წყარო: amerikiskhma.com
საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთის მოქალაქე, ოკუპირებული ტყვარჩელის მკვიდრ, 29 წლის რაშიდ კანჯი ოღლიზე, რომელიც საქართველოს მოქალაქის, გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
შემზარავი მკვლელობა ოკუპაციის ხაზთან მდებარე, სოფელ ხურჩაში, ვიდეო სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა. ამ უმძიმესმა კადრებმა კი მთელი საქართველო შეძრა. გიგა ოთხოზორია 19 მაისს, მდინარე ხაიასთან, საკუთარი ავტომობილით მივიდა. მას სურდა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, გარდაცვლილი ნათესავის ოჯახისთვის საკვები პროდუქტი გაეგზავნა.
თვითმხილველთა თქმით, სოფელ ნაბაკევის მხარეს გადასულ ოთხოზორიას სეპარატისტთა ე.წ საბაჟოზე, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ბარათის წარდგენის გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა აფხაზმა „მესაზღვრემ“ რაშიდ კანჯი ოღლიმ მიაყენა. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა თანხლებმა პირებმა ოთხოზორია გამოარიდეს და ხურჩისკენ წამოიყვანეს.
ამის შემდეგ, მათ ოთხი შეიარაღებული აფხაზი დაედევნა, მათ შორის, რაშიდ კანჯი ოღლი, რომელმაც გიგა ოთხოზორიას, ჯერ ფეხისა და მუცლის არეში რამდენჯერმე ესროლა, უკვე წაქცეული კი თავში საკონტროლო გასროლით მოკლა. მკვლელობა შუადღეს, უამრავი ადამიანის თვალწინ, უკვე ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
საქართველოს კანონმდებლობით, კანჯი ოღლის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მკვლელობის ფაქტზე საქმე სოხუმის დე-ფაქტო პროკურატურამაც აღძრა, თუმცა, ბუნებრივია, სავარაუდო მკვლელი ამ დრომდე არ დაუკავებია.
აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტან ყოლბაიამ დღეს „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ აფხაზებმა კანჯი ოღლი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და მას არავინ დააპატიმრებს.
„ეს პიროვნება უკვე გააქციეს სოხუმიდან და იმალება რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ტერიტორია კი იმხელაა, რომც დაუმტკიცდეს დანაშაული, მისი დაკავების ალბათობა, საეჭვოა.“
31 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ კიდევ ერთხელ, თვალნათლივ აჩვენა თუ რამდენად უუფლებო და დაუცველია, რუსული ოკუპაციის ზონაში მცხოვრები ეთნიკურად ქართული მოსახლეობა. ამასთან, რამდენად, სუსტი და შეზღუდულია როგორც, საქართველოს ხელისუფლების, ისე საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური თუ სამხედრო ბერკეტები, ეფექტურად დაიცვას ოკუპაციის ზონაში მყოფი ადამიანების უფლებები.
სავარაუდო მკვლელი, გააფხაზებული ლაზია, იმ ლაზების შთამომავალი, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს, ლაზისტანიდან აჭარასა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოსახლდნენ და იქაურ მოსახლეობასთან ასიმილაცია განიცადეს.
აფხაზეთის დევნილ მთავრობაში „ამერიკის ხმას“ დაუდასტურეს, რომ რაშიდ კანჯი ოღლი, „აფხაზთა გმირის“ რაულ კანჯი ოღლის შვილია, რომელიც ქართველმა პარტიზანებმა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის (გაუპატიურებისთვის), ომის შემდეგ, მოკლეს. ომის დროს კი სოფელ ზემო მერკულაში, როცა კანჯი ოღლებს სახლი გადაუწვეს, რაშიდ კანჯი ოღლი 5 წლის იყო.
ოკუპირებული სოფელ ბარღების მკვიდრმა „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვით უთხრა, რომ კანჯი ოღლის კიდევ ერთი განზრახ მკვლელობა აქვს ჩადენილი, თუმცა ამ ინფორმაციას დე-ფაქტო სოხუმის ხელისუფლება უარყოფს. მკვლელობის ვიდეოკადრების გამოქვეყნებისთანავე, რაშიდ კანჯი ოღლიმ და მისმა ნათესავებმა სოციალურ ქსელებში, პირადი გვერდები გააუქმეს.
აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი ვახტან ყოლბაია დარწმუნებულია, სოფელ ხურჩაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოსტი რომ არ გაუქმებულიყო, კანჯი ოღლი და მისი თანამზრახველები ამ დანაშაულის ჩადენას ვერ გაბედავდნენ.
„მე ვფიქრობ, რომ ყოფილიყო იქ, როგორც ადრე, ჩვენების გაძლიერებული რაზმი, აფხაზები აქეთ წამოსვლას ვერ გაბედავდნენ.“
უკიდურესად ცინიკურმა მკვლელობამ ხურჩაში, მძიმე ლარხვარი ჩასცა, ოფიციალური თბილისის მიერ დეკლარირებულ „სამშვიდობო პოლიტიკას“ და ისევ დააყენა დღის წესრიგში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსაფრთხოების ეფექტური საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სასწრაფო წესით მოითხოვა გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის“ (IPRM) აღდგენა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა, რუსეთის საგარეომ კი თბილისის რეაქციას „პოლიტიკური სპეკულაციები“ უწოდა. თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კი განაცხადა, რომ „ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები სამართლის წინაშე უნდა წარდგნენ“.