წყარო: Tabula.ge
საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები და მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ამჯერად, საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი გორის რაიონში სოფელ ხურვალეთში გადმოწია. შესაბამისი ბანერები ამ ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გამოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის მიღმა კიდევ 10 ჰექტრამდე ტერიტორია მოექცა. სოფლის მოსახლეობა დაკარგულ სახნავ-სათეს მიწებსა და საძოვრებზე საუბრობს.
შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შალვა ენუქიძე ტელეკომპანია იმედთან საუბარში ამბობს, რომ ვითარებას ადგილზე ეცნობიან, მიმდინარეობს აზომვითი სამუშაოები და დეტალები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, ამ პროცესში შსს-ს სხვადასხვა უწყებები არიან ჩართულნი.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით კი, ახალი ბანერები ამ ტერიტორიაზე გამავალი BP-ის მილსადენიდან 50 მეტრის დაშორებითაა დამონტაჟებული, რაც ნიშნავს, რომ მილსადენი საოკუპაციო რეჟიმის გავლენის სფეროში ექცევა.