წყარო: netgazeti.ge
2016 წლის 18 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის შესახებ ვრცლად ისაუბრა, ამ კონტექსტში ობამამ ახსენა საქართველო და უკრაინაც. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა და იგივე გაიმეორა უკრაინაშიც:
“როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს, ცოტა ხნით ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ გაყინული კონფლიქტი შექმნა. რუსეთში პრეზიდენტი შეიცვალა [ვლადიმერ პუტინი დიმიტრი მედვედევმა შეცვალა და ჩვენ შევეცადეთ უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა დაგვეწყო, რომელიც აშშ-ს და რუსეთს შორის ურთიერთობის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა და ვფიქრობ, რომ რუსეთისადმი პატივისცემა საკმარისად გამოვხატეთ. ჩვენ ვაღიარებდით იმ მნიშვნელოვან ღირებულებით სხვაობებს, რაც არსებობდა, მაგრამ, ამავდროულად, ვცდილობდით თანამშრომლობისთვის გზები გვეპოვა.
წამოვიწყეთ ახალი “START” ხელშეკრულება, ვეხმარებოდით რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, ვმუშაობდით რამდენიმე საერთაშორისო გამოწვევაზე ერთად და როცა წინა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინით ჩანაცვლდა, მას შევხვდი და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ერთად კონსტრუქტიულად მუშაობა.
გამოწვევა, რომელიც რუსეთთან გვქონდა, გამოიხატება იმაში, რომ რუსეთი ძალიანაა დაინტერესებული აგრესიით მსოფლიოს კონკრეტულ ადგილებში. უკრაინაში ისინი ისევე მოიქცნენ, როგორც საქართველოში, და ჩვენ ვცადეთ შუამავლის როლი გვქონოდა, ვმუშაობდით ევროპელებთან ერთად მინსკის შეთანხმებაზე, რომ ეს საკითხები მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო.
რაც შეეხება სირიას, ჩემს ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე პუტინთან ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ასადი ძალაუფლებას შეინარჩუნებდა, იმ სისასტიკის გათვალისწინებით, როგორც ის სირიელ ხალხს ექცეოდა, აუცილებლად ვნახავდით სამოქალაქო ომს, რაც არა მხოლოდ სირიელებისთვის არ იქნებოდა კარგი, ასევე არავისთვის. იმის ნაცვლად, რომ ერთდ გვემუშავა ამ საკითხის გადასაჭრელად, პუტინმა ასადისადმი მხარდაჭერა გააორმაგა და ახლა ვხედავთ, სირიაში რა სიტუაციაცაა.
საბოლოო შედეგი ისაა, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რუსეთი დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც ჩვენ შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო შესაძლებლობები აქვს და მსოფლიო არენაზე პრობლემების მომგვარებელი უნდა იყოს და არა მისი შემქმნელი. მაგრამ მათი ქმედებები იმდენად არღვევს საერთაშორისო ნორმებს და წესებს, რომ ამას უნდა გამოვეხმაუროთ. ნებისმიერი, ვინც პრეზიდენტის ოფისს დაიკავებს, ასე უნდა ფიქრობდეს, რადგან ეს არის ღირებულება, რომლისთვისაც ვიბრძვით და ვიცავთ”,- განაცხადა ობამამ.