საქართველო და რუსეთი ნოე რამიშვილის თვალთახედვით

27 თებერვალი 2025 Shadow

 

ავტორი: გიგა ჩალიგავა, ისტორიის დოქტორანტი, მკვლევარი

 

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველ თავმჯდომარესა და შემდგომში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრს – ნოე რამიშვილს (1881-1930) ეკუთვნის ნაშრომი სახელწოდებით “საქართველო და რუსეთი”, რომელიც მან 1924 წლის დეკემბერში, პარიზში დაასრულა. ნაშრომი მიმოიხილავს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არსებულ საერთაშორისო ვითარებას. ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც ბოლშევიზმისა და ფაშიზმის აღზევებაა, რომელიც ვუდრო უილსონის მიერ შემოტანილი ე.წ. “უილსონიანური” იდეების სრულ ანტიპოდს წარმოადგენდა.  ნოე რამიშვილი ცდილობს ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილისა და ისტორიული ფუნქციის მიმოხილვას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო,  ნოე რამიშვილი იმედს არ კარგავდა, რომ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი საბჭოთა კავშირსაც შეუქმნიდა დიდ საფრთხეს და პატარა, დაპყრობილ ერებს კვლავ მისცემდა გათავისუფლების საშუალებას. 

 

“განა არ იცით თქვენ, რომ გათავისუფლების მოტრფიალენი თავისი საკუთარი ხელით უნდა გათავისუფლდნენ!” – სწორედ ეს სტრიქონები წაუმძღვარა ავტორმა ხსენებულ ნაშრომს, ჯორჯ გორდონ ბაირონის პოემიდან “ჩაილდ ჰაროლდი”. 

 

რამიშვილის ნაშრომის ორი ქართული გამოცემა. “არტანუჯი” – 2006. და “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი” – 2010.

 

შესავალში რამიშვილი აღნიშნავს, რომ რუსმა კომუნისტებმა შედარებით ადვილად შეძლეს უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქესტანის დაპყრობა, მხოლოდ საქართველო ენერგიული მოწინააღმდეგე გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა დაკარგა, იგი არ ერიდება და ცდილობს თავისუფლებისთვის ბრძოლასა და საბჭოთა რუსეთის უღლის გადაგდებას. რამიშვილი დადებითად აფასებს 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის აჯანყებას, რამაც მისი აზრით საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნა, რომ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა წარმავალია და ადრე თუ გვიან, კომუნისტები იძულებულნი იქნებიან ქვეყანა დაეტოვებინათ. თავის მხრივ, მოსკოვი ცდილობდა გაეტეხა ეროვნული მოძრაობა და თავისი ძალაუფლება მაქსიმალურად გაევრცელებინა მომავალი აჯანყების პრევენციისთვის. 

 

ამის დასადასტურებლად რამიშვილი ოკუპანტთა პრესაში გავრცელებულ ნარატივებს  იშველიებს, სადაც “ერთი მუჭა ქართველი მოღალატენი” და “მოსკოვის აგენტთა მიერ მოსყიდული და ჩეკას მიერ მორჯულებული კალმოსნები” დაჟინებით ამტკიცებენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია და აშინებდნენ მოსახლეობას, თითქოს თუ თვითონ დატოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას, მას აუცილებლად ოსმალეთი დაიპყრობდა. 

 

მოსკოვის იდეოლოგები ასევ წერდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაშიც კი ვინმეს “ლუკმა” გახდებოდა, მას კვლავ რუსეთი დაიპყრობდა, ამიტომ ოცნება დამოუკიდებლობაზე ეს მხოლოდ ფუჭი ილუზია იყო, შესაბამისად, საქართველოს საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩენას ბუნებრივ და აუცილებელ მოცემულობად წარმოაჩენდნენ. ნოე რამიშვილი სვამს შეკითხვას: “ვინაა მართალი – ქართველი ერი თუ ოკუპანტთა იდეოლოგები? საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი თუ მისი მესაფლავენი” – სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს ავტორი ჩვენს მიერ განსახილველ ნაშრომში. 

