2015 წლის 29 ოქტომბერს, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (საფრანგეთის რესპუბლიკური პარტია) ეწვია რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში, სადაც მან გააჟღერა მისი მოსაზრება რუსეთის მხარდაჭერასა და რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ. ეს ვიზიტი კარგად ასახავს თუ როგორ არის გაყოფილი დასავლეთი ორ ბანაკად - ისინი, ვინც უჭერენ მხარს პუტინის ქმედებებს ევროპაში (ასევე მის მიღმა) და ისინი, ვინც მას ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ პუტინის აგრესია დამღუპველია ევროპის უსაფრთხოებისთვის.
ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა ბერნარ-ანრი ლევი.
ბერნარ-ანრი ლევი არის ფრანგი ავტორი, ინტელექტუალი და საფრანგეთში ძალზედ გავლენიანი მოაზროვნე. ის იყო 1976 წელს დაარსებული „Nouveaux Philosophes“-ის (საფრანგეთში ჩამოყალიბებული ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ემიჯნებოდა და აკრიტიკებდა მარქსიზმს და მის ფრანგ აპოლოგეტებს) ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოში აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი თანამედროვე ფრანგი მოაზროვნე.
ლევი თავის ერთ-ერთ სტატიაში მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერებს. damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
ლევი პუტინის აპოლოგეტებში ხედავს დიდ საფრთხეს და მათ მოიხსენიებს, როგორც „მეხუთე კოლონას“, რომლებიც მონურად უჭერენ მხარს რუსეთის პრეზიდენტის ყოველ ნაბიჯს -
„დღეს, ევროპაში რუსეთისა და რუსული პოლიტიკის აპოლოგეტები გაერთიანდნენ ერთგვარ „მეხუთე კოლონად“. დასავლეთის დედაქალაქებში პუტინის პარტიის (მხარდამჭერთა) გამოჩენა უაღრესად სახიფათოა, რადგან ამ პარტიის შემადგენელი ერთეულები არ არიან ჩვეულებრივი მემარცხენე თუ მემარჯვენე მიდრეკილებების მქონე პირები. მაშასადამე ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები?
უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ის პიროვნებები, რომლებსაც არავითარი კრიტიკული შეხედულება არ გააჩნიათ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში მიიწვია რეციდივისტი, დასავლეთის მტერი (საკუთარი ხალხის მკვლელი) - სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი.
ესენი არიან ისინი, ვინც იმდენად არიან აჟიტირებულნი სირიის აურზაურში წესრიგის (პუტინისეული გაგებით) დამამყარებელი ძალის გამოჩენით, რომ ვერ ხედავენ რუსეთის მასობრივი, განურჩეველ დაბომბვათა სერიის შედეგს, რაც ევროპისკენ ლტოლვილთა გადინების დაჩქარებაა.“
სტატიაში ლევი ასევე საუბრობს პუტინის აგრესიული პოლიტიკის მთავარ მოტივებზე და მიზნებზე -
„ ასევე, მრავლად არიან ისინი, ვინც უყურადღებოდ ტოვებენ პუტინის შეიარაღებული დიპლომატიის (არამარტო სირიაში) მთავარ მოტივაციას: შური იძიოს მათზე, ვინც მისი აზრით პასუხისმგებელია საბჭოთა კავშირის დაშლაზე. ცნობილია პუტინის განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“ და რომ ის ამაში ადანაშაულებს აშშ-ს, კათოლიკურ ეკლესიას (მისი პოლონელი პაპით) და ევროპას.
ალბათ, მავანმა თავი ძალით უნდა დაიბრმავოს, რომ სრული სურათი ვერ დაინახოს, ვინაიდან პუტინის ტაქტიკა - გამოიყენოს ევროპის მცირე სისუსტეც კი, რათა განხეთქილება წარმოქმნას - საკამოდ თანმიმდევრულია.
