პუტინის გეგმა- გააძლიეროს კრემლის გეოპოლიტიკური გავლენა ევროპაში მოსალოდნელზე ეტი წარმატებით მიმდინარეობს, რასაც ევროკავშირის ქვეყნებში ულტრა-მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა მოწმობს.
ევრაზიული სტრატეგიის ინფორმაციის ცენტრის(CESI) მიერ შედგენილ სქემაზე აღნიშნულია ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ პრო-რუსული ულტრა-მემარჯვენე პარტიები.
დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში და უნგრეთში ულტრა მემარჯვენე პარტიები სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან და რუსეთის პრეზიდენტს ძლიერ, კონსერვატიულ ლიდერად წარმოაჩენენ, რომელიც ტრადიციულს ღირებულებებს იცავს და დეკადენტურ დასავლეთს ეწინააღმდეგება. ულტრა-მემარჯვენე პარტიების უმეტესობა ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგია, ანტი-ამერიკულ პოლიტიკას ემხრობა და მჭიდრო კავშირს იჭერენ რუსეთთან. კრემლი კი, თავის მხრივ, თითოეულ ამ პარტიას შესაძლო პარტნიორად და ევროპაში მისი ინტერესების გამტარებლად მოიაზრებს, ამიტომაც არის დაინტერესებული მათი ფინანსური მხარდაჭერით. მიუხედავად იმისა, მოხვდებიან თუ არა ეს პარტიები მთავრობებში, პუტინს ისიც აწყობს, ევროპის მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაიზარდოს.
6 ყველაზე აქტიური პარტია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ატარებს და ყირიმის ანექსიის გამო კრემლისთვის დაწესებულ სანქციებს ღიად უპირისპირდება, არის: დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტია , საფრანგეთის „ეროვნული ფრონტი“, გერმანიის „ეროვნული დემოკრატიული პარტია“ , უნგრეთის „იობიკები უკეთესი უნგრეთისთვის“, საბერძნეთის „ოქროს განთიადი“ და ბულგარული „ატაკა“.
ჟურნალ თაიმსის ინფორმაციით, მოსკოვი ფინანსურად ეხმარება ასევე ავსტრიულ „თავისუფლების პარტიას“, ბელგიის ნაციონალისტურ პარტიასა და იტალიის ულტრა-მემარჯვენე ჩრდილოეთის ლიგას.
დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიამ, რომელიც მხარეს უჭერს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირისგან გასვლას და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის წამოწყების პოლიტიკას, უკანასკნელ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 29% მოიპოვა, რაც 5 წლის წინ ჩატარებული არჩევნებში მიღებული შედეგების თითქმის გაორმაგებული რაოდენობაა.
მსგავსი სიტუაციაა საფრანგეთშიც, სადაც უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნულმა ფრონმა“ ახლახანს ჩატარებულ რეგინალური არჩევნების პირველ ტურში ხმების 28% მიიღო. პარტიის ხელმძღვანელი, მარი ლე პენი, პუტინის ტრადიციული ევროპული ქრისტიანული კულტურის დამცველად მიიჩნევს და აპირებს სხვა პრო-რუსულ, ულტრა-მემარჯვენე ძალებთან ერთად ევროპის პარლამენტში კოალიციის შექმნას აპირებს.
ლე პენის გამარჯვებაში დიდი წვლილი რუსეთს და ვლადიმერ პუტინს უჭირავთ, რადანაც, როგორც თავად ლე პენმაც 2014 წლის სექტემბერში განაცხადა, მისმა პარტიამ 11.7 მილიონის სესხი აიღო რუსების კუთვნილი ჩეხურ-რუსული ბანკიდან. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ეს სესხი საჩუქარია მისი პრო-რუსული პოლიტიკისა და უკრაინის კრიზისში რუსეთის მხარდაჭერისთვის.
„იობიკები“(უნგრეთი), „ოქროს განთიადი“ (საბერძნეთი) და „ატაკა“ (ბულგარეთი) - ეს პარტიებიც რუსეთისგან ფინანსდებიან და, შესაბამისად, პრო-რუსული პოლიტიკით გამოირჩევიან, ღიად ეწინააღმდეგებიან ყირიმის ანექსიისთვის სანქციების დაწესებას და პუტინს ტრადიციული ქრისტიანობის დამცველად აღიქვამენ. ასევე, იმედს გამოთქვამენ, რომ ატომური ელექტროსადგურის აშენების პროცესში რუსეთისგან დახმარებას მიიღებენ.
ევროპაში ულტრა-მემარჯვენე პარტიების აღზევება მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკასთან, რომელიც ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში ჩამოყალიბდა და „სპეციალური ომის“ პოლიტიკის სახელითაა ცნობილი. „სპეციალური ომის“ ტაქტიკა საგარეო პოლიტიკაში ჯაშუშობასა და ფულის მეშვეობით პრო-რუსული პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. რუსეთის საკითხებში ექსპერტი- ჯონ შინდლერი ამბობს, რომ ამ ტაქტიკას იყენებდა საბჭოა კავშირი, როცა მემარცხენე-კომუნისტურ პარტიებს უმაგრებდა ზურგს ევროპაში, ახლა კი რუსეთი ულტრა- მემარჯვენე პარტიებს აფინანსებს, რათა დაკარგული გავლენა დაიბრუნოს დასავლეთზე.
რუსეთისთვის ყველაზე სასურველი საბოლოო შედეგი ევროკავშირის დაშლა და ევროპაში რუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგეების გაქრობაა. 2014 წლის 25 მაისის არჩევნების შედეგების მიხედვით, ევროპარლამენტის წევრების 20% ევროკავშირის დაშლას ემხრობოდა, რომელთა ძირითად ნაწილს სწორედ ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსები წარმოადგენენ- ნათქვამია CESI -ს კვლევაში. ამაზე საუბრობს ექსპერტის ევროპის პოლიტიკის საკითხებში, ანტონ შეხოვცოვიც. „რუსეთისა და ევროპელი ულტრა-მემარჯვენეების გაერთიანების საბოლოო მიზანი ევროკავშირის დაშლა, ანტი-ამერიკული ჯგუფების მხარდაჭერაა და დასავლეთის ერთიანობის შესუსტებაა.“
რუსეთის მხრიდან პრო-რუსული ძალების დაფინანსება და შეფარული პროპაგანდა საქართველოსთვის უცხო არ არის. ამ მხრივ რუსეთი საქართველოშიც განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რის შედეგადაც, 2015 წლის ოქტომბერში NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში რუსეთის გავლენა გაიზარდა.
ევროპაში ულტრა-მემარჯვენე ძალების გაძლიერება საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ არჩეულ ევროპულ საგარეო პოლიტიკას, რადგან მათი უმეტესობა ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას. ამასთანავე, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა მათი ლოიალური დამოკიდებულება კრემლისადმი, რადგანაც ამ ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველო შუაგულ ევროპაში მოკავშირეებს და საყრდენს დაკარგავს. მაგრამ, ფაქტი, რომ საფრანგეთში "ეროვნულმა ფრონტმა" წარმატებას ვერ მიაღწია, პუტინის გეგმის ვერ განხორციელების იმედს იძლევა.