 

ნოე რამიშვილი თავის წერილს ოსმალეთის იმპერიის მიმოხილვით იწყებს და დასძენს, რომ რუსეთის შემოსვლას კავკასიაში მუსლიმური სახელმწიფოების აგრესიულმა პოლიტიკამ შეუმზადა ნიადაგი. თანამედროვე თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდა, ტერიტორიულად მასზე გაცილებით პატარაა და 10 მილიონ ადამიანს აერთიანებს. რამიშვილი წერს, რომ თურქეთში, ნებსით თუ უნებლიედ, პაციფისტური პოლიტიკა იმარჯვებს და ქვეყანა რეფორმებს იწყებს. საქართველოსა  და ამ ფორმაციის თურქეთს შორის ახლა შესაძლებელია კარგი ურთიერთობის დამყარება, რაც რუსეთის ინტერესს უქმნის საფრთხეს, რის გამოც, მათი ადგილობრივი აგენტები, იმპერიალისტები და იდეოლოგები ქართველებს თურქული საფრთხით აშინებენ და თვალს უხვევენ. ავტორი ერთპიროვნულად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა უპირველესად კავკასიონის ქედს გადმოღმა რუსული იმპერიალიზმის ალაგმვას გულისხმობს. 

 

მეორე თავს რამიშვილი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის თემას უთმობს, სადაც ეთანხმება მოცემულობას, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა. საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის დროს 1921 წლის თებერვალ-მარტში, ქვეყნის ტერიტორია 90 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა – 2.84 მილიონი მაცხოვრებლით. თუმცა, იმ წლის მოცემულობით, მსოფლიოში იურიდიულად აღიარებული 69 დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა (ამ რიცხვში არ შედის საბჭოთა რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული ქვეყნები, მაგრამ შედის პროტექტორატები: მესოპოტამია, ტიბეტი, ეგვიპტე). დიდ სახელმწიფოთა გამოკლებით (აშშ, ინგლისი, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, რუსეთი) რჩება 62 პატარა სახელმწიფო, მათი მოსახლეობის ანალიზი რამიშვილს ცალკე, დამატების სახით აქვს გამოტანილი, რომელშიც საქართველო 37-ე ადგილს იკავებს. 

 

რამიშვილის აზრით, რუსული კომუნიზმი სუსტი ერების დაპყრობით საზრდოობს. იგი განიხილავს პრორუსულ ნარატივს, რომ “საქართველო პატარა სახელმწიფოა, ეკონომიკურათ სუსტია და ამიტომ ნებით თუ უნებლიეთ ჩრდილოეთის დიდ სახელმწიფოს უნდა დაემორჩილოს”. რამიშვილი აანალიზებს რუსული კომუნიზმის იმპერიალისტურ ბუნებას და მის დამოკიდებულებას სუსტი ერების მიმართ. იგი კრიტიკულად განიხილავს პრორუსულ ნარატივს, რომლის თანახმადაც საქართველო, როგორც პატარა და ეკონომიკურად სუსტი სახელმწიფო, გარდაუვლად უნდა დაექვემდებაროს ჩრდილოელ დიდ სახელმწიფოს. ავტორი ასევე საინტერესო ანალიზს გვთავაზობს ლენინის მოსაზრებების ევოლუციასთან დაკავშირებით: თავდაპირველად იგი იცავდა პატარა ერების თვითგამორკვევის უფლებას და მიიჩნევდა, რომ მცირე სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ ეწინააღმდეგებოდა დიდი კაპიტალისტური სახელმწიფოს ეკონომიკურ გავლენას. თუმცა, მოგვიანებით მისი პოზიცია რადიკალურად შეიცვალა - კომუნისტების ახალი დოქტრინის მიხედვით, თუ მცირე ერი დიდი სახელმწიფოს ეკონომიკურ და ფინანსურ გავლენას განიცდის, მას აუცილებლად უნდა შეუერთდეს.

