ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო (José Manuel García-Margallo) 27 თებერვალს, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს. ასევე, ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II–ს შეხვდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მალე გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა მთავარ პრობლემად დაკარგულ ტერიტორიებს ასახელებს.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ეს მალე მოხდება. ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის დიდი ტკივილია. მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და მე ვუთხარი მას, რომ ეს ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე. ამ საკითხის, ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება. არასდროს არ ყოფილა კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, ეს იყო შექმნილი ხელოვნურად“, - განაცხადა პატრიარქმა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, საქართველო მალე უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამასთან ერთად, მან საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს.
"მოუთმენლად ველით საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად გახდომას. ჩვენ ერთად ვმუშაობთ რათა უზრუნველვყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი ევროპული მომავალი. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ზაფხულამდე ჰქონდეს" - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.