დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან აკრძალვის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში წელს 86 აბიტურიენტი ჩაირიცხა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ განუცხადა, სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ყოველწლიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ისინი სასწავლებლად ენგურს აქეთ არ გამოვიდნენ. შონიას თქმით, წინა წლებთან შედარებით წელსაც "არანაკლები იყო აკრძალვები", ამიტომ ამის გამო, ბავშვები ღიად არ აცხადებენ, რა მიზნით გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს ყოველი, აფხაზური მხარის გადმოსახედიდან, "არალეგალურად" ხდება.
"აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიზანია, ეს ახალგაზრდები დარჩნენ იქ და სწავლა გააგრძელონ სოხუმის უნივერსიტეტში ან რუსეთის ფედერაციის რომელიმე სასწავლებელში. თუმცა, ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციის მიხედვით, ყველა მშობელს აქვს უფლება, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება თავისი მცირეწლოვანი შვილის შემდგომი განათლების თაობაზე. ძალიან ბევრი ბავშვია, ვისაც უნდა, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა და ქართული განათლება მიიღოს. ბუნებრივია, კეთდება საკმაოდ "არალეგალურად", ბავშვების სურვილის მიხედვით", - განაცხადა შონიამ.
მისივე თქმით, პრობლემა იმდენად ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა არ არის, რამდენადაც ის, რომ საქართველოს უნივერსიტეტების მიერ გაცემულ დიპლომს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ აღიარებენ.
"აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ქართულ განათლებას არ აღიარებს, უარყოფს ქართულ დიპლომს, რის გამოც უკანდაბრუნებულ ახალგაზრდებს ადგილზე დამაგრების და დასაქმების საშუალება არ გააჩნიათ", - განაცხადა შონიამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ზონის მცხოვრები სტუდენტების ბაკალავრიატზე სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. 86 სტუდენტიდან, ვინც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლის, უმრავლესობა გალის რაიონის სკოლების კურსდამთავრებულია, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც საშუალო განათლება სოხუმში, გაგრასა და აფხაზეთის სხვა რაიონებში აქვს მიღებული.