 

რამიშვილის შეფასებით, "ბოლშევიზმმა ფერი იცვალა" - დაიწყო პატარა ერების შევიწროება და იმპერიალისტური პოლიტიკის იდეოლოგიური გამართლება. მიუხედავად იმისა, რომ რამიშვილი ეთანხმება მოსაზრებას ეკონომიკის, როგორც პოლიტიკის საფუძვლის შესახებ, იგი ხაზს უსვამს თანამედროვე კაპიტალისტური სისტემის თავისებურებას: ფეოდალური იზოლაციონიზმის დასრულების შემდეგ, ქვეყნების ეკონომიკები ურთიერთდაკავშირებული გახდა სავაჭრო-სამრეწველო კავშირების მეშვეობით. ამგვარად, კაპიტალიზმმა მოახდინა მსოფლიოს გლობალური ინტეგრაცია.

 

რამიშვილი სვამს კითხვას: არის თუ არა რუსეთი ეკონომიკურად მზად, რომ ევროპა და ამერიკა დაიმორჩილოს და საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში “ძალით შეათრიოს”?. ეკონომიკური თვალსაზრისით მონარქისტული რუსეთი “ევროპის მაჩანჩალას” წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ აქ განვითარდა ინდუსტრია და საწარმოო დარგები, რუსეთში უცხოური კაპიტალი ბატონობდა. ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, ეს წარმოებები “მიანგრ-მოანგრიეს” და დაიტაცეს, ხოლო კაპიტალისტები გაძარცვეს. ბოლშევიკებმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  ოქრო-ვერცხლი მიითვისეს და მრეწველობა გაანადგურეს. მეფის რუსეთს უცხოეთში დიდძალი პური გაჰქონდა, ხოლო ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ შიმშილობა დაიწყო, რამაც 1921 წელს ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა, რომელთა რიცხვი კიდევ უნდა გაზრდილიყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ბოლშევიკები კონცესიებს აძლევდნენ ევროპულ სახელმწიფოებს და “თვით უმზადებენ რუსეთს კოლონიის ბედს უცხოელთა სასარგებლოთ და მათ სათარეშოთ, ასამაგიეროდ ითხოვენ სესხს თავისი ბატონობის გასახანგრძლივებლათ და საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში ძალით შერეკილ ერთა დასატუქსავათ”. თუმცა, რამიშვილს მოჰყავს ფაქტები, სადაც ევროპის ქვეყნები არ ენდობიან საბჭოთა რუსეთს, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი არ აძლევენ სესხებს. 

 

ავტორი ყურადღებით ადევნებდა თვალს ბოლშევიკების მოქმედებებს და წერს, რომ მათმა მოლაპარაკებებმა “უცხოეთის კაპიტალისტებთან” ერთი თვალსაჩინო ფაქტი გამოამჟღავნა – კერძოდ, კონცესიებზე საუბრისას ყოველთვის პირველ რიგში ბაქოს ნავთობთან ერთად საქართველოს შავი ქვა (მანგანუმი) იდგა. “ველიკორუსიის” სისუსტის შევსებას ბოლშევიკები აზერბაიჯანისა და საქართველოს სიმდიდრეთა კონცესიებით ცდილობდნენ მათი მმართველობაში დასარჩენად. რამიშვილის მოსაზრებით, ორიოდე სახელმწიფო გარდა, ერთმანეთზე ეკონომიკურადაა გადაჯაჭვული, ხოლო მოსკოველთა ლოგიკით ინგლისსა და შეერთებულ შტატებს უნდა შეუერთდეს, რაც აბსურდია და ასე აშიშვლებს ბოლშევიკების “ტლანქ იმპერიალიზმს”. 

 

მომდევნო თავი მთლიანად ეთმობა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის განხილვას. საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ, “რუსეთმა დაანგრია საქართველოს ეკონომიური ცხოვრება, მთელი სიმდიდრე გაზიდა და ადგილობრივი საწარმოვო ძალები შებოჭა. ამის მიუხედავად, ქართული ბონის კურსი მაინც უფრო მაღალი იყო, ვიდრე რუსული. “პატარა საქართველო ეკონომიკურათ და ფინანსიურათ უფრო ძლიერ აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი” ამიტომაც იყო, რომ მოსკოვის ბრძანებით ქართული ფული გაუქმდა, ბათუმი ჩაიკეტა, შედეგად, საბჭოთა რუსეთმა საქართველო ევროპას ძალით მოსწყვიტა.

