უხერხული წარსული

20 სექტემბერი 2022 Shadow

რეცენზია ნიკოლაი ეპლეს წიგნზე - „უხერხული წარსული“ (Николай Эппле «Неудобное прошлое»)

 

სტატია პირველად გამოქვეყნდა: https://www.colta.ru/articles/literature/28536-konstantin-sonin-kniga-neudobnoe-proshloe-nikolay-epple 

 

ნიკოლაი ეპლეს წიგნი - „უხერხული წარსული“ ეხება იმას, თუ როგორ მუშაობს ერებისა და საზოგადოებების კოლექტიური მეხსიერება, როგორ იკურნება სამოქალაქო ომებისა და მასობრივი ტერორის ჭრილობები, როცა მკვლელიც და მოკლულიც ერთ ქვეყანაში რჩება - ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა თანამედროვეობაში. ეპლემ შეაგროვა და შეარჩია მნიშვნელოვანი მაგალითები ვრცელი უცხოური ლიტერატურიდან და დეტალურად წარმოადგინა, თანამედროვე რუსეთის დისკუსიის კონტექსტში მოაქცია და მნიშვნელოვანი პარალელები გაავლო.

თუმცა, წიგნს გააჩნია ნაკლოვანებებიც: ავტორის მიერ წამოყენებული წინადადებები - წინსვლის გზა რუსეთისთვის - არ ასახავს იმ გამოცდილებას, რომელიც მან წიგნის სხვა თავებში აღწერა. ყველაფერი, რაც რთულად გამოიყურება სხვა ქვეყნების საზოგადოებრივი შერიგების წარმატებებისა და წარუმატებლობის ისტორიაში - გერმანიაში, სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში - მოულოდნელად აღმოჩნდება მარტივი და გასაგები რუსეთის შემთხვევაში. სხვა ქვეყნებში ძეგლებსა და მემორიალურ დაფებზე მეოცნებეების კეთილი ზრახვები რეალობას ამსხვრევს – ბევრს, პირიქით, დავიწყება სურს, ან - უფრო ხშირად - არ სურს გახსენება. 

ნიკოლაი ეპლე

ისტორიულ შემთხვევებში, რომელსაც ეპლი დეტალურად განიხილავს, კომპრომისები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიაში სიკვდილით დასაჯეს რამდენიმე ათეული დამნაშავე ნაცვლად ათასებისა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში; ისინი, ვინც გრძელვადიანი პატიმრობა მიიღეს ნიურნბერგში, გაათავისუფლეს ვადაზე ბევრად ადრე; ვერმახტის მრავალი გენერალი გაათავისუფლეს დანაშაულებში მათი მონაწილეობის სერიოზული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი. არგენტინაში პერიოდულად ამნისტია ეხებოდათ გენერლებს ე.წ. „ბინძური ხუნტიდან“ (ლათინურ ამერიკაში ეს გენერლები შეესაბამებიან სპეცსამსახურებს და შინაგან ჯარებს და არა ჯარს). ესპანეთში ფრანკოს რეჟიმის დანაშაულებები დემოკრატიის აღდგენის შემდეგ საერთოდ არ გამოუძიებიათ. სამხრეთ აფრიკაში მიიღეს კანონი, რომელმაც დაპირისპირების ორივე მხარის დამნაშავეები პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

რუსული კომპრომისის მაგალითი სრულიად ანალოგიურია ესპანეთის გამოცდილებისა: „სახელმწიფო ჭეშმარიტების“ ვარიანტი. მას თანმიმდევრულად იცავს პრეზიდენტი პუტინი. ეს კომპრომისი გულისხმობს, პირველ რიგში, დანაშაულის მსხვერპლთა აღიარებას და, მეორეც, დამნაშავეთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას იმდენად, რამდენადაც ისინი სახელმწიფო მანქანის ნაწილებს წარმოადგენდნენ. ეს კომპრომისი ანალოგიურია იმისა, რაც ესპანელებმა დაუშვეს ფრანკოსთან მიმართებით. ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთში აღიმართა მემორიალები, ძეგლები და მუზეუმები ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთათვის - იქნება ეს სამოქალაქო ომის ტერორი, სტალინის რეპრესიები თუ ჰიტლერის ჰოლოკოსტი. პრეზიდენტი პერიოდულად მონაწილეობს გახსნებსა და მემორიალურ ღონისძიებებში და წარმოთქვამს თანაგრძნობისა და ხსოვნის სიტყვებს. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ძეგლები და მემორიალები საკმარისად არ შენდება. ვიღაც სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას იმ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან მუზეუმების შემქმნელები და კურატორები - მაგალითად, პერმში, კარელიაში - ან საზოგადოება „მემორიალი“ საკუთარი საქმიანობისას. მეორეს მხრივ, ულტრა-სთეიტისტების, კონსერვატორების და ა.შ. თვალსაზრისით, ყველა ეს მუზეუმი და ძეგლი საერთოდ ზედმეტია. მსხვერპლთა ამოცნობა, სახელებისა და თარიღების გამოქვეყნება, ისტორიული ეპიზოდების ხსენება, როდესაც ისინი მოკლეს ან სიკვდილით დასაჯეს - ეს ყველაფერი იდეალურ სამყაროში ზედმეტია, არასაჭირო.

საბჭოთა პერიოდში საზღვრები სულ სხვაგან გადიოდა. საბჭოთა ხელისუფლება ფარავდა რეპრესიების მასშტაბებს და ცალკეულ ფაქტებს, არ ახსენებდნენ მათ (საკმარისია გავიხსენოთ კოლპაშევის სამარცხვინო შემთხვევა, როდესაც სტალინის დროინდელი მასობრივი სიკვდილით დასჯის მსხვერპლთა სამარხი შემთხვევით გაიხსნა და შემდეგ გაანადგურეს ბარბაროსული მეთოდებით), ზოგიერთ შემთხვევაში კი აქტიურად მალავდნენ სიმართლეს (მაგალითად, ნაცისტების მიერ განადგურებული სოფელ ხატინის ტრაგიკული ამბავი, რათა ისტორია შეერწყმოდა ჩეკისტების მიერ პოლონელი ტყვეების სიკვდილით დასჯის სამარცხვინო ისტორიას კატინში). მიზანმიმართული დუმილი ეხებოდა არა მხოლოდ სტალინისა და მისი მოხელეების დანაშაულებს (რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სასამართლომ არ გაასამართლა, თუმცა პოლიტიკურად რამდენჯერმე დაგმო), არამედ მტრების დანაშაულებებსაც - მაგალითად, ჰოლოკოსტსა და ნაცისტების მიერ ეთნიკური ნიშნით მკვლელობებსაც კი.

არ შეიძლება ითქვას, რომ მეხსიერების საბჭოთა ვერსია ასი პროცენტით ცალმხრივი იყო. რა თქმა უნდა, ჰოლოკოსტის, კაცობრიობის ისტორიაში გენოციდის  უდიდესი ეპიზოდის, ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ მილიონობით ევროპელი ებრაელის მკვლელობის თემა დიდწილად ტაბუდადებული იყო, თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ ასი პროცენტით. ევგენი ევტუშენკოს ლექსი „ბაბი იარი“, რომელიც ეძღვნება გერმანელების მიერ მშვიდობიანი რუსების მკვლელობას ეროვნებით ებრაელობის გამო, გაჭირვებით, მაგრამ მაინც გამოიცა სსრკ-ში. „სიმართლესთან კომპრომისის“ კიდევ ერთი მაგალითი, თუმცა უკიდურესად ცალმხრივი: შორეულ წარსულში იყო წიგნი „მუსია პინკენზონი“ - ამბავი ბიჭის შესახებ, რომელიც სიკვდილით დასაჯეს მშობლებთან და სხვა მშვიდობიან პირებთან ერთად ნაცისტური ოკუპაციის დროს. მუსიას გმირობა მდგომარეობს იმაში, რომ მან მკვლელების თვალწინ დაუკრა „ინტერნაციონალი“, იმ დროისათვის სსრკ-ის ჰიმნი. წიგნში არასად არის ნახსენები, რომ მუსიას ოჯახი ებრაელი იყო - მოთხრობაში ნაცისტები უბრალოდ მშვიდობიან მოსახლეობას დახოცავენ. ამავდროულად, სასაცილოა ვივარაუდოთ, რომ მოწამეობრივად დაღუპულმა პერსონაჟმა აშკარა ებრაული სახელით, ტირაჟის მასობრიობისა და სერიის მნიშვნელობის გამო, გაიარა ცენზურის ყველანაირი კონტროლი, იყო შემთხვევითი. სავარაუდოდ, ეს იყო, შენიღბული, თუმცა პირდაპირი მინიშნება ებრაელთა მასობრივ მკვლელობაზე.

