1937 წლის ოქტომბერი - სტალინური სიები საქართველოდან

7 ოქტომბერი 2020 Shadow

1937 წელს საქართველოში მხოლოდ ოქტომბრის თვეში განაჩენი გამოუტანეს 322 ადამიანს. ერთი ადამიანის რეპრესირების შესახებ განკარგულება 8 ოქტომბერს გაიცა, ხოლო 21 ოქტომბრის ე.წ. „სტალინურ სიაში“ აღმოჩნდა დანარჩენი 321 ადამიანი.

322 ადამიანიდან დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია მიესაჯა 315 ადამიანს.

არ დაუხვრეტიათ - 7 ადამიანი: ერთ-ერთი მათგანი, ტროცკისტულ საქმიანობაში ბრალდებული ლევან ნიკოლოზის-ძე ქურდოვანიძე გარდაიცვალა შინსახკომის საავადმყოფოში საქმის გამოძიებისას, რაც ძირითად შემთხვევაში ნიშნავდა იმას, რომ იგი წამების დროს მოკლეს. 4 ადამიანს მიესაჯა 10 წლით გადასახლება, ერთს - 7 წლით გადასახლება, ხოლო ერთიც გამართლდა და გათავისუფლდა.

322 რეპრესირებულს შორის 203, ეროვნებით ქართველი იყო. დანარჩენები არაქართველი, მათ შორის: 27 რუსი, 23 სომეხი, 9 ებრაელი, 6 ოსი, 5 აფხაზი, 4 პოლონელი, 4 გერმანელი, 3 ბერძენი, 3 უკრაინელი, 2 აზერბაიჯანელი, 2 ბელორუსი.

77 - უმაღლესი განათლებით, 43 საშუალო განათლებით, 1 - უმაღლესი ტექნიკური განათლებით, 1 - საშუალო ტექნიკური განათლებით.

დახვრეტილებს შორის იყო სამი ქალი, მათ შორის ბარბარე კევლიშვილი (1905-1937), რომლის ისტორიაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა დიდი ტერორის ისტორიებს შორის. კასპის რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი, ბარბარე კევლიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა 1937 წლის 7 ივლისს.  11 სექტემბერს ის გაასამართლა შინსახკომის სამეულმა. სამეულის სხდომაში მონაწილეობდნენ - ს. გოგლიძე, შ. წერეთელი, ი. ტალახაძე, სხდომის მდივანი ა. მოროზოვი. მომხსენებელი იყო კოვალჩუკი, ბრალად დაედო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრობა და რომ იგი 1935წ. გადაიბირა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრმა პროკოფი კირვალიძემ, რომელთან ერთადაც კასპის რაიონში ჩამოაყალიბა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია. პირადად, ბარბარემ გადაიბირა 7 ადამიანი. იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაიონში, პირადად ხელმძღვანელობდა მთელი ორგანიზაციის ძირგამომთხრელ კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია.

მინიშნება სხდომის ოქმზე: „მე-5 თვის ორსული. მშობიარობის შემდეგ შესრულდეს (სასჯელი...)“. (Пометка на протоколе: “Беременна на 5-м месяце. После родов привести пр...”

1955 წელს, თბილისში გაიმართა 1937-1938 წლების რეპრესიების მონაწილეთა საჯარო სასამართლო პროცესი, მაღალჩინოსნების: რაფავას, რუხაძის, წერეთლის, კრიმიანის, ხაზანის და სხვათა წინააღმდეგ, სადაც გაირკვა, რომ სინამდვილეში, დაკითხვის დროს, ხაზანის ასისტენტმა, კოვალჩუკმა ბარბარე კევლიშვილი სასტიკად სცემა, რამაც ჯერ გამოიწვია 5 თვის ნაყოფის სიკვდილი, ხოლო თავად ბარბარე კევლიშვილი სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, შინსახკომში დაიწერა ყალბი ცნობა, რომ კევლიშვილი გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში 1938 წლის 19 თებერვალს.