 

ამის შემდეგ, რამიშვილი იწყებს საქართველოს ბუნებრივი რესურსების ანალიზს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი მანგანუმზე ამახვილებს, რომელსაც “მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს”.  რამიშვილის მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, 1913 წელს მსოფლიო ბაზარზე საქართველომ 1.061.731 ტონა მანგანუმი გაიტანა, ინდოეთმა 772.366 ტონა, ხოლო ბრაზილიამ 122.000 ტონა. პირველი მსოფლიო ომის დროს ჭიათურის მანგანუმის წარმოება დაეცა, რაც დარდანელის სრუტის ჩაკეტვამ და რუსეთის სამოქალაქო ომმა გამოიწვია.  საბოლოოდ, წარმოებას დაღი კი საბჭოთა რუსეთის შემოჭრამ დაასვა. საქართველოში საუკეთესო პიროქსიტი – შავი ქვაა. მანგანუმთან ერთად, რამიშვილი ჩამოთვლის სხვა წიაღისეულებსა და რესურსებს, რომლითაც მდიდარია საქართველო, მაგალითად: სპილენძს, ქვანახშირს, რკინას, ხე-ტყეს, მდინარეებსა და მათ ჰიდრავლიკურ ძალას. “არის უტყუარი ნიშნები ნავთისა [ნავთობი] – “რის დამუშავებას ხელოვნური ზომებით აჩერებდა მეფის მთავრობა”. ამასთან ერთათ, მსოფლიო ბაზარზე საქართველო ცნობილი იყო აბრეშუმით, ღვინით, თამბაქოთი და მატყლით, რამიშვილის შეფასებით, იშვიათია საქართველოსავით ბუნებრივად მდიდარი ქვეყანა. “საკმარისია ნორმალური წესების დამკვიდრება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენა, რომ საქართველომ თავისი ეკონომიური საქმიანობით ახლო მომავალში საპატიო ადგილი დაიკავოს სხვა ერთა შორის” – წერს ავტორი. რამიშვილი ასევე მიუთითებდა, რომ საქართველოს არ შეუძლია თავისი ძალ-ღონით ამ ბუნებრივი სიმდიდრეების დამუშავება და მას ესაჭიროება უცხოური კაპიტალის დახმარება. 

 

რუსი ეკონომისტების განცხადებით, საქართველო რუსული პურით იკვებება და რუსეთის საწარმოებიდან შემოსული პროდუქციით საზრდოობს, ამიტომ ის რუსეთის კოლონიაა და მას უნდა ემორჩილებოდეს. რამიშვილი წერს, რომ საქართველოს პირველ მსოფლიო ომამდე მართლაც შემოჰქონდა რუსეთიდან 2 მილიონი ფუთი პური, თუმცა, იმავე რუსეთში, 1913 წელს გაიტანა შემოტანილი პურის ეკვივალენტი –  2.745.000 მანეთის სიმინდი. ომის შემდეგ, რუსეთის წარმოება დაეცა, საქართველო რუსეთს ეკონომიკური კუთხითაც დაშორდა და უფრო მეტად დაუკავშირდა მსოფლიო ბაზარს. ავტორი მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანას პური დააკლდება, დასავლეთში უფრო ნაკლებ ფასად შეიძენს, ვიდრე რუსეთში. საქართველოში არსებული 260 კომპანიიდან, რომელიც მანგანუმს ამუშავებდა, არც ერთი იყო რუსული. აქ დაბანდებული იყო ქართული და დასავლური კაპიტალი, მანგანუმის 99% უცხოეთში გაჰქონდათ, ხოლო 1% რუსეთში. აბრეშუმის სართავი კომპანია საქართველოში ფრანგების კაპიტალით დაფინანსდა და მთლიანი აბრეშუმის პარკი საფრანგეთსა და იტალიაში გადიოდა საექსპორტოდ. ხე-ტყის ექსპლუატაციას ადგილობრივი და ევროპული კაპიტალი აწარმოებდა. რამიშვილი წერს, რომ ყველა დარგში მსგავსი სიტუაცია იყო და საქართველო, ისევე, როგორც კავკასია, ჯერ კიდევ მეფის რუსეთმა დაკარგა. 

