "ფინლანდიზაციას", ხშირად იყენებენ დამაკნინებელ კონტექსტში, საბჭოთა კავშირის მიმართ ფინეთის რბილი პოლიტიკის გასაკრიტიკებლად.

დოქტრინა გულისხმობდა ფინეთის ნეიტრალიტეტს და დასავლურ სამხედრო გაერთიანებებში წევრობაზე უარის თქმას. სანაცვლოდ, ფინეთი მიიღებდა სუვერენულ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და კაპიტალისტურ სახელმწიფოდ განვითარების შესაძლებლობას. შედეგად, 1948 წელს, ფინეთმა საბჭოთა კავშირთან ხელი მოაწერა მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას.

შეთანხმების წყალობით, ფინეთმა შეძლო მეტნაკლები დამოუკიდებლობის შენარჩუნება საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მაგალითად, ფინეთმა შეინარჩუნა მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა, თავისუფლად წყვეტდა თუ ვისთან როგორი ხასიათის ეკონომიკური ურთიერთობები ექნებოდა, ასევე არ გაწევრიანდა საბჭოთა სამხედრო ბლოკში (ვარშავის პაქტი).

ასეთი არჩევანი სახარბიელო და მიმზიდველი ჩანს უკრაინისთვის და საქართვლოსთვის. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპრებულია, საქართველოში რეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობა 2015 წლის მარტის მონაცემებით შეადგენს 263 598 ადამიანს, ათასობით ადამიანია საზღვარგარეთ ლტოლვილი,   ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პერიოდულად აკავებენ და იტაცებენ, ისინი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. უკრაინიაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაღუპულთა რიცხვმა 6000-ს მიაღწია, ქვეყანაში ეკონომიკური არასტაბილურობაა, უკრაინას ესაჭიროება ბუნებრივი აირის მარაგი ზამთრისთვის (რომელსაც რუსეთისგან ყიდულობს). ერთი შეხედვით, დამაჯერებელი მიზეზებია, რათა ორივე ქვეყანამ იფიქროს ნეიტრალიტეტზე. თუმცა, რთულია ვისაუბროთ ნეიტრალიტეტზე, როდესაც აგრესორი ყველაფერს აკეთებს შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვისთვის (საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების დემარკაცია და საზღვრების პერიოდული გაფართოება, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მარიონეტულ რეჟიმებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება, უკრაინაში ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ჯგუფების მხარდაჭერა, რუსეთის სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში). საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ნეიტრალიტეტზე საუბარი ასეთი პირობების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაშიც, ფინეთი გამოდგება მაგალითად.

ზამთრის ომის ტერიტორიული დანაკარგების (ფინეთის ინდუსტრიული სამხრეთი, რომელიც ასევე ითვლება ფინეთის კულტურულ კერად) შემდეგ, ფინეთი მაინც დათანხმდა საბჭოთა კავშირს მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე, რომელიც ზღუდავდა მას საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით.

ილუსტრაცია დაგვეხმარება შევადაროთ ერთმანეთს ქვეყნების ტერიტორიული (შესაძლო) დანაკარგები.

(რუკაზე წითლად აღნიშნულია ფინეთისა და უკრაინის დაკარგული ტერიტორიები)

12026515_1173518172662130_299586062_n

ნიშნავს თუ არა ნეიტრალიტეტი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკურ თავისუფლებას, როგორც ეს იყო ფინეთის შემთხვევაში (ეს უკანასკნელი მოსაზრება სადავოა ბევრი მკვლევარის აზრით)? სამწუხაროდ, უკრაინა და საქართველო განსხვავდებიან ფინეთისგან, ისევე როგორც რუსეთის სტრატეგიული ინტერესები ამ ორი ქვეყნის მიმართ განსხვავდება საბჭოთა კავშირის ინტერესებისგან ფინეთის მიმართ. შესაბამისად პასუხი კითხვაზე არის - არა!

  • - უპირველეს ყოვლისა, თუ საქართველო და უკრაინა დათანხმდებიან ნეიტრალიტეტს, საეჭვოა რამდენად უზრუნველყოფს ეს გადაწყვეტილება ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას. მაგალითად, შესაძლოა უკრაინამ აღმოსავლეთი ნაწილები შეინარჩუნოს, თუმცა ყირიმის მოხვედრა გარიგებაში ნაკლებად სავარაუდოა. საქართველოს შემთხვევაში, მოლაპარაკებების დაწყება გამთლიანებაზე ილუზიაა (რუსებს არ უჭირთ შემოთავაზებების გაკეთება და თუ ეს შემოთავაზება ექნებოდათ აქამდეც გააკეთებდნენ). სინამდვილეში  რუსეთს არ სჭირდება ნეიტრალიტეტი საქართველოსა და უკრაინაში. მას აწყობს არასტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება ტერიტორიული კონფლიქტების გახანგრძლივებით, რადგან ეს რუსეთისთვის რეგიონში გავლენის შენარჩუნების ნაცადი საშუალებაა.

  • - ასევე, თუ ნეიტრალიტეტი იქნება მოლაპარაკებების საგანი, სავარაუდო შემოთავაზება (თუ ეს შემოთავაზება საერთოდ იქნება) შეიძლება იყოს ფედერალიზაცია ორივე ქვეყნის შემთხვევაში, რომლის პირობებშიც ფედერალურ ერთეულებს ექნებათ ვეტოს უფლება საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას (რაც თავისთავად შექმნის პრობლემას საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისთვის, ვინაიდან პრო-რუსული მარიონეტული რეჟიმები გაატარებენ რუსეთისთვის სახარბიელო პოლიტიკას). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არაა თვითმიზანი, არამედ მიზნის მიღწევის საშუალება. მიზანი კი არის იმ ყველაფრისგან გათავისუფლება, რაც ასოცირებულია რუსეთთან (კორუფცია, არადემოკრატიული მმართველობა, სიტყვის თავისუფლების და თავისუფალი მედიის ჩახშობა და ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ნებისმიერ ზომებს მიმართავს, როდესაც საფრთხის ქვეშ გრძნობს თავს)

  • -ეკონომიკური თავისუფლებაც ეჭვის ქვეშაა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლასა და აგრესიას ადგილი ჰქონდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ. აშკარაა, რომ უკრაინა (ასევე მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის საქართველოც) ევრაზიული კავშირის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია.

მაშასადამე, რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისა და ქმედებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ ნეიტრალიტეტი და ეგრეთწოდებული "ფინლანდიზაცია" არ არის მისაღები და მომგებიანი არჩევანი უკრაინისა და საქართველოსთვის. ფინელი კარიკატურისტის კარი სუომალაინენის მიხედვით "ფინლანდიზაცია" ესაა - თავის დახრისა და ზურგის შექცევის ხელოვნება. თუმცა, ქართველებისა და უკრაინელების ბრძოლა არ არის გამიზნული არც ვინმესთვის თავის დასახრელად არც ზურგის შესაქცევად. ეს ბრძოლა იმართება განვითარებისა და რეფორმირებისთვის, დემოკრატიული და ღირსეული მმართველობისთვის, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული აპათიის მორევიდან თავის დაღწევისთვის და რაც მთავარია, ესაა ბრძოლა არსებობისთვის!