ახალი გეორგევსკი ტრაქტატი – ვინ რას ითხოვს?

5 აგვისტო 2025 Shadow

“დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთს და საქართველოს ერთმანეთის მხარდაჭერა ჭირდება და აუცილებელია გაფორმდეს სამოკავშირეო ხელშეკრულება თანასწორი პირობებით, როგორც ეს ხდება ორ თანასწორ სუვერენულ ქვეყანას შორის. ეხლა ჩვენგან არის დამოკიდებული რუსებთან რა "სდელკას"დავდებთ! ერთმანეთს ვჭირდებით,ეს სულ სხვა გარემოებაა 242 წლის უკან სულ სხვა გარემოება იყო.!” - გვამცნობს პარტია “სოლიდარობა მშვიდობისათვის” საერთაშორისო მდივნის, მამუკა ფიფიას 2025 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც გეოლოკაციად მოსკოვი, წითელი მოედანი აქვს მონიშნული.

“ქართული ოცნების”  დასავლეთთან ღია დაპირისპირების პარალელურად, საქართველოში მოქმედმა ღიად პრორუსულმა ჯგუფებმა უკვე მეორე წელია აქტიურად გააცოცხლეს  “ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის” (ანაც “გეორგიევსკის ტრაქტატი - 2”) კონცეფცია. 2024 წლის 4 აგვისტოს, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პარტიის საერთაშორისო მდივანმა, მამუკა ფიფიამ, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, განაცხადა: “დაიწყოს კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის პირობების მომზადება მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული კავშირის უსწრაფესად აღდგენის პერსპექტივით, - მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა.”...  „დროა, აღვადგინოთ უშიშროების ერთიანი სისტემა, ჩვენს ხალხებს სჭირდება ახალი გეორგიევსკი, ჩვენს ხალხებს სჭირდება ახალი კავშირი.“

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” 2021 წლის 2 თებერვალს დარეგისტრირდა, თუმცა 2023 წლის დეკემბერში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. პარტიის ლიდერებს ახლო ურთიერთობა აქვთ ყოფილი მთავარი პროკურორის, აშშ-ს მიერ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობის მოტივით სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან. მისი შვილი, ანდრია ფარცხალაძე ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო, ხოლო 2025 წლის 9 მაისს, ფიფია და ოთარ ფარცხალაძე წითელი მოედნიდან აქვეყნებენ ერთობლივ ფოტოს.

2025 წლის ივლისის მიწურულს, პარტიამ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” და სხვა პრორუსულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა კვლავ გააქტიურეს ტრაქტატის შესახებ საუბრები: 2025 წლის 4 აგვისტოს, პარტიის მცირე ჯგუფმა, 4 ადამიანის შემადგენლობით,  კიდევ ერთხელ აღნიშნა “გეორგიევსკის ტრაქტატის” წლისთავი. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მათი პოსტი გვამცნობს: “პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს ერეკლე მეფის ძეგლი და საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენეს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობა.” აღნიშნულ “ღონისძიებაზე” პარტიის წევრებმა გააჟღერეს მიმართვაც: “დღეს, 4 აგვისტოს, ერეკლე მეფის ქალაქ თელავიდან, უკვე საქართველოს 100 000-ზე მეტი ზრდასრული მოქალაქის მხარდაჭერით ზურგგამაგრებულნი მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან… არ გადადოთ და დროულად დაიწყეთ დიალოგი ოფიციალურ მოსკოვთან!”

 

რუსული პროპაგანდისტული პლატფორმის, "Соловьев лайв"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მამუკა ფიფიამ აღნიშნა, რომ 7 მაისს დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენის თაობაზე. ფიფიას განცხადებით, მათ 84.000 ხელმოწერის შეგროვება შეძლეს “ეგრეთ წოდებული დასავლელი მეგობრების” პლატფორმაზე - manifest.ge, მიუხედავად იმისა რომ “პროვოკატორებმა” მათ ამ პროცესში ხელი მრავალჯერ შეუშალეს და ვებგვერდი 21-ჯერ გაუთიშეს.[1] “ასავალ-დასავალთან” მიცემულ ინტერვიუში, მამუკა ფიფიამ ახსენა, რომ მათ 140 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს ყოველგვარი რეკლამის და საზოგადოებრივი აქტიურობის გარეშე.

