ბოლო დღეებია, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 2024 წლის 8 თებერვლის ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან. ინტერვიუში პუტინმა უდიდესი დრო დაუთმო უკრაინის ისტორიულ ექსკურსს ადრეული შუა საუკუნეებიდან დღემდე, რითაც შეეცადა 2022 წლის თებერვალში დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესიის გამართლებას. ამ კუთხით, მრავალი ინტერნეტ მიმის თუ ხუმრობის ინსპირაციადაც იქცა.
მსგავსი მიდგომა ახალი არაა – 2019 წელს, ე.წ. “გავრილოვის ღამის” შემდეგ მიცემულ ინტერვიუში, პუტინმა საქართველოს ისტორიის შესახებ პოