რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომელი, კავკასიის პრობლემათა ცენტრის წარმომადგენელი ნიკოლოზ სილაევი სასაზღვრო პოლიციამ საქართველოში არ შემოუშვა და ბათუმის აეროპორტიდან უკან, მოსკოვში გააბრუნა.
აღსანიშნავია, რომ სილაევი პერსონა ნონ-გრატად იყო გამოცხადებული საქართველოში 2012 წლამდე, სანამ ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდოდა. მსგავსი ფაქტი მოხდა 2009 წელსაც, როდესაც ის თბილისის აეროპორტიდან გააბრუნეს. ამ ამბავთან დაკავშირებით მან თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა:
„2013 წლიდან მე ბევრჯერ ვიყავი საქართველოში და არაფერი ხელისშემშლელი ფაქტორი არ შემხვედრია. არც გამიგია, რომ ხელისუფლებაში მყოფ "ქართულ ოცნებას" ვინმეს შესვლაზე საქართველოში უარი ეთქვა. ახლა რა ხდება? რატომ გაუჩნდა, პირველად 2012 წლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" სააკაშვილისეული ახირებები?"
ბოლო პერიოდში ქვეყანაში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა აქტუალური საკითხი გახდა. სილაევის გვარი ფიგურირებს IDFI-ს მიერ ჩატარებულ კვლევაშიც „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე“.
რუსული „კავკასიური თანამშრომლობა“, რომლის ხელმძღვანელიც ნიკოლაი სილაევია , პარტნიორია ევრაზიული ინსტიტუტის დამფუძნებლების მიერ დაარსებული იგივე სახელწოდების ქართული ორგანიზაციის. “საქინფორმის” ცნობით, ქართული ორგანიზაცია რუსულისგან იურიდიულად დამოუკიდებლად მოიაზრება, თუმცა ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს რუსულ ორგანიზაციასთან. საქართველოში მოქმედი „კავკასიური თანამშრომლობის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის- გულბაათ რცხილაძის თქმით, „ორგანიზაციის მიზანია, ქართულ-რუსულ სამეცნიერო, ექსპერტულ წრეებში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ოდესღაც არსებული ნაყოფიერი სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენა. ქართულ და რუსულ ორგანიზაციას საერთო ვებგვერდი აქვს - „რუსეთი-საქართველო: საექსპერტო დიალოგი“ georgiamonitor.org, სადაც ინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზე ქვეყნდება.
ასევე, ნიკოლაი სილაევმა 2012 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამოსცა კვლევა „საქართველო არჩევნების შემდეგ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები“, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთის შერიგებას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთ-ერთი დასკვნის სახით აღინიშნა, რომ რუსეთში განათლების მიღება კვლავ უნდა გახდეს ქართველი აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი რეალური შესაძლებლობა, ვინაიდან „ქართველი ახალგაზრდები სასწავლებლად მიდიან ევროპაში და აშშ-ში და ხშირად არ გააჩნიათ რუსული ალტერნატივა“. ამავე კვლევის თანახმად, „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მხარეებს შორის სოციალურ-ეკონომიკური კავშირების აღდგენა შეიძლება გამოიხატოს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის ადამიანების, საქონლის, კაპიტალის და მომსახურების გადაადგილების ერთიანი სივრცის შექმნაში, რუსეთის უშუალო მონაწილეობით, რომელიც უნდა გახდეს ამ სივრცის სტრუქტურული ნაწილი“.