ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი ძირითადი მითი დასავლეთს წარმოაჩენს, როგორც ოჯახის ინსტიტუტთან მებრძოლ ერთეულს. ქართულ ინტერნეტ თუ ტელე სივრცეში, ხშირად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბრალს სდებენ ოჯახის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გატარებაში. განსაკუთრებული კრიტიკის საგანია გერმანია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოწინავე როლით და შესაძლებლობებით ევროკავშირში.
სინამდვილეში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში* ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა პრიორიტეტულია და მიმართულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, 2016 წლის 22 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკებია შედარებული.
კვლევიდან ირკვევა, რომ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას სხვადასხვა ასპექტები აქვს. მსგავსი პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერას (ოჯახის ფინანსური დახმარება, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარება (birth grant), ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში დახმარება (childcare allowance) და საგადასახადო შეღავათები), ისევე როგორც ოჯახისა და სამუშაოს შეთავსებისათვის სათანადო შრომითი გარემოს შექმნას, დეკრეტული შვებულების და/ან ბავშვის მოვლისათვის საჭირო შვებულების სათანადო პირობების შეთავაზებასა და სამსახურში დაბრუნების შემდგომ, ბავშვის აღზრდაში დახმარების ხელშეწყობას.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ფინანსური სახსრებით ოჯახის დახმარება.
წყარო: ნ.ხუციშვილი & გ.თუშურაშვილი, „ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), თებერვალი 2016.
გრაფიკიდან კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო გერმანია ყოველ 1-ელ და მე-2 ბავშვზე ოჯახებს ეხმარება ყოველთვიურად 188 ევროთი, მე-3 ბავშვზე - 194 ევროთი, მე-4 და ყოველ მომდევნო ბავშვზე - 219 ევროთი.
კვლევაში ასევე აღნიშნულია რომ:
„დემოგრაფიული პრობლემების წარმომშობი მიზეზები მრავალგვარია და შესაძლოა გამოწვეული იყოს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითა თუ უმუშევრობით, მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით, სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრებას შორის დროის გადანაწილებისათვის სათანადო შრომითი პირობების არარსებობით, ასევე სქესთა შორის დარღვეული თანაფარდობითა და ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის დაუბალანსებელი მაჩვენებლით. მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით აბორტების დიდი რაოდენობა.“
შესაბამისად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ქმნის ნიადაგს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და მიმართულია ოჯახის ინსტიტუტის განმტკიცებისკენ. ასევე, საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნებში განქორწინების სტატისტიკის მიმოხილვა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით სამიზნე ქვეყნებში ოჯახის მდგრადობის განსაზღვრა.
კვლევისთვის გამოყენებულია საიტი nationmaster.com, რომელიც არის სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ერთიანი ელექტრონული პლატფორმა. საიტი გვთავაზობს სტატისტიკებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და იყენებს ისეთ ოფიციალურ წყაროებს როგორიცაა - მსოფლიო ბანკი (WB), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), ევროსტატი (Eurostat) და სხვა. საიტი შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა ქვეყნები შევადაროთ ერთმანეთს ისეთ საკითხებში როგორიცაა - ჯანმრთელობა, ეკონომიკა, სპორტი, დანაშაული, პოლიტიკა, უსაფრთხოება და ა.შ.
ვინაიდან რუსული პროპაგანდის შეტევის ხშირი ობიექტია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თვალსაჩინოებისთვის, ერთმანეთს შევადარეთ რუსეთსა და გერმანიაში განქორწინებების სტატისტიკები.
წყარო: „Total Divorces per 1000 People“, Nationmaster.com
როგორც გრაფიკიდან ჩანს, წლების განმავლობაში, გერმანიაში განქორწინების მაჩვენებელი ყოველ 1000 მოსახლეზე თითქმის 2-ჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე რუსეთში. რასაკვირველია, განქორწინების დაბალი მაჩვენებელი არ გულისხმობს ოჯახური პრობლემების, მაგალითად ოჯახური ძალადობის, ნაკლებობას ან არარსებობას, თუმცა აღნიშნული სტატისტიკით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოჯახის ინსტიტუტი გერმანიაში უფრო მდგრადია ვიდრე რუსეთში.
არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოჯახის ინსტიტუტის გამყარების და ხელშეწყობის პოლიტიკა პრიორიტეტულია და მიმართულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ეს პოლიტიკა ცდილობს ოჯახების ფინანსურ დახმარებას, ოჯახისა და სამუშაოს შეთავსებისათვის სათანადო შრომითი გარემოს შექმნას და ბავშვის მოვლისათვის საჭირო შვებულების სათანადო პირობების შეთავაზებას. შესაბამისად, რუსული პროპაგანდის შეტევა დასავლურ სახელმწიფოებზე, თითქოს დასავლეთი ებრძვის და ანადგურებს ოჯახს მცდარია და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
*ევროკავშირის წევრი ქვეყნები - ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.