 

დამოუკიდებლობის პერიოდში (1918-1921) ეკონომიკამ განვითარება დაიწყო. ტყიბულის ქვანახშირის წარმოება მეფის რუსეთის პერიოდში 4 მილიონ ფუთს [1 ფუთი = 16.3805 კგ] შეადგენდა, დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში კი 20 მილიონ ფუთ ქვანახშირს იძლეოდა. დამოუკიდებელმა საქართველომ კვლავ დაიბრუნა თავისი ისტორიული როლი, ყოფილიყო დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის. რამიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეს გეოგრაფიული მდებარეობა აზიის ერებსაც ეხმარებოდა განვითარებაში. რუსეთის ოკუპაციამ კი ქვეყანას ეს მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დააკარგვინა. დამპყრობლის ინტერესში კავკასიის ჩაკეტვა და აქ უცხოური ბაზრების მოსპობაა, ხოლო ამის საპირწონედ მისი ხელოვნური ბაზრის შექმნა. “საქართველოსა და საერთოთ, კავკასიის დამოუკიდებლობა მსოფლიოს ეკონომიური განვითარების იარაღია, ხოლო, რუსეთის ბატონობა კავკასიაში, პირიქით, მოწინავე ქვეყნებისთვის გზის გადაღობვაა”. რამიშვილის თქმით, რუსეთი “ეკონომიკური პარაზიტია” და მსოფლიოს უკან დახევას ემსახურება. “ის ქვეყანა, რომელიც კომუნისტებმა ველურობის ხანაში გადაისროლეს და სადაც კაციჭამიაობა ჩვეულებრივი მოვლენა შეიქმნა, ლამობს ისტორიის ჩარხი უკუღმა შემოატრიალოს და საქართველო ევროპას ჩამოაშოროს. ფუჭი ოცნებაა! მკვდარი ცოცხალს ვეღარ დაიჭერს, უცხოელთა სათარეშოთ გადაქცეული საბჭოთა რუსეთი საქართველოს ეკონომიურათ ვეღარ დაიმორჩილებს. რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ერთი მეორეს დაშორდა, საქართველომ ევროპისკენ გაიკაფა გზა” – წერს ავტორი. 

 

რუსეთის გეორაფიულმა მდგომარეობამ განსაზღვრა მისი სამომავლო გაძლიერება. მან მეთოდურად დაიმორჩილა პატარა ერები და “დედამიწის მეექვსედის მპყრობელი შეიქნა”. ორმა რევოლუციამ მხოლოდ შინაური გადაადგილება გამოიწვია, იმპერიალისტური პოლიტიკა კი კვლავინდებურად იგივე დარჩა. რუსეთი “უცხო ერთა დაპყრობით და მათი გაძარცვით სულდგმულობს”. ამას რამიშვილი იმით ხსნის, რომ უშუალოდ “ველიკორუსია” – ანუ შიდა რუსეთი ეკონომიკურად სუსტია, ხოლო მის მიერ დამორჩილებული ქვეყნები – უკრაინა, კავკასია, თურქესტანი და ციმბირი დიდ ბუნებრივ სიმდიდრეებს შეიცავს. რამიშვილი მიიჩნევდა, რომ ბოლშევიკების რეჟიმი ადრე თუ გვიან დაეცემოდა. ამ შემთხვევაშიც კი, “საქართველოს მტრებს” პასუხი მზად ჰქოდათ, თუ საბჭოთა კავშირი დაეცემოდა, რუსეთი მაინც გაძლიერდებოდა და საქართველოს დამოუკიდებლად არსებობაზე ფიქრი ფუჭი იყო. მეფის რუსეთს ბოლშევიკებმა ეკონომიკური საფუძველი გამოაცალეს და იმპერიალიზმის გადაგრძელებით მათ რეალურ ზრახვებს ფარდა ახადეს. თუმცა, დასავლეთთან იზოლაციით რამიშვილი საბჭოთა რუსეთის დაშლის საფუძვლებს ხედავდა, რასაც იმ პერიოდის რუსული წრეებიც არ მალავდნენ.  ავტორის აზრით, კომუნისტებიც ამჩნევენ, თუმცა გვერდს უვლიან ამ საფრთხეს, ცალ ხელში ხმლით იპყრობენ თავისუფლების მოყვარე ერებს, ხოლო მეორე ხელით თვალის ასახვევად “დამოუკიდებელ” და “ავტონომიურ” რესპუბლიკებში აწევრებენ. ცხადია, საბჭოთა კავშირი რადიკალურად განსხვავებულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული სახელმწიფო იყო, სახელმწიფოთა და ერთაშორისი თანასწორობა ინტერნაციონალისტურ ნიადაგზე მხოლოდ პროპაგანდის ლამაზი ნაწილი იყო. როგორც ავტორი წერს იგი არც თავისუფალი კავშირია და არც ფედერაცია, აქ ყველაფერი მოსკოვის ხელში გახლდათ. რუსი ერი, რომელიც უმცირესობაშია, გაბატონებულ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო უმრავლესობაში მყოფი სხვა ერები – დამორჩილებულია.  მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში არსებობენ ისეთი სახელმწიფოები, მაგალითად, ინგლისი, რომლის მოსახლეობაც 40 მილიონია და კოლონიებში 407 მილიონ ადამიანს მართავს, რამიშვილი აღნიშნავს, რომ ევროპელთა მდგომარეობა კოლონიებში შერყეულია. ინგლისი ქმნის დომინიონებს, რის შემდეგაც დამოუკიდებლობა მიიღეს ზელანდიამ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ და ავსტრალიამ. სხვა კოლონიების განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში დაისვა.  რუსეთი კი ბატონობს მოსაზღვრე ერებზე, რომელთაგან მრავალი, კულტურულად მასზე მეტად განვითარებულია. “ქართველი ერი, რომელიც რუსის ხალხთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალი კულტურის მატარებელია, ჯერ კიდევ ელის თავის განთავისუფლების დღეს” – წერს ავტორი. რამიშვილი იმედოვნებს, რომ ეს ერები დაიწყებენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საბჭოთა კავშირი დაიშლება. ისტორიული გამოცდილება და რეალობა რუსეთს არჩევანის წინაშე აყენებს, ან დამორჩილებულ ერებთან შეთანხმება, მათი ნებაყოფლობით გათავისუფლება და იმპერიალიზმზე უარის თქმა, ან ხანგრძლივი ბრძოლა მათი შენარჩუნებისთვის. რამიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთს იგივე ბედი ელის, რაც ავსტრია-უნგრეთს. 

 

