სტალინგრადი და ბელადის ახალი ძეგლი

6 თებერვალი 2023 Shadow

1 თებერვალს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის ახალი ბიუსტი გაიხსნა. სტალინგრადის ბრძოლაში საბჭოთა გამარჯვების 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად კი ქალაქ ვოლგოგრადს დროებით გადაერქვა სახელი და სტალინგრადი ეწოდა.


ეს სტალინის მეორე მონუმენტია, რომელიც ბოლო წლებში ვოლგოგრადში გაიხსნა. პირველი - ადგილობრივ კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინასთან 2019 წლის დეკემბერში სტალინის დაბადებიდან 140 წლისთავთან დაკავშირებით დაიდგა.

საიუბილეო ღონისძიებაზე ქალაქში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტიც. ვლადიმირ პუტინის ვიზიტს თან სდევდა უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები: შემოწმებები, ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა, ინტერნეტის გათიშვაც კი. იგი რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში მივიდა “მამაის ყორღანის” მემორიალთან და იგი ყვავილებით შეამკო. ქალაქის მოსახლეობას გამოუცხადეს, რომ მათ ცერემონიისთვის ტელეეკრანით შეეძლოთ ედევნებინათ თვალი, რადგან მემორიალთან მისვლა არ იქნებოდა შესაძლებელი.



ბოლო წლებშიც და განსაკუთრებით, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, პუტინი ხშირად აიგივებს ომს “დიდ სამამულო ომთან”, ხოლო საკუთარ თავს - სტალინთან. “დიდი ბელადის” კულტის აღზევება რუსეთის ქალაქებში აქტიურად მიმდინარეობს. მეორე მხრივ, რეპრესიების მსხვერპლი ხდებიან ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პირები, რომლებიც სტალინიზმზე და რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იკვლევენ და ღიად გამოთქვამენ საკუთარ აზრს.