დასახული აქვს რა მიზნად, განასახიეროს დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართული „მამაკაცური“ ევრაზიული კავშირის ალტერნატივა, პუტინი გადასულია საკუთარი მეზობლების გამძლეობის გამოცდის რეჟიმზე. ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ის ამ მიზნის მისაღწევად იყენებს არის ანტიკვარული, კორუმპირებული და დაშლის პირას მისული სამხედრო ძალა, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო 15 წლის წინ.“
ფრანგი ავტორი კარგად წარმოაჩენს რუსეთის პრეზიდენტის ხედვას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რისთვისაც მისივე (პუტინის) სიტყვებს იშველიებს -
„ასე მაგალითად, პუტინს უკრაინის პრეზიდენტისთვის, პეტრო პოროშენკოსთვის 2014 წლის სექტემბერში უთქვამს - „ სურვილი რომ მქონოდა, ორ დღეში რუსული ძალები იქნებოდნენ არამარტო კიევში, არამედ რიგაში, ვილნიუსში, ტალინში, ვარშავაში და ბუქარესტში“
ამავე წლის ნოემბრის განცხადებით ვიგებთ, რომ პუტინი ვერ ხედავს „ვერაფერ ცუდს“ 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტში (ნაცისტურ-საბჭოური შეთანხება, რომელმაც გზა გაუხსნა სტალინს აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობისკენ, ბალტიის ქვეყნების, ასევე პოლონეთის და რუმინეთის ნაწილების ანექსიისკენ). ამასთანავე, ივნისის ბოლოს, რუსმა პროკურორებმა აღძრეს საქმე, რომელიც ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის კანონიერებას იძიებს.“
ლევი ხაზს უსვამს თუ როგორ ცდილობს პუტინი ევროპაში შიდა დაპირისპირების გაღვივებას და სხვადასხვა პროპაგანდისტული თუ ფინანსური საშუალებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ჯგუფების მხარდაჭერას -
„რევიზიონისტური რიტორიკის გარდა, 17 თებერვალს ის შეხვდა ევროპაში მისი „პარტიის“ უხუცესს, უნგრეთის პრემიერ მინისტრს ვიქტორ ორბანს (შეხვედრა, რომელსაც ბუდაპეშტში დემონსტრაციებით უპასუხეს, მათ ვისაც არ სურს უნგრეთი კვლავ გახდეს „რუსული კოლონია“). ასევე ვხედავთ საბერძნეთის პრემიერ მინისტრის, ალექსის ციპრასის, ხშირ ვიზიტებს მოსკოვში (სადაც ის თითქოსდა ითხოვდა 9 მილიარდ ევროს ახალი დრახმის გამოსაცემად), მაშინ, როდესაც საბერძნეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დაიძაბა.
ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევაზე. ამასთანავე, ვხედავთ კრემლის მხრიდან ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში პოპულისტური, ნაციონალისტური და ღიად ფაშისტური პარტიების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ ევროპის დაშლა.“
ამასთანავე ის კარგად ახდენს პუტინის ტაქტიკების კლასიფიკაციას და ნათლად წარმოაჩენს მათ მანკიერ ხასიათს -
„როდესაც პუტინი ლინგვისტური ნაციონალიზმის (ის ვინც საუბრობს რუსულად არის რუსი) გამოცოცხლებით ამართლებს საკუთარ პრეტენზიას ყირიმსა და დონბასზე, მისი ევროპელი აპოლოგეტები მიიჩნევენ, რომ ეს უბრალოდ საღი აზრია (მაშინ როდესაც ნაცისტები იმავე სტრატეგიას იყენებდნენ სუდეტებთან მიმართებაში - ის ვინც საუბრობს გერმანულად არის გერმანელი).
მაშასადამე, ჩვენ უნდა მკაფიოდ გავაცნობიეროთ თუ რას მოიცავს მისი ხედვა: სამართალი და კანონი სიძლიერისა და ძალის სამსახურშია, და არა პირიქით; წესრიგი იმარჯვებს თავისუფლებაზე; ინსტიტუციონალიზებულია ჰომოსექსუალების და სხვა ‘დევიანტების’ დევნა, რომლებიც წარმოადგენენ კოსმოპოლიტიზმის შხამით დაკოდილ დეკადანტურ ევროპას.“
სტატიის ბოლოს ლევი მიუთითებს იმაზე თუ რა შეიძლება მოყვეს წარსულის გაკვეთილების უგულებელყოფას -
„ამჟამინდელი საფრთხეების გააზრებამ მიბიძგა ტიერი ვოლტონის წაკითხვისკენ, რომელიც განიხლიავს კომუნიზმის ისტორიას და იმ ნებაყოფლობით მარცხებს, რომელიც მოიტანა მან ათწლეულების მანძილზე. თუმცა, ჟან-ფრანსუა რეველის თანახმად (რომელიც იყო ჩემი მეგობარი, ისევე როგორც ვოლტონი) ის რაც იწვევს გაცბუნებას, არის ის თუ როგორ შეიძლება წარსულის გამოცდილება ტრაგიკულად უგულებელყოფილი იყოს, და რომ იგივე შეცდომები, ისეთივე ნებაყოფლობითი უმეცრება შესაძლოა განმეორდეს, მარქსს რომ დავესესხოთ, როგორც ფარსი.“