უკანასკნელ პერიოდში რუსული პროპაგანდის შესახებ უფრო და უფრო მეტ სტატიებს წერენ დასავლეთის წამყვანი გამოცემები. ამჯერად, პუტინის შემუშავებული „საინფორმაციო ომი“ ბრიტანული გამოცემის- „თაიმსი“ ობიექტივში მოხვდა. პეტერ პომერანტსევი, წიგნის „ არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია- თანამედროვე რუსეთის თავგადასავლები“ ავტორი სტატიაში ცივი ომის პერიოდის და უახლეს მითებს ადარებს ერთმანეთს და განიხილავს, რამდენად ახდენს გავლენა რუსული პროპაგანდა დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაზე.
Damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
პოლიტიკაში ტყუილი ყოველთვის არსებობდა. მაგალითად, 1980 წელს „კგბ“-ს (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) დეზინფორმაციული ოპერაცია „ ინფექცია“ მოსახლეობას არწმუნებდა, რომ CIA-მ (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) შექმნა შიდსის ვირუსი.
თუმცა, საბჭოთა კავშირის დროს სიცრუის რეალობად შესაფუთად დიდი შრომა სჭირდებოდათ. ოპერაცია „ინფექციის“ მეტი დამაჯერებლობისთვის ‘სამედიცინო მტკიცებაც’ კი გახდა საჭირო, სანამ ამბავი ინდოეთის წამყვან გაზეთში გამოაქვეყნეს. 1987-ში შიდსის CIA-ს მიერ შიდსის ვირუსის შექმნის მითი 80 ქვეყანაში, 30 სხვადასხვა ენაზე გავრცელდა. მაშინ კი, როდესაც აშშ-ის მთავრობამ საბჭოთა კავშირი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა, გორბაჩოვის რეჟიმი ბრალდებას მხოლოდ ასე გამოეხმაურა: „როგორ ბედავს ვინმე, საბჭოთა კავშირი სიცრუეში დაადანაშაულოს?“
საბჭოთა კავშირის შემდეგ, ახლა უკვე პუტინის რეჟიმი აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას, ოფიციალური ტელე-რადიო მაუწყებლობებით, ვებ-საიტებითა თუ სოციალური მედიით. მაგალითად, კრემლი ანტი-იმიგრაციული (ან მერკელის საწინააღმდეგო) სენტიმენტების გაძლიერებას შეეცადა ბერლინში ეთნიკურად რუსი გოგონას გაუპატიურების ამბის შეთხზვით. ზოგჯერ, კრემლის დღევანდელი პროპაგანდა ცივი ომის პერიოდის დეზინფორმაციას წააგავს. მაგალითად, კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ამერიკამ ებოლას ვირუსი შექმნა, უკრაინაში ამერიკის საიდუმლო ბაზები კი ზიკას ვირუსს აწარმოებენ.
მაგრამ, ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით, თანამედროვე სამყაროში კრემლს აღარ უწევს მტკიცებებისა და დამადასტურებელი ფოტოების მოძიება. ამბის ინტერნეტ სივრცეში გავრცელებაც საკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად. მაშინ კი, როცა მეინსტრიმული მედია წინა ამბის სიმცდარეს დაამტკიცებს, უმალ ახალი მითი ჩნდება. თუ ცივი ომის დროს შეზღუდული რაოდენობის მედია-საშულება არსებობდა, რაც პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევდა მხოლოდ მათთვის მისაღები ნარატივი მიეწოდებინათ მოსახლეობისათვის, საინფორმაციო რევოლუციამ ეს შეცვალა და ახლა მოსახლეობა ყოველდღიურად უამრავ სხვადასხვა ინფორმაციას იღებს.
თანამედროვე საძიებო სისტემებისა და სოციალური მედიის დახმარებით, საზოგადოებას შეუძლია თავად აირჩიოს სიახლეები, რომლებიც აინტერესებთ და მეტად თანხვედრაშია მათ შეხედულებებთან. ასე რომ, თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ მსოფლიოში გავრცელებულ ყველა დაავადებაზე პასუხისმგებელი ამერიკაა, მაშინ, კრემლი მარტივად დაგეხმარებათ ამის დაჯერებაში.
თუმცა, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი მეტად გონებაგახსნილი ადამიანიც თავისუფლად შეიძლება გახდეს. გარემოში, სადაც ერთდროულად ამდენი ყალბი და რეალური ინფორმაციაა, ადამიანებს უჭირთ სიმართლის რეალობისგან გარჩევა და გადაწყვეტილებების მიღება.
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი- დონალდ ტრამპი ერთ-ერთია, ვის გამოსვლებშიც რუსული პროპაგანდის გავლენა იგრძნობა. მაგალითად, MH17-ის ავიაკატასტროფაზე საჯარო გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ორივე მხარის არგუმენტების მოსმენის შემდეგაც, მისთვის რეალობა კვლავ ბუნდოვანია.
„პუტინი და რუსეთი ამბობენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ, მეორე მხარე( უკრაინა და საერთაშორისო ორგანიზაციები) კი სწორედ რუსეთს ადანაშაულებს. ეს შეიძლება მართლაც ყოფილიყო მათი (რუსების) იარაღი, მაგრამ მათ არ გამოეყენებინათ. რუსეთი იმასაც კი ამბობს, რომ მეორე მხარემ ააფეთქა თვითმფრინავი იმისთვის, რომ მათთვის (რუსეთისთვის) დაებალებინათ. იმას ვამბობ, რომ რეალობას, ალბათ, ვერც ვერასდროს გაიგებ საბოლოოდ.“
ტრამპს, პუტინის მსგავსად, კარგად გამოსდის დეზინფორმაციის გავრცელება და შემდეგ თავის დაცვა. მაგალითად, როდესაც ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება, ტრამპი მის წინააღმდეგ აგორებულ კონსპირაციის თეორიაზე იწყებს ლაპარაკს. „კორპორატიული პრესა“- სწორედ ასე მოიხსენიებს ის მედიას, რომელსაც, მისი თქმით, ჰილარი კლინტონი იყენებს მის წინააღმდეგ.
სწორედ კონსპირაციის არგუმენტს იყენებს კრემლიც თავის გასამართლებლად. ისინი მედიის მხრიდან მოსკოვის პოლიტიკის ნებისმიერ კრიტიკას რუსეთის მიმართ დასავლეთის საინფორმაციო ომად ნათლავენ.
ცივ ომში დასავლეთის გამარჯვება, ასევე, საბჭოთა ცენზურაზე სიტყვის თავისუფლების გამარჯვება იყო. დღეს კი, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ დეზინფორმაციის დიდ ტალღას მარტივად გავრცელების საშუალება მისცა, რასაც კრემლი შესანიშნავად იყენებს.
მოსკოვის მთავარი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელია. პუტინს სურს ძირი გამოუთხაროს წესებსა და სიცხადეზე დაფუძნებულ პოლიტიკას. დემოკრატია კი სწორედ ამას- ფაქტებზე შეთანხმების შესაძლებლობას ეყრდნობა. თუ ადამიანს აღარ შეუძლია გაარკვიოს რა არის რეალობა და რა მცდარი, დემოკრატია ნადგურდება.