სამეულის სხდომის ოქმი, რომლითაც განაჩენი გამოუტანეს ბარბარე კევლიშვილს 

 

თამარ სიმონის-ას ციციშვილი (1901-1937) - ცეკავშირის სპირტიანი სასმელების ქარხნის დირექტორი. ბრალად დასდეს, რომ ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, აწარმოებდა ახალი წევრების გადაბირებას, ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას სასაქონლო ბრუნვის გეგმის ჩავარდნის, ფართო მოხმარების საქონლით მოქალაქეთა მომარაგების ჩაგდების და საქონლის გამიზნული დასაწყობების გზით. ბრალდებულმა იცოდა კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების შესახებ, რომლებიც გულისხმობდა ტერორის განხორციელებას პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

თამარ ხომერიკი-ნიკოლაიშვილი (1904-1937) - თბილისის საბჭოს სპეციალური საიდუმლო განყოფილების გამგე. ბრალად დასდეს, რომ 1936 წელს გადაიბირა საკუთარმა ქმარმა, კონტრრევოლუციონერმა ტერორისტმა, დავით ნიკოლაიშვილმა.

 

დანარჩენი 319 რეპრესირებული მამაკაცები იყვნენ. მათ შორის, ორი უდიდესი ქართველი მეცნიერი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში:

სოლომონ ქურდიანი (1867-1937) - თსუ-ს ბოტანიკის კათედრის ხელმძღვანელი. 1931 წელს მისი მონაწილეობით შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, თბილისში გაშენდა დენდროლოგიური პარკი. სოლომონ ქურდიანი არის მეტყევეობის ენციკლოპედიის შემქმნელი და აღიარებულია მერქნიან მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის ერთ-ერთ ფუძემდებლად. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა საქართველოს ტყეების პირველი სრულფასოვანი აღწერა.

საბჭოურმა რეჟიმმა მავნებლად შერაცხა, ის დააპატიმრეს და შინსახკომის სამეულმა 1937 წლის 10 ნოემბერს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით: 58-7 (ძირგამომთხრელი საქმიანობა), 58-10 (პროპაგანდა ან აგიტაცია, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდება), 58-11 (ორგანიზებული მოქმედება ხელისუფლების დასამხობად). სოლომონ ქურდიანს განესაზღვრა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია, რაც აღასრულეს ორი დღის შემდეგ, 1937 წლის 12 ნოემბერს...

სოლომონ ქურდიანი

 

ვასილ ჩიტაძე (1901-1937) - გამოჩენილი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შიო ჩიტაძის ვაჟი. მამამისი 1906 წელს, სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში მოკლეს, რის შემდეგაც დედამ თავი მოიკლა და ობლები - ვასილი და მისი ძმა მამიდამ აღზარდა. 1928 წელს დაამთავრა საფრანგეთის ქ.გრენობლის უნივერსიტეტის ელექტროქიმიური და ელექტრომეტალურგიული ფაკულტეტი. 1933 წელს, სამშობლოში დაბრუნებული ვასილ ჩიტაძე დაინიშნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის №1 სადნობი საამქროს უფროსად.

დააპატიმრეს ზესტაფონში. 1937 წლის 9 ნოემბერს შედგა შინსახკომის სამეულის სხდომა, რომელმაც განუსაზღვრა მუხლები 58-1ბ (სამშობლოს ღალატი), 58-7 (ძირგამომთხრელი საქმიანობა), 58-8 (ტერორიზმი), 58-9 (კომუნიკაციების კონტრრევოლუციური მიზნით განადგურება ან დაზიანება), 58-11 (ორგანიზებული მოქმედება ხელისუფლების დასამხობად). ბრალად დასდეს: რომ გადაბირებული იყო საფრანგეთში ქართული ნაციონალ-სოციალისტური ემიგრაციის ხელმძღვანელის სპირიდონ კედიას მიერ და სსრკ-ში შემოგზავნილი იყო დივერსიულ-ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად. ვასილ ჩიტაძეს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია, რაც აღასრულეს 1937 წლის 10 ნოემბერს.

ვასილ ჩიტაძე

 

1937 წლის ოქტომბრის სიაში მოხვდნენ ცნობილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეები:

კარლო ორაგველიძე (1902-1937) - თსუ-ს რექტორი, ერთ-ერთი ე.წ. „წითელ რექტორებს“ შორის, რომელიც 1930-იან წლებში აქტიურად იყო ჩართული ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში;

გიორგი ჭავჭავაძე (1897-1937) - "კავკასიის საგზაო მშენებლობის" ინჟინერი. თბილისის საბჭოს ყოფილი მთავარი ინჟინერი;

ლეონიდე აგლაძე - 47-ე ქართული დივიზიის მეთაური, ბრიგადის მეთაური.

პლატონ მიროტაძე - 63-ე ქართული მსროლელი დივიზიის სამხედრო კომისრის მოვალეობის დროებით შემსრულებელი - წოდებით ბრიგადის კომისარი.