1921 წლის 21 თებერვალს თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. დოკუმენტმა მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგრამ მისი ისტორიული როლი უმნიშვნელოვანესი იყო. ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. სწორედ პირველმა კონსტიტუციამ განსაზღვრა ქვეყნის პირდაპირი დემოკრატიის, ხელისუფლების დანაწილებისა და სეკულარული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები.
1921 წლის კონსტიტუციის შემუშავებაზე მუშაობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს (საქართველოს პარლამენტის) საკონსტიტუციო კომისია (1918 წ. 6 ივნისი - 1919 წ. 8 მარტი) და დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისია (1919 წ. 18 მარტი - 1921 წ.21 თებერვალი). კონსტიტუციის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ნოე ჟორდანიამ, პავლე საყვარელიძემ, სერგი ჯაფარიძემ, გიორგი გვაზავამ, მიხეილ რუსიამ, ლევან ნათაძემ, იოსებ ბარათაშვილმა, აკაკი ჩხენკელმა, გიორგი ნანეიშვილმა და სხვებმა.
1921 წლის 21 თებერვალს, როდესაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის საგანგებო სხდომაზე ერთხმად მიიღო კონსტიტუცია, თბილისის მისადგომებთან ბრძოლები მიმდინარეობდა.
"ზარბაზნების დგანდგარში და ტყვიის ზუზუნში მოუხდა დამფუძნებელ კრებას დაწყებული საშვილიშვილო საქმის დამთავრება... დღეს საქართველოს აქვს თავის კონსტიტუცია, თავის პოლიტიკური სახე, რომლითაც იგი თამამად და ამაყად წარდგება მსოფლიოს წინაშე".- წერდა გაზეთი „ერთობა“.
1921 წლის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით არსებულ დოკუმენტებში ვკითხულობთ:
"ამრიგად ქართველ ერს, აღიდგინა რა რუსეთის ბატონობის მიერ დარღვეული უფლებანი, სურს თავისუფლად შეჰქმნას თავისი სახელმწიფო და მოაწყოს თავისი საერთაშორისო დამოკიდებულება, რათა შესძლოს როგორც მის, აგრეთვე კავკასიის საკეთილდღეოდ ხანგრძლივად და უზრუნველყოფით ისარგებლოს თავის აღდგენილი უფლებებით."
დოკუმენტი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს და დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში
1921 წლის კონსტიტუცია მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიოს მოწინავე, სრულყოფილ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უზენაესი საკანონმდებლო აქტი იყო. „მასში ასახულია იმდროინდელ დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლად გაბატონებული, ასევე, ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, პრაქტიკაში განუხორციელებელი ყველაზე პროგრესული, სამართლებრივ-პოლიტიკური მოსაზრებები და მიმდინარეობები. „
„მაქსიმალური დემოკრატიის“ უზრუნველსაყოფად საქართველოს პოლიტიკური სისტემა ასე გამოიყურებოდა:
-საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე პროპორციული საარჩევნო სისტემით პარლამენტი სამი წლით უნდა არჩეულიყო
-პრეზიდენტის ინსტიტუტი კი, როგორც "დემოკრატიისთვის შეუფერებელი" უარყვეს
-შესაძლო საპარლამენტო კრიზისების და პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში მმართველობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, პარლამენტი ერთი წლით ირჩევდა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელსაც პრეზიდენტის გარკვეული უფლებები ჰქონდა მინიჭებული.
1921 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთ მონაპოვარს წარმოადგენს არჩევითი, დამოუკიდებელი და ძლიერი უფლებამოსილებების მქონე ადგილობრივი თვითმმართველობა. კონსტიტუცია ასევე უზრუნველყოფდა ეროვნული უმცირესობების ფართო უფლებებს, რომელთაც ყველაფერი შეეძლოთ თავიანთი ეროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, გარდა "სახელმწიფოს მშენებლობისა სახელმწიფოში". 1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებლებმა უარყვეს ფედერალიზმი, როგორც საქართველოსთვის მიუღებელი. "განაპირა მხარეების" შემოსამტკიცებლად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად შემოიტანეს ავტონომიის პრინციპი, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, ენიჭებოდა ბათუმის მხარეს, აფხაზეთს და საინგილოს.
პირველ კონსტიტუციაში სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოკიდებულნი იყვნენ, კონსტიტუცია აცხადებდა, რომ "არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა; ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია".
ქართველი ხალხისთვის საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საბჭოთა რეჟიმმა არსებობა არ აცალა.
1921 წლის კონსტიტუციის მნიშვნელობა აღიარებულია 1995 წლის ძირითადი კანონით, როგორც საქართველოს ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობა.