პუტინის სასახლე შავ ზღვაზე

22 იანვარი 2021 Shadow

ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებისა და დაპატიმრებიდან ერთი დღის თავზე, მისმა კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა (ФБК) გამოაქვეყნა გამოძიება, რომლითაც ირკვევა, რომ მასშტაბური კორუფციული სქემის შედეგად, შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი კურორტის, გელენჯიკის სიახლოვეს აშენდა პერსონალური სასახლე პუტინისთვის, რომლის ფართობიც - 17.700 კვადრატულ მეტრს, ღირებულება კი 1,35 მილიარდ დოლარს შეადგენს. FBK-მ გაასაჯაროვა როგორც გამოძიების ანგარიში, ასევე ვიდეო, რომელშიც ასახულია სასახლის ფოტოები და 3D მოდელირებით შექმნილი სურათები, მშენებლობის ისტორია და სხვადასხვა დოკუმენტი. გამოძიება ცხადყოფს, როგორ ფინანსდებოდა მშენებლობა იმ კომპანიებისა და ბიზნესმენების მიერ, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული პუტინის ახლო გარემოცვასთან.

 

წყარო: www.palace.navalny.com

 

აღნიშნული სასახლის შესახებ ცნობები მედიაში ჯერ კიდევ 2010 წელს გაჩნდა: საჯაროდ, პირველად ბიზნესმენმა, სერგეი კოლესნიკოვმა ისაუბრა, რომლის მტკიცებითაც, იგი პირადად იყო ჩართული სასახლის მშენებლობის პროექტში. მან 2010 წელს გამოაქვეყნა სასახლის გეგმა, კონტრაქტები და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები. იგი ამბობდა, რომ პროექტს უშუალოდ ზედამხედველობდა ბიზნესმენი ნიკოლაი შამალოვი - ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი. კოლესნიკოვის განცხადებებს დიდი მედია სკანდალი მოჰყვა, რის შემდეგაც, რამდენიმე თვეში შამალოვმა სასახლე ბიზნესმენ ალექსანდრ პონომარენკოს მიყიდა, რომელიც მაშინ ამბობდა, რომ აპირებდა მშენებლობის დასრულებას, რათა იქ ახალი სასტუმრო გახსნილიყო. თუმცა, ФБК-ის გამოძიების მიხედვით, ეს იყო ფიქციური ხელშეკრულება - პონომარენკომ სასახლეში მხოლოდ 350,000 დოლარი გადაიხადა, რაც მის რეალურ ფასზე რამდენიმე ათასჯერ ნაკლებია, შამალოვის ერთ-ერთი ფირმა კი მალე აღნიშნულ სასახლეს სათავეში ჩაუდგა, როგორც მმართველი კომპანია.

 

საგამოძიებო მასალებით, ასევე, ირკვევა, რომ სასახლის მშენებლობა დააფინანსეს ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობრებთან უშუალოდ დაკავშირებულმა კომპანიებმა. დამფინანსებლების ჩამონათვალში მოხვდნენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც პირდაპირ სახელმწიფოს მიერ კონტროლდებიან - „როსნეფტი“ და „ტრანსნეფტი“. ФБК-ის მტკიცებით აღნიშნული კომპანიები მშენებლობას აფინანსებდნენ კორუფციული სქემებისა და სხვა ფინანსური მანიპულაციების გზით. ამის გამო, ФБК ამ სქემას „მსოფლიოს ყველაზე დიდ ქრთამს უწოდებს.

 

რაც შეეხება თავად სასახლეს, იგი გაშენებულია 68 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს და მოიცავს ვერტმფრენის ასაფრენ მოედანს, ეკლესიას, ამფითეატრს, ყინულის ჰოკეის დარბაზს, ორანჟერეას, 2,500 კვადრატული მეტრის ჩაის სახლს და 80-მეტრიან ხიდს. ამასთანავე, სანაპიროზე არსებულ კლდეში გაკეთებულია გვირაბი, რომლითაც სასახლე სანაპიროს უკავშირდება. ჰექტრობით ფართობებზე გაშენებულია ვენახები და ელიტარული მეღვინეობები.

 

სასახლის მიმდებარედ 7,000 ჰექტარი ფართობის მიწა ეკუთვნის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (ФСБ). მიუხედავად ამისა, ამჯერად, 2068 წლამდე, მიწა გადაცემულია იმ კომპანიისთვის, რომელიც სასახლეს ფლობს. ФБК-ის მტკიცებით, კომპანიისთვის აღნიშნული მიწის გადაცემის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ სასახლე არ იყოს დაკავშირებული პუტინის სახელთან. ФБК-ის აქტივისტებმა, ამავდროულად, აღმოაჩინეს, რომ ФСБ მოქალაქეებს არ აძლევს თევზაობის უფლებას სანაპიროს იმ ზოლში, სადაც სასახლე მდებარეობს. ტერიტორიის თავზე ოფიციალურადაა აკრძალული ფრენები.

 

პირველი სართულის გეგმა. წყარო: www.palace.navalny.com

 

ФБК-ის ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი სასახლის დაგეგმარება, რომელიც, აქტივისტების თქმით, ერთ-ერთი კონტრაქტორისგან მიიღეს. იმისათვის, რომ აღნიშნული დაგეგმარების ავთენტურობა შეემოწმებინათ, ФБК-მ იგი შეადარა სასახლის იმ ფოტოებს, რომლებიც 2011 წელს ინტერნეტში გავრცელდა. როგორც ირკვევა, სასახლეში განთავსებულია ძვირფასი ნივთები და ავეჯი, რომელიც შექმნილია ინდივიდუალური დაკვეთით. მაგალითად, სასახლის თითოეული სავარძლის ღირებულება 1.5-2 მილიონ რუბლს (20-27,000 დოლარს) შეადგენს, სასახლის ყველაძე ძვირადღირებული მაგიდა კი 4.1 მილიონ რუბლად (56,000 დოლარი) არის შეფასებული.

 

სასახლეს აქვს სამი სართულ და მოიცავს საცურაო აუზს, საუნას, თურქულ აბანოებს, სპას, სამკითხველო ოთახს, მუსიკალურ ოთახს, ჩილიმ-ბარს, კინოთეატრს, სადეგუსტაციო დარბაზს, მარანს, კაზინოს და ათობით საძინებელს სტუმრებისთვის. მთავარი საძინებლის ფართობი კი 260 კვადრატული მეტრია. ამასთანავე, სასახლის სიახლოვეს, 300 ჰექტრის ფართობის ტერიტორიაზე გაშენებულია ვენახი, შატო, ღვინისა და ხამანწკის ქარხნები - როგორც ФБК ამტკიცებს, ისინიც პუტინს ეკუთვნის.

 

 


3D მოდელირებით შექმნილი ფოტოები ინტერიერიდან. წყარო: www.palace.navalny.com

 

მას შემდეგ, რაც ФБК-მ გამოძიების შესახებ ვიდეო, რომელშიც ალექსეი ნავალნი საუბრობს, Youtube-ზე გამოაქვეყნა და 3 დღეში 58 მილიონი ნახვაც დააგროვა, კომენტარი გააკეთა პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც და განაცხადა, რომ პუტინს გელენჯიკში სასახლე არ აქვს.