წყარო: washingtonpost.com
გასულ პარასკევს, დიპლომატების რამდენიმე წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველომ ევროკავშირისგან დადებით ანგარიში მიიღო, რომელიც მის მოქალაქებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას აძლევს შენგენის ზონის ქვეყნებში. თუმცა, წლის დასაწყისში ზოგიერთი მედია საშუალება ვარაუდობდა, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა და დასავლურის ნაცვლად, პრორუსული გეზი აიღო.
ეჭვები კიდევ უფრო დაადასტურა გასულ მაისში, NDI-CRRC მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეთა 31% რუსეთის მიერ დაფუძნებულ ევრაზიულ კავშირში შესვლას უჭერდა მხარს. ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა, ამჯობინეს თუ არა ქართველებმა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება ევროკავშირს?
1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ ცალსახად აირჩია ევროპული გზა. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული სერიოზული პრობლემები კი პრო-დასავლურად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობას სულ უფრო მეტად ზრდიდა.
საქართველოს ეს გზა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გამომცემლობისა თუ ორგანიზაციის, მათ შორის: the Financial Times, The Washington Post, Al Jazeera, the Wall Street Journal, Foreign Policy, theBBC, Foreign Affairs, Carnegie Endowment and Brookings Institution ყურადღების ქვეშ მოექცა. საქართველოს შესახებ ყველა ნიუსი სწორედ ამ ინფორმაციით იწყებოდა.
მაგრამ დამოკიდებულება ნაწილობრივ შეიცვალა 2013 წლის შემდეგ. ამ პერიოდში კავკასიის ბარომეტრმა გადაწყვიტა გამოეკვლია საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა, რომელმაც აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი იყო პრო-რუსულად განწყობილი და კითხვა, შეიცვალა თუ არა საქართველომ საგარეო კურსი უფრო მეტად აქტუალური გახდა.
როგორია ქართველების არჩევანი? ეს ჯერ ისევ გაურკვეველია.
აგვისტოში, როცა მოსახლეობას კითხეს ეთანხმებოდნენ თუ არა საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკაში აღებულ გეზს და ევროკავშირის გაწევრიანებს თუ ევრაზიულ კავშირში შესვლას ამჯობინებდნენ, 61% დაუჭირა მხარი ევროკავშირს დაუჭირა, 31% კი ევრაზიულ კავშირს.
მიუხედავად ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობის ზრდისა, მათი რაოდენობა არასდროს ყოფილა ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
მოსახლეობის 39 % ამბობს, რომ ისინი ამჯობინებენ ევროკავშირს ევრაზიულ კავშირს, მხოლოდ 15% უჭერს მხარს ევრაზიულ კავშირს და ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანებას. 12 % ორივე ორგანიზაციაში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 5% ორივე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგია, 11% ინდეფერენტულია საკითხის მიმართ, 17%-მა კი ზუსტად არ არის გარკვეული.
რატომ შეიძლება რიგითმა ქართველმა ევროკავშირში შესვლას აგრესორ რუსეთთან თანამშრომლობა ამჯობინოს?
საინტერესოა, რა მიზეზით შეიძლება რიგითმა ქართველმა მხარი დაუჭიროს რუსეთის მიერ კონტროლირებად გაერთიანებაში გაწევრიანებას, მაშინ, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და 2006 წელს მისი მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მოხდა რუსეთიდან. ასევე, ქართველებს ცოცხალი კოლექტიური მეხსიერება აქვთ იმ ყველაფრისა, რაც ჩრდილოელ მეზობელს მათთვის დაუშავებია უკანასკნელი 3 საუკუნის განმავლობაში.
საინტერესოა, რომ ევროკავშირისა და ევრაზიის კავშირის მხარდამჭერებს ერთნაირი მიზეზები აქვთ. ორივე მხარე თვლის, რომ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას წაადგება.საგულისხმოა ისიც, რომ ყოველთვის, როცა გამოკითხვა ტარდება თუ რა არის ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებსა და უსაფრთხოებას ასახელებს.
და მაინც, რამ განაპირობა მედიის გადაჭარბებული ეჭვი საქართველოს მიერ პრო-რუსული გეზის აღებაზე?
ამის ორი მიზეზი არსებობს:
პირველი ის, რომ მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნებში და მთავრობაში მოვიდა, კონკურენტი პარტია- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ყოველთვის ადანაშაულებს მას პრო-რუსულ ქმედებებში.
ეს კი ცუდად აისახა ქვეყნის რეპუტაციაზე. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი მართლაც აკეთებდა ანტი-დასავლურ განცხადებებს და ბოლო ხანებში, ენერგეტიკის მინისტის მიერ რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების განახლებამაც ეჭვები კიდევ უფრო გაზარდა.
ამის პარალელურად, რუსეთი ყველა ხერხით ცდილობს ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მის სასიკეთოდ შეცვლას, რისთვისაც, მხარდამჭერ ორგანიზაციებს აფინანსებს. მაგალითად, გორში შეიქმნა კოალიცია, რომელიც აგიტაციას უწევს მოსაზრებას, რომ ქვეყნის ევროკავშირში შესვლა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი ლგბტ ადამიანთა ზრდას გამოიწვევს. რუსეთის მიზანი მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დანერგვაა.
ასევე, ბოლო პერიოდში, პრო-რუსული და რუსეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ პარტია, როგორიცაა, მაგალითად ნინო ბურჯანაძე და პატრიოტთა ალიანსი მეტად პოპულარულები გახდნენ და ეჭვიც არსებობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზღვარს გადალახავენ და პარლამენტში მოხვდებიან.
ყველაფერ ამის ფონზე, საინფორმაციო საშუალებებს მიზეზი მიეცათ, რომ სიუჟეტებისა თუ სტატიებისთვის სათაურად წაეწერათ: „საქართველომ პრო-რუსული გზა აირჩია“ . მაგრამ, მსგავსი სათაურები რეალობას არ შეესაბამება.
მართლაც, ევრაზიის მხარდამჭერთა რაოდენობა ისეთი დიდი აღარ არის, როგორსაც ამას ზაფხულში წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, რუსეთი კვლავ ცდილობს საზოგადოების დამოკიდებულება მის სასიკეთოდ შეცვალოს და მოსახლეობის აზრის ფორმირებისთვის „რბილ ძალას“ იყენებს, რისთვისაც პრო-რუსულ ორგანიზაციებს აფინანსებს, მაგალითად, ევრაზიული ინსტიტუტი და ევრაზიული არჩევანი.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, ედუარდ შევარდნაძე, რომელიც საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოს მეორე პრეზიდენტი იყო, ცნობილია თავისი გამოთქმისთვის „ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“. ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, ევროკავშირი და აშშ კი ბოლო 25 წლის განმავლობაში ცდილობენ საზოგადოებას აუხსნან, რომ ეს ასე არ არის. პოლიტიკოსებმა მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ და თვალნათლივ დაანახონ საზოგადოებას რატომ არის ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია მნიშვნელოვანი და უალტერნატივო საქართველოსთვის, თუ მათ მართლაც კარგი უნდათ ქვეყნისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის გეზი ისევ ჩრდილოეთისკენ შეიცვლება.