“დოჟდის" ინტერვიუ ნინო ქათამაძესთან

19 ივნისი 2024 Shadow

9 ივნისს ტელეკომპანია “დოჟდმა” ქართველ მომღერალთან, ნინო ქათამაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ეხებოდა რუსების მიმართ დამოკიდებულებას, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ბრძოლას თავისუფლებისთვის.

 

საუბრის ძირითადი ნაწილი შეეხებოდა საქართველოში ახლახან მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, რომლის ინიციირებისა და მიღების პროცესსაც საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

 

ქათამაძემ “დოჟდთან” ინტერვიუში ისაუბრა საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ გულწრფელ მიზნებზე, ქვეყნის თავისუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში. მან ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ერთიანობას - აქციების მსვლელობისას დაშავებულების დახმარების, თანადგომისა და ჩართულობის პროცესებს. აღნიშნა, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელიც მუშაობდა ჟურნალისტად სახელისუფლებო არხებზე, დატოვა სამსახური, ზოგი კი სამსახურიდან გაუშვეს განსხვავებული აზრის გამო - “ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი, თავისუფალი სიტყვა მეორე მხარეს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სამსახურის გარეშე დარჩებით.”

 

ნინო ქათამაძემ აღნიშნა, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად პროტესტი გამოხატეს უნივერსიტეტებმა, რომლებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს და შეჩერდა სასწავლო პროცესი - “ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ გაუქმდეს აგენტების კანონი გარდა იმისა, რომ კანონი ეხება ორგანიზაციებს, ის ეხება ინდივიდებსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ უფლება მოითხოვონ თქვენგან პირადი ინფორმაცია, აბსოლუტურად ნებისმიერი ინფორმაცია… თუნდაც ისეთი პირადი ხასიათის, რომელიც აბსოლუტურად ინტიმური და თქვენია, და თუ უარს იტყვით  ინფორმაციის გაცემაზე, დაგეკისრებათ ჯარიმა, თუმცა მხოლოდ ეს არ გათავისუფლებთ… “

 

ტელეკომპანია “დოჟდის” ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს ყურადღება გაამახვილა რუსეთში არსებულ აგენტების კანონზე და აღნიშნა, რომ ეს კანონი ”ჯერ კიდევ ჩვენს თვალწინაა რუსეთში და, უბრალოდ, სახელმწიფოს მტრების ძიების პროცესად იქცა.”

 

- ამიტომ ჰქვია მას რუსული კანონი. ამას ეძახიან მიზეზის გამო და არა იმიტომ, რომ ვიღაცას გაუჩნდა აზრი, რომ ეს რუსულია. მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ვნახეთ, 2020 წლიდან როგორ განვითარდა ეს კანონი და რა დაგემართათ რუსეთში 12 წლის განმავლობაში… რუსეთში არის ხალხი, ვისაც სურს თავისუფლების ხმის გაგონება, მაგრამ ამ ქვეყანას არ შეუძლია თავისუფლების მიცემა… საქართველოს ხელისუფლებამ უმალვე გადმოიტანა ეს გამოცდილება აქ და მაშინვე მიიღო ეს კანონი გაერთიანებული ფორმით, რათა არ დაეკარგა 12 წელი.  ჩვენ ვნახეთ, რომ ერთდროულად 300,000 ადამიანი გამოდის ქუჩებში, 300,000… მოსახლეობის 10%... ვფიქრობ, ევროპელმა ლიდერებმა სწორად თქვეს, რომ ახლა ევროპის დედაქალაქი თბილისია”, - ნინო ქათამაძე.

 

ქათამაძემ ასევე ისაუბრა ხალხის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალაზე, რომელსაც არაპროპორციულად მიიჩნევს და აღნიშნავს - “მე ვფიქრობ, რომ ეს ის ხალხია [იგულისხმება ძალოვნები], ვინც რეალურად სიღარიბეში გაიზარდა, ეს ის ხალხია, ვინც არ იცის სხვა ტაქტიკა, გარდა კორუფციის გზით კარგი ცხოვრების მიღებისა, ეს ის ხალხია, ვისაც ცუდი განათლება აქვს, რომელმაც არაფერი იცის ძალადობის გარდა, რათა შეასრულონ სხვისი კანონები, ანუ სხვა ადამიანების ბრძანებები. მეჩვენება, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩუმად არიან და ეს ჩვენთვის უფრო საშინელებაა, ვიდრე ის ხალხი, ვინც ვიცით, რას აკეთებს.”

 

ჟურნალისტი: გჯერათ, რომ ეს კანონი გაუქმდება და საქართველო არ გადაუხვევს ევროპულ გზას?

- მე მჯერა, რომ ეს კანონი აუცილებლად გაუქმდება. დიახ, თუნდაც არ გაუქმდეს, ეს ხელისუფლება მაინც წავა ოქტომბერში.

 

ჟურნალისტი: დარწმუნებული ხართ რომ აღარ აირჩევენ?

- დარწმუნებული ვარ. ყველა ღრმად გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ადამიანთა სულების წინაშე, ვინც სიცოცხლე გასწირა იმ თავისუფლებისთვის, რომელიც დღეს ქუჩაშია და პროტესტს განაგრძობს, რადგან სხვა არავინ ფიქრობს იმ დედებზე, რომელთა შვილებიც თაობების განმავლობაში იბრძოდნენ. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ცხოვრებიდან წასულ ადამიანებს და გვაქვს ბევრი ისტორია და ბევრი მაგალითი, რომელიც აბსოლუტურად არავის მოუტანს სიმშვიდეს, თუ არ მივალთ იმ გზაზე, სადაც მივდივართ. ამიტომ მჯერა, რომ ძალა, რომელიც ახლა ქუჩაშია, არის ყველაზე ლამაზი ცივილიზებული, ჭკვიანი და ყველაზე მართალი ძალა მთელ მსოფლიოში.

კითხვა ადამიანებს კი არ უნდა დავუსვათ, არამედ მთელ სახელმწიფოს, კითხვა ღირებულების შესახებ - ან გვაქვს ევროპული სამოქალაქო, თავისუფალი არჩევანი, კარგი ცხოვრება, სწორი ცხოვრება, სწორი განათლება… სახელმწიფო დაზღვევა, სწორი ინსტიტუტები… დიახ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ეს მიმართულება, ან თქვენ უნდა აირჩიოთ ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს, რომ თუ წავალთ რუსეთში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი შვილები წავლენ უკრაინაში საბრძოლველად, ანუ აიძულებენ მათ იბრძოლონ უკრაინაში და მოკლან სხვა.”