 

მუსია პინკენზონის ძეგლი უსტ-ლაბინსკში

 

შემთხვევითი არ არის საბჭოთა მიდგომის დეტალურად აღწერა დღევანდელ რუსულ სახელმწიფოსთან შედარების მიზნით. წმინდა და სრული ჭეშმარიტების დამცველისთვის, „ნახევარი სიმართლის მიდგომა“ შეიძლება დიდად არ განსხვავდებოდეს სრული დავიწყების პოლიტიკისგან - ორივე შემთხვევაში დუმილი და თავშეკავება მნიშვნელოვანია. მაგრამ სრული დავიწყების, ნახევრად სიმართლის, არასრული ინფორმაციის მხარდამჭერისთვისაც კი, გამოუთქმელი დასკვნა შეიძლება დიდად არ განსხვავდებოდეს დოკუმენტების სრული გამჟღავნებისაგან და ყველა დასკვნის ოფიციალური არტიკულაციისგან. მაგრამ ეს არის კომპრომისის არსი - კომპრომისის შედეგად ორივე მხარე რაღაცას სწირავს, კარგავს მნიშვნელოვანს, რჩება უსიამოვნო გემო პირში... კომპრომისი ყოველთვის არის დათმობა, უკმაყოფილების განცდა.

ავტორს, წიგნის მესამე ნაწილით თუ ვიმსჯელებთ, კომპრომისს ასე წარმოუდგენია: სტალინისტები მუხლებზე დახოხავდნენ და აღიარებენ სტალინისა და მისი მომხრეების პასუხისმგებლობას დანაშაულებზე სრულად, ყველა კატეგორიის მსხვერპლის მიხედვით. ყველა მათგანი ხმამაღლა ეთანხმება სამეცნიერო ისტორიული მტკიცებულებების მთელ კორპუსს. ამისთვის მათ არ დევნიან და ისინი არ კარგავენ უფლებებს. ეს ყველაზე მეტად ჰგავს მოკავშირეების მოთხოვნას - სრულიად სამართლიანს ჰიტლერული გერმანიის მიმართ, რომელიც ითვალისწინებდა "უპირობო დანებებას". მაგრამ იმისთვის, რომ გერმანია და იაპონია დათანხმებულიყვნენ უპირობო დანებებაზე, მოკავშირეთა ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს ჰიტლერის ბუნკერს, ფიზიკურად გაანადგურეს გერმანული ჯარები და დამანგრეველი ატომური ბომბები ჩამოაგდეს იაპონიის ქალაქებზე. ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა. ამის ახსნის მცდელობას წარმოადგენდა რამდენიმე წლის წინ გამოცემული ნარკვევი - „ეიხმანი მოსკოვში“: თუ სიმართლე იცი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დარწმუნდება, როცა ინფორმაცია გამჟღავნდება. ამის წინაპირობას მიზეზების მთელი რიგი წარმოადგენს - ფსიქოლოგიური, პოლიტიკური, მორალური - რის გამოც ფაქტების საწინააღმდეგო შეხედულებები დომინირებს ნებისმიერ ახალ ინფორმაციაზე. როდესაც ადამიანს აჩვენებენ სტალინის დანაშაულის მსხვერპლთა ფოტოებს და ის ამბობს: "სტალინი დიდი პიროვნება იყო!" - ეს შეიძლება იყოს ფსიქიკური სიყრუის და სისულელის ნიშანი, მაგრამ შეიძლება იყოს პირიქითაც - სხეულის რეაქცია ტრავმული მოვლენის შეხსენებაზე.

მაშ, როგორ უნდა მოიქცეს მკითხველი წიგნთან, რომელიც იწყებს დიდ საუბარს, მაგრამ არ წარმართავს მას ისე, როგორც საჭიროა? ეჭვგარეშეა, „უხერხული წარსული“ რუსეთის ისტორიით ყველა დაინტერესებულის ყურადღებას მიიქცევს. იმის გამო, რომ როგორიც არ უნდა იყოს რუსული გამოცდილება, ის მრავალი თვალსაზრისით უნიკალური არ არის და ბევრის სწავლა შეიძლება სხვა ქვეყნების ისტორიიდან. როგორ გაუმკლავდნენ ქვეყნები უხერხულ წარსულს? რა ხდება, როცა ზოგს სურს აღმართოს ძეგლები და მემორიალური დაფები, რადგან მათ არ შეუძლიათ გახსენების გარეშე ცხოვრება, ზოგს კი - სრულიად გულწრფელად - სურს ყველაფრის დავიწყება?