2 აგვისტოს, რუსეთის ერთ-ერთმა წამყვანმა საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემამ, „Lenta.ru“-მ გამოაქვეყნა სტატია სადაც რუსეთის ფედერაციის ფინანსურ პრობლემებზეა საუბარი. სტატიაში მოყვანილია ფინანსთა მინისტრის, რუსეთში არსებული კვლევითი ინსტიტუტების ანალიტიკოსებისა და ექსპერტების პროგნოზები რუსეთის ფინანსური გამოწვევების შესახებ. სტატიის თანახმად, სტრუქტურული ცვლილებების გარეშე, რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა წლის ბოლოს სარეზერვო ფონდი ამოწუროს და ეკონომიკური, ისევე როგორც საბიუჯეტო პრობლემების წინაშე დადგეს.
Damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის ძირითადი მიგნებების თარგმანს.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს თანახმად: სახელმწიფოს ფული არ აქვს. სტრუქტურული ცვლილებების გარეშე, ფინანსთა სამინისტრო ვერ გადარიცხავს ბიუჯეტზე დამოკიდებული ერთეულების ხელფასებს - რეზერვები იცლება, ხოლო სოციალური ვალდებულებები ზედმეტად დიდია. თუმცა, რეფორმები აუცილებლად გაზრდის ფინანსურ წნეხს რუსეთის მოქალაქეებზე: მაგალითად სამომავლოდ, მათ საკუთარი თავის პენსიებით უზრუნველყოფა დამოუკიდებლად მოუწევთ.
„თუ არაფერს შევცვლით, წლის ბოლომდე ჩვენ არ გვექნება არც რეზერვები, არც ხელფასების გაცემის საშუალება, ჩვენ მივიღებთ სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს. ჩვენი ეკონომიკის მასშტაბი, მის ამჟამინდელ მდგომარეობაში, არ შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ და უნდა შევასრულოთ“ - ტატიანა ნესტერენკო, ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
პირველ აგვისტოს, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (ВШЭ) ანალიტიკოსების პროგნოზების თანახმად, ბიუჯეტს 1,8 ტრილიონი რუბლი დააკლდება ნავთობზე ფასების ვარდნის გამო. თუ მსგავსი სცენარი გამართლდა, სარეზერვო ფონდი უკვე წლის ბოლომდე დაიცლება. ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად საჭირო გახდება ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (ФНБ) გამოყენება.
ამასთანავე, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იუწყებოდა, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის საჭირო ზომების გატარების გარეშე, სარეზერვო ფონდი და კეთილდღეობის ფონდის ნაწილი შესაძლოა დახარჯულიყო 2016 წელს.
„სახელმწიფო ვალის გაზრდისა და პრივატიზაციის გარდა, პრობლემის გადაჭრის არც თუ ისე ბევრი შესაძლებლობაა. სხვა გზა მხოლოდ გადასახადებისა და საპენსიო ასაკის ზრდა არის. თუმცა, ამ გზას ნაკლებად თუ აირჩევს ვინმე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“ - მიხეილ კრილოვი, საინვესტიციო კომპანია „Golden Hills-КапиталЪ АМ“-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი
მთავრობას მოუწევს ფულადი სახსრების გამონახვა. უკანასკნელ წლებში, ხაზინის შევსების მნიშვნელოვანი წყარო მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები გახდა. არასახელმწიფო საპენსიო ფონდების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი ბელკოვის (ეკონომიკური განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე) თანახმად, პენსიების რეგულარული გაყინვის შედეგად ეკონომიკამ იზარალა 1,5 ტრილიონი რუბლით (თუმცა, ფედერალური ბიუჯეტი შეივსო იმავე თანხით). ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ პენსიები შემცირდება 10,5 პროცენტით.
„თუ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა შენარჩუნდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მართლაც არსებობს იმის ალბათობა, რომ რეზერვები ამოიწურება და მთავრობას სახსრები არ ეყოფა ხელფასებისა და სოციალური ვალდებულებებისთვის“ - ბოგდან ზვარიჩი, კომპანია „Финам“-ის ანალიტიკოსი.
ანალიტიკოსის მიერ სახელდება ხაზინის შევსების კიდევ რამდენიმე გზა:
1)ბიუჯეტის სეკვესტრი (დარჩენილი ფინანსური წლის მანძილზე საბიუჯეტო ხარჯების ყოველთვიური პროპორციული შემცირება ბიუჯეტის ხარჯების ყველა მუხლის მიხედვით);
2)სახელმწიფოს მიერ ვალის აღება და შესაბამისად მისი გაზრდა, რაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ვალის დაბალი დონის გათვალისწინებით შესაძლებელია;
3)დამატებითი ფულის ბეჭდვა, რაც თავდაპირველად სარგებელს მოუტანს მათ ვინც სახსრებს იღებს ბიუჯეტიდან, თუმცა დიდი ალბათობით გამოიწვევს ინფლაციას;
იანვარში, გაიდარის ფორუმზე (ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება ეკონომიკის სფეროში რუსეთის ფედერაციაში) მსგავს პრობლემებზე საუბრობდა ანტონ სილუანოვი. ფინანსთა მინსიტრის აზრით, ბიუჯეტი ახალ ეკონომიკურ მდგომარეობასთან შესაბამისობაში თუ არ იქნება მოყვანილი, მოხდება იგივე რაც 1998-99 წლებში, როდესაც ინფლაციის შედეგად მოქალაქეებმა იწვნიეს ის წნეხი, რომელიც ხელისუფლებას უნდა დაერეგულირებინა ბიუჯეტის ახალ ეკონომიკურ რეალობებთან შესაბამისობაში მოყვანით.