ნოე რამიშვილი აღნიშნულ ნაშრომს საქართველოს 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ წერს, რომლის დაგეგმვაშიც თავად დიდი წვლილი შეიტანა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთ უკანასკნელ ქვეთავს ერთა თვითგამორკვევის საკითხს უძღვნის. “ეროვნული ბრძოლა დიდ დროსა და მსხვერპლს მოითხოვს” – წერს იგი და მაგალითებად მოჰყავს ბალკანეთის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, ფინეთისა და ირლანდიის შემთხვევები. ერს არსებობაზე უარის თქმა არ შეუძლია, ამიტომაც ბრძოლისთვის სხვადასხვა მეთოდს ირჩევს, იქნება ეს მშვიდობიანი თუ ამბოხება. “ხალხის მართვა-გამგეობა მისივე თავისუფალი ნება-ყოფლობით — ასეთია ქვაკუთხედი დემოკრატიის” – წერს იგი. დემოკრატია ერის თვითგამორკვევას გულისხმობს და რამიშვილი ხალხის სურვილს ყველაფერზე მაღლა აყენებს. ვუდრო უილსონის მიერ წამოყენებულ ამ პრინციპს, რიმელმაც ხალხთა ურთიერთობაში ახალი ხანა უნდა დაიწყოს, ავტორის აზრით, ორი ძალა ეწინააღმდეგება. ბოლშევიზმი და ფაშიზმი – ოღონდ არა ხალხის სურვილი, არამედ რამდენიმე პიროვნების ან მცირე ჯგუფის თვითნებობა. რამიშვილი მიიჩნევს, რომ ბოლშევიზმი და ფაშიზმი მსოფლიო ომით გამოწვეული არეულობით სულდგმულობს. ბოლშევიზმმა ხელი შეუწყო ფაშიზმის წარმოშობა-განვითარებას, მათ საერთო გზა აქვთ – ძალდატანება და ტერორი. მიუხედავად ამისა, ავტორი ვერ ხედავს ბოლშევიკურ-ფაშისტური იდეოლოგიის მომავალს, იმის ფონზე, რომ დემოკრატია ძალღონეს იკრეფს და მსოფლიო - ომის ჭრილობებს იშუშებს. რამიშვილი გვთავაზობს პოლიტიკურ პროგნოზებს, რომლის თანახმადაც, ფაშიზმის დღეები ან თვეები დათვლილია, როგორც იტალიაში, ისე ესპანეთში. დემოკრატიის ბატონობით დიქტატურას საფუძველი ეცლება. დემოკრატიის განმტკიცებას თან დღის წესრიგში განიარაღების საკითხიც შემოაქვს. პირველმა მსოფლიო ომა მშრომელთა საუკეთესო ნაწილი იმსხვერპლა და ძალიან ძვირი დაჯდა. ომმა დაასრულა ძველი იმპერიალიზმი, რომელსაც გერმანია, რუსეთი და ავსტრია-უნგრეთი მეთაურობდნენ და გზა გაუხსნა ბრიტანეთის იმპერიისა და აშშ-ის გალიდერებას. უნდა აღინიშნოს, რომ რამიშვილი უილსონისეული იდეალიზმის წარმომადგენელია, მისი აზრით, განიარაღებას დიდი მომავალი აქვს და ხელახალი მილიტარიზმი მსოფლიოს ძვირი დაუჯდება. თუმცა, ისტორია გვაჩვენებს, მეორე მსოფლიო ომი პირველის დასრულებიდან 20 წელიწადში დაიწყება. უილსონის ერთა თვითგამორკვევის პრინციპში ავტორი საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის იმედს პოულობს. “ეს ტენდენცია დამღუპველია რუსეთის იმპერიალიზმისთვის, ის პირველ რიგში კავკასიას უნდა გამოეთხოვოს” – წერს იგი. ორი დაპირისპირებული ბანაკის შედარებით, ამერიკა ევროპა / რუსეთის წინააღმდეგ, პირველი ბანაკი განიარაღებას ემხრობა, ხოლო მეორეს კვლავ იმპერიალისტური ზრახვები აქვს, შესაბამისად,  რუსეთის წინაშე კვლავ ორი ამოცანა დგება: ან დაემორჩილება ტენდენციას და განიარაღებას შეუდგება, ან ხმლით შეეცდება ახალი ავანტიურის წამოწყებას. რამიშვილი მიიჩნევს, რომ ხმლის არჩევის შემთხვევაში, რუსეთი გერმანიის იმპერიის ბედს გაიზიარებს და უეჭველად დამარცხება მოელის. ავტორი თვლის, რომ იმპერიალიზმის აღსასრული ახლოვდება და მსოფლიო ურთიერთობათა ახალ ეტაპზე გადადის. ეკონომიკური შეკავშირება და დემოკრატიის გავრცელება მილიტარიზმის წინააღმდეგ თავისუფალ ხალხთა ურთიერთობას ახალ ეტაპზე აიყვანს. რამიშვილი ამის განხორციელების იმედს “ერთა ლიგაში” ხედავდა. 