მამუკა ფიფიას მხარს უბამენ სხვა აქტორებიც: ონლაინ-გადაცემაში „სოლიდარობა მშვიდობისათვის“, პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტებისა“ და “სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ”, ფრიდონ ინჯიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ: “ათასობით ადამიანი მომხრეა,  რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყოს დიალოგი რუსეთთან  და მე ვფიქრობ,  რომ არა  უდიდესი წნეხი დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ეს მოლაპარაკებები, დიდი ხნის წინ იქნებოდა დაწყებული.”

ფრიდონ და ილია ინჯიებსა და მათი ოჯახის წევრებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. მათი ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორია რუსული კომპანია “ვესტელკომი”, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია “როსტელეკომის" შვილობილი კომპანიაა.

ფრიდონ ინჯია საქართველოს მე-5 (2000-2004) და მე-10 (2021-2024) მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2024 წლიდან კი პარლამენტარობის ოჯახურ ტრადიციას მისი შვილი, ილია ინჯია აგრძელებს, რომელიც საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია საარჩევნო სუბიექტიდან - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". თუმცა, 2025 წლის თებერვალში  მან უმრავლესობა დატოვა და, მამის მსგავსად, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ - „ევროპელ სოციალისტებში” გადავიდა. ილია ინჯია არის “ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი იმ საგამოძიებო კომისიის წევრიც, რომელიც მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი “იძიებს” და დასკვნას 2025 წლის სექტემბერში წარადგენს.

ცალსახაა, რომ ინჯიათა ოჯახის ინტერესები დაკავშირებულია რუსულ ბიზნესთან და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენასთან. ამას ფრიდონ ინჯიას მიერ წლების მანძილზე გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადებაც მოწმობს, მათ შორის რუსულ საგადასახადო სისტემა „Мир-თან“ მიერთებაზე.

გააქტიურებული არიან საქართველოს შიგნით მოქმედი სხვა აქტორებიც: მაგალითად, გაზეთი “ასავალ-დასავალი”, 2025 წლის 28 ივლისი - 3 აგვისტოს ნომერში (№31/ 1602) აქვეყნებს ინტერვიუს რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატთან, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლეონიდ კალაშნიკოვთან და მამუკა ფიფიასთან სათაურით - “დიდი კომპრომისების დროა!”.

კალაშნიკოვის თქმით: “ახლა უკვე რუსი საზოგადოება ხედავს, რომ ქართველებს შორის რუსეთის მეგობრები მეგობრად დარჩნენ, ხოლო მტრებმა ის დოტაციებიც დაკარგეს, რაც ამერიკელებისგან გააჩნდათ!... ახლა რუსებისთვის უკვე გასაგებია, რომ საქართველოს პოლიტიკურ ვერტიკალს თავისი სახელმწიფო რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მიჰყავს და დასავლეთის აგრესიული წრეების დაკვეთას - როგორღაც საქართველო რუსეთთან წინააღმდეგობაში ჩაითრიონ არ ასრულებს!”

 

გიორგევსკი ტრაქტატი, ერეკლე მეფე და სიმბოლიზმი

როგორც ჩანს, “ახალი გეორგევსკის ტრაქტატი” არ არის მხოლოდ მცირე პრორუსული ჯგუფის მიერ ინიცირებული კამპანია და უფრო ფართო საინფორმაციო და პოლიტიკური კონტექსტის ნაწილია. მათი ქმედებები უკვე გასცდა სოციალური ქსელებისა და განცხადებების ფორმატს და აქტიურ ღონისძიებებშიც გადაიზარდა.

საინტერესოა აღნიშნულ პროცესში ისტორიული სიმბოლიზმი - ერეკლე II-ის ფიგურის გამოყენებაც. პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავის ქმედებებს პირდაპირ უკავშირებს მეფის სახელს. ისინი გეორგიევსკის ტრაქტატის წლისთავებს თელავში, ერეკლე მეფის ძეგლთან მართავენ და ბანერზე მისი პორტრეტი და საქართველოსა და რუსეთის დროშები აქვთ დატანილი.

 

დამთხვევა ვერ იქნება ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებია ერეკლე II-ის სახელი წამოწია სახელისუფლებო პროპაგანდამაც, რადგან ეს ყველაფერი ირიბად ეხმიანება რუსეთთან ურთიერთობის დალაგების კუთხით “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას. ისტორიული პარალელებისა და ნარატივების წამოწევით  შესაძლოა პარტია რუსეთთან დაახლოების ნაბიჯების საკუთარ მხარდამჭერთა შორის ლეგიტიმაციას ცდილობდეს. “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა 2024 წლის არჩევნებამდე განაცხადა, რომ ერეკლე (მეფე) “არის ერთ-ერთი უმთავრესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქართულ საზოგადოებას შეუნარჩუნა იდენტობა.”[2] იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებაზე აპელირება “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ერეკლე II-ის ეპოქისა და კონტექსტის გააზრების გარეშე თანამედროვეობაში გადმოტანა კი ისტორიით მანიპულირებას წარმოადგენს და რუსეთთან დაახლოების ლეგიტიმაციისათვის გამოიყენება.

კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა სპიკერმა და პოლიტიკის გამხმოვანებელმა, მარგარიტა სიმონიანმა 2025 წლის აპრილში განაცხადა - “1795 წელს, თბილისში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, რომლის დროსაც დახოცეს მთელი მოსახლეობა, უსასტიკესი, ცინიკური გზებით, თბილისელებს ხიდზე აძალებდნენ შეეფურთხებინათ ღვთისმშობლის ხატისთვის და ვინც უარს ამბობდა, მათ არაადამიანურად აწამებდნენ [...] ამის შემდეგ, ერეკლე მეფემ, მუხლმოდრეკით, (ვიმეორებ) მუხლმოდრეკით! სთხოვა რუსეთს შეფარება. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და წელს ომი დასრულდა, ჩვენ კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა-რუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ.” აღსანიშნავია, რომ არც ერთ პრო-სამთავრობო პროპაგანდისტსა თუ 2022 წელს ერეკლე მეფის “დასავლეთისგან მართული ლიბერალური ჯგუფებისგან დამცველს,” აღნიშნულ განცხადებაზე საჯარო პროტესტი არ გამოუთქვამთ. მაშინ როცა ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია მრავალი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი მრავალმხრივ მეტყველებს ერეკლე მეფის სახელის ინსტრუმენტალიზაციაზე შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის.

 

შეჯამება

დღეის მდგომარეობით მარგინალური, პრორუსული ჯგუფები აქტიურად ცდილობენ საქართველოში „ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის“ იდეის დანერგვას. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ რუსეთთან დიპლომატიური, პოლიტიკური და სამხედრო კავშირის აღდგენისკენ, კამპანიის მიზნების მისაღწევად კი ახდენენ ერეკლე II-ის ფიგურის და იმ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილების აქტუალიზაციას.[3]

აღნიშნული პროცესები არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც მხოლოდ ცალკეული პიროვნებების, ან რომელიმე მცირე ჯგუფის ინიციატივა — ისინი ემთხვევა ბოლო წლებში სახელმწიფო პროპაგანდის მიერ ერეკლე მეფის ფიგურის აქტუალიზაციას და შესაძლოა ირიბად უწყობდეს ხელს "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ლეგიტიმაციას. ამ მოძრაობას აქვს ფინანსური, კომუნიკაციური მხარდაჭერა, მათ შორის რუსულ ბიზნესთან დაკავშირებული პირების მონაწილეობით. „ახალი გეორგიევსკის“ იდეოლოგია თანხვედრაშია ხელისუფლების ზოგიერთ ქმედებასთან, რაც ეჭვებს აჩენს ამ ჯგუფების და მმართველი ძალის ინტერესების თანხვედრაზე. გეოპოლიტიკური შანტაჟისა და ისტორიული მითების გამოყენებით, ისინი ცდილობენ საზოგადოებაში რუსეთის აღქმის ნორმალიზებას, პრო-დასავლური საგარეო კურსის ცვლილებას და  ქვეყნისთვის „გადარჩენის გზად“ კვლავაც ჩრდილოეთს წარმოჩენას…

 

 

 

[1] აღსანიშნავია, რომ პლატფორმას  ხარვეზები აქვს და ამ ბლოგის წერის პროცესში, არაერთი მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია იქ შესვლა.

[2]https://kvirispalitra.ge/article/121651-mivesalmebi-erekle-mepis-zeglis-dadgmas-kaxetis-gzatkecilze-archevnebsac-movigebt-erekle-ii-is-zeglsac-davdgamt-da-is-tavad-gascems-pasuxs-qvelas-mat-shoris-sheizleba-zeglis-meshveobitac/

[3] ისტორიოგრაფიაში 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება ძირითადად პოზიტივისტურია მეფის რუსეთის ეპოქისა და ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში. ივანე ჯავახიშვილიდან მოყოლებული, თანამედროვე ისტორიკოსებით დასრულებული - დოკუმენტის მნიშვნელობის არაერთგზის კრიტიკული გადააზრება მოხდა და იგი აღიქმება, როგორც ნეგატიური მოვლენა საქართველოს ისტორიაში.