საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეორე კვარტალური ანგარიში

16 აგვისტო 2016 Shadow

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეორე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის აპრილი-ივნისის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით. 

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა ადამიანის უფლებების ისეთი უხეში დარღვევები, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული. როგორც ოკუპანტი, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს. უცხო სახელმწიფოს სამხედრო ოკუპაციის პირობებში, ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ ე.წ. „შავი ხვრელები“ არსებობს. 

საქართველოში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკა ასი ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს უზღუდავს საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებას - ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდეს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 10 ივნისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ სახლებში საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

წლების განმავლობაში, ოკუპანტი ძალა, რომელიც ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, არ უშვებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ჰუმანიტარულს, ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

 

საოკუპაციო ხაზი და მავთულხლართის აღმართვა

 

საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისგან ყოფს საოკუპაციო ხაზი, რომელიც მიუყვება ამ ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებს. 2009 წელს, რუსეთის ფედერაციული უშიშროების სამსახურის ოფიცრებისთვის საოკუპაციო ხაზის კონტროლის გადაცემამ, კიდევ უფრო დაამძიმა ადმინისტრაციულ საზღვარებთან და მის მიღმა მცხოვრები ეთნიკურად ქართველების მდგომარეობა. რუსეთი ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, არ აძლევს უფლებას საქართველოს მოქალაქეებს გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადის ხილნარზე, საძოვრებზე და სახნავ-სათეს მიწებზე. 2013 წლიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება, რაც დამატებითი ხელოვნური ბარიერია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამჟამად, მავთულხლართების სიგრძე შეადგენს 51 კმ-ს ცხინვალის რეგიონში, ხოლო აფხაზეთში - 12 კმ-ს.

ანგარიშის მომზადების პერიოდში, კერძოდ 2016 წლის 6 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ორი ახალი „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი აღმართეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, სოფელ ავლევის ტერიტორიაზე (ქარელის მუნიციპალიტეტი), რის გამოც რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომელიც სახნავ-სათესად გამოიყენებოდა (10 ჰექტარამდე მიწა, რაც 10-მდე ფეხბურთის სტადიონის ფართობის ტოლია), საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა.

 

ეგრეთ წოდებული ახალი კანონები

 

საანგარიშო პერიოდში, კერძოდ 2016 წლის 1 აპრილს, ე.წ. „კანონი აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივ მდგომარეობაზე„ და ე.წ. “ კანონი აფხაზეთში შესვლისა და გამოსვლის თაობაზე” ამოქმედდა. მსგავსი დოკუმენტი იქნა მიღებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ - „ კანონი სამხერთ ოსეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივ მდგომარეობაზე“. ახალი კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას ისახავს მიზნად, რომლებიც უცხოელი მოქალეების სახელით არიან მოხსენიებულნი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი დისკრიმინაციული კანონების მიღებით, რომლებიც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული. არსებობს საფრთხე, რომ ეს კანონები გამოყენებული იყოს ეთნიკური წმენდის ახალი ტალღისთვის.

ე.წ. კანონი მიზნად ისახავს აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უცხო ქვეყნის მოქალაქეებად აღიარებას და მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციული ზომების გატარებას. გალის რაიონში მცხოვრები ბევრი ქართველი საქართველოს მოქალაქეა, შესაბამისად ახალი „კანონის“ თანახმად ითვლებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებად. შესაბამისად, მათზე წესდება რიგი შეზღუდვები, მათ შორის - თავისუფლი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და შრომითი უფლებების უგულებელყოფა.

ასევე, აფხაზეთში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის გარეშე მყოფი პირი შესაძლებელია ოკუპირებული ტერიტორიიდან იქნას გაძევებული, თუ ის წარმოადგენს საფრთხეს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის.

 

პასპორტიზაციის ახალი ტალღა

 

ახალი კანონების მიღება პირდაპირ კავშირშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „პასპორტიზაციის“ ახალ ტალღასთან.

ცნობების თანახმად, „აფხაზური პასპორტების“ დარიგება 2016 წლის 10 ივლისიდან დაიგეგმა. იგულისხმება აფხაზეთის მასშტაბით 300 000 ახალი დოკუმენტის დარიგება - 250 000 ეგრეთ წოდებული „პასპორტი“ და 50 000 „მუდმივი ცხოვრების ნებართვა“. ეს დოკუმენტები უკვე რუსეთის ფედერაციის „Гознак“-ის (უწყება რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტების უსაფრთხოებაზე) მიერ იყო დამუშავებული, თუმცა მათი გავრცელება/დარიგება რამდენიმეჯერ გადაიდო.

„პასპორტიზაციის“ მიზანია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთა კლასიფიცირება აფხაზეთის მოქალაქეებად და უცხო ქვეყნის მოქალაქეებად. აფხაზეთის მაცხოვრებლები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები უფლება აქვთ განაცხადი გააკეთონ აფხაზურ „პასპორტებზე“.

 

სიცოცხლის უფლება

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში არსებული ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობა კიდევ ერთხელ დადასტურდა 30 წლის გალის რაიონის მაცხოვრებლის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობით. 2016 წლის 19 მაისს, ე.წ. „მესაზღვრეებმა“ გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. ოთხოზორიას მკვლელი იდენტიფიცირებულია როგორც რაშიდ კანჯი-ოღლი.