 

ავტორი კარგად აცნობიერებს, რომ “ერთა ლიგა” სუსტია და ომში გამარჯვებული კოალიციის იარაღი უფროა, ვიდრე თავისუფალ ხალხთა კავშირი, მაგრამ დემოკრატიის გავრცელებით ერთა ლიგის უფლებების ზრდასაც ვარაუდობს და მოჰყავს წარმატებული პრეცედენტები, რომელიც ორგანიზაციამ გადაჭრა. “იმპერიალისტურ თავდასხმას და პატარა ერთა დამონებას ნიადაგი თანდათან ეცლება. დამორჩილებულ ერთა განთავისუფლება ახლოვდება. კიდევ მეტი: ეს ისტორიული აუცილებლობა შეიქმნა.” – წერს ავტორი. 

 

დასკვნის სახით, ნოე რამიშვილი მოკლედ შეგვახსენებს საქართველოს ისტორიას, რომ საყოველთაო განთავისუფლების ტალღამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოც აიყოლია და ქართველმა ერმა “თვალები გამოიფშვნიტა, საღათას ძილს თავი დაახწია” და აღიდგინა დამოუკიდებლობა – 2000 წლიანი ისტორია. თუმცა, ეს ხანმოკლე გამოდგა, 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დაასრულა მისი დამოუკიდებლობა. რამიშვილი მოკლე შეჯამებას უკეთებს 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებასაც: “საქართველოს არ დაუყრია ფარხმალი, არ შერიგებია უცხო ხიშტების ბატონობას და მუდამ დღე სხვა და სხვა გზითა და საშუალებით დამოუკიდებლობის აღდგენას ელტვოდა. აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში 1924წ. ქართველმა ერმა იარაღით ხელში სცადა თავისუფლების მოპოვება, მაგრამ ამაოთ. აჯანყება დამარცხდა, რუსის ლაშქარმა სძლია ერთსულოვნათ ამოძღავებულ ქართველობას და აი მტერმა ააოხრა საქართველო და გაჟლიტა მისი საუკეთესო შვილები.” ამის მიუხედავად, რამიშვილს მიაჩნია, რომ ეს “ამაო ცდაა” რუსეთისგან და ქართველი ხალხი გამოწრთობილია ხანგრძლივ ეროვნულ და რევოლუციურ ბრძოლაში, აქვე ახსენებს რუსთაველის სიტყვებს: “ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა”.  რამიშვილი, ისევე როგორც სხვა ქართველები, იმედოვნებდნენ, რომ ბოლშევიზმი დაეცემოდა, ის ისტორიის მიერ განწირული იყო. იგი იზოლაციაში ექცევა და “კომუნიზმის სიკეთეების” შესახებ საგარეო ილუზიების მიუხედავად, განაგრძობს დეგრადაციას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ კონფლიქტში ხედავს სწორედ ავტორი საქართველოს მომავალს. რამიშვილი კვლავ ორ ალტერნატივას გვთავაზობს:  ან “ევროპა გაბოლშევიკდეს” ან – “რუსეთი გაევროპიელდეს”. პირველს აბსურდად მიიჩნევს. საბჭოთა კავშირსა და ევროპას შორის უფსკრულის ზრდა მიაჩნია ავტორს რუსეთის გაევროპელებისა და ბოლშევიზმის დაცემის საწყისად.

 

დაბოლოს, რამიშვილი წერს, რომ ქართველი ხალხი თვალს ადევნებს ამ ცვლილებებს – ხალხთა ურთიერთობის დასავლურ მოდელს და ახალ რეალობას, რომელიც საბჭოთა კავშირის გარეთ მიმდინარეობს. საქართველოს მოწინააღმდეგეები “ჩეკას” ეყრდნობიან, ქართველი ხალხი კი “ისტორიის ულმობელ და უძლეველ კანონს”. მას იმედი აქვს, რომ საქართველო გათავისუფლდება და ნაშრომს, დასაწყისის მსგავსად, ჯორჯ გორდონ ბაირონის ციტატით ასრულებს.  “ჩვენ სრული იმედით შევსქცერით მომავალს და დარწმუნებულნი, რომ ქართველი ერი ისარგებლებს შესაფერი მომენტით დამოუკიდებლობის აღსაღდგენათ და გასამტკიცებლად... თავისუფლების და მშვიდობიანობის მოტრფიალე კაცობრიობის სრული თანაგრძნობა მის მხარეზე იქნება”.