საქართველოს პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელზე საქმე აღძრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მუხლით. თუმცა, რაშიდ კანჯი-ოღლი და მისი თანამზრახველები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ვინაიდან ქართული მხარე ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ ახორციელებს, პროკურატურა უძლურია ოთხოზორიას მკვლელის დაკავების მხრივ.

2016 წლის  20 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც ოთხოზორიას მკვლელობაში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას უარყოფს.

 

უკანონო დაკავებები

 

რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიცრები რეგულარულად აკავებენ პირებს ე.წ.  „საზღვრის“ უკანანოო გადაკვეთისთვის. დაკავების ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე, რიგ შემთხვევებში წლების განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 29 აპრილს, გენერალ მაიორმა დიმიტრი იუდინმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში აფხაზეთში ფედერალური უშიშროების სამსახურის „მესაზღვრეებმა“ დააკავეს 14 000 ადამიანი „საზღვრის“ უკანონო კვეთისთვის.

 

გადაადგილების თავისუფლება

 

2016 წლის 15 აპრილს,  საოკუპაციო რეჟიმმა „თაგილონის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახურა. 5 სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჯერ ისევ ფუნქციონირებს, თუმცა 2016 წლის 15 აპრილს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დარჩენილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან ღია მხოლოდ ერთი დარჩება - ენგურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, კერძოდ აღდგომის დღესასწაულის დროს, 1 და 2 მაისს, ქართველებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ, არ მისცეს უფლება ტრადიციებისამებრ აღენიშნათ აღდგომის დღესასწაული. მათ არ მისცეს უფლება მოენახულებინათ ეკლესიები და სასაფლაოები, რაც რწმენისა და აღმსარებლობის უფლების შეზღუდვაა.

 

საკუთრების უფლება

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების ხელყოფა სისტემატურად ხდება, ძირითადად გასაყიდი საქონლის და ტექნიკის ჩამორთმევის სახით. ანგარიშში რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითია მოყვანილი.

2016 წლის 10 მაისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილებისას, პირს რომელსაც ბოსტნეული გადაჰქონდა ჩამოართვეს საქონელი. იამვე დღეს, ყველა პირს, რომელსაც ოკუპაციის ხაზთან გადაჰქონდა თურქული წარმოშობის  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, ჩამოართვეს საქონელი.

2016 წლის 11 მაისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მომავალი სატვირთო მანქანა ე.წ. „მესაზღვრეებმა“ გააჩერეს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან. სატვირთო მაქანა მისი ტვირთით (სამშენებლო ქვიშა) გორის რაიონის სოფელი ზარდიანთკარის მაცხოვრებლებს ეკუთვნოდათ. „მესაზღვრეებმა“ სატვირთო მანქანა პატრონებს ჩამოართვეს „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“.

2016 წლის 30 ივნისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მომავალი სატვირთო მანქანა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან გააჩერეს. მანქანას გადაჰქონდა 850 კგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. სატვირთო მანქანა, ისევე როგროც პროდუქტი ეკუთვნოდა ახალგორის რაიონის მაცხოვრებელს. ე.წ. „მესაზღვრეებმა“ ტვირთი ჩამოართვეს მეპატრონეს, რის მიზეზადაც დაასახელეს „საზღვარზე“ გადასატანი ტვირთის ნებადართული ზღვრის (50 კგ) გადაჭარბება.

 

მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება 

 

გალის რაიონში 31 სკოლაა. ამ სკოლებიდან, მხოლოდ გალის რაიონის ქვედა ზონის 11 სკოლას ჰქონდა ქართული სკოლების სტატუსი და 2014-2015 სასწავლო წელს საგნები ქართულ ენაზე ისწავლებოდა. თუმცა 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში, ამ სკოლების სასწავლო პროგრამაში არსებითი ცვლილებები შევიდა და სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს დაწყებითი კლასებიდანვე. ანგარიშის თანახმად, თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, გალის რაიონის ყველა სკოლაში სწავლების ენა და სასწავლო პროგრამა სრულიად რუსულ ენაზე იქნება. 

დამატებით, საანგარიშო პერიოდში გაირკვა, რომ მე-5, მე-6 და მე-7 კლასებში, რუსული ასევე წამყვანი ენაა საგნების მიხედვით. დამამთავრებელ კლასებში კი ქართულ ენასა და ლიტერატურას დღეში მხოლოდ  2 საათი ეთმობა.  

გალის რაიონში რუსული ენის სწავლების ენად გამოცხადებამ უარყოფითად იმოქმედა სწავლის ხარისხზე. ეგრეთ წოდებული „სახელმწიფო მოსამსახურეები“ სკოლებს ამოწმებენ, რათა ქართულ ენაზე სწავლება არ მიმდინარეობდეს. მასწავლებლებს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან ქართული ენის გამოყენებისთვის. აკრძალულია ასევე ქართული ცეკვები და სიმღერები. მრავლადაა შემთხვევები, როდესაც მშობლებს გადაყავთ მოსწავლეები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში. 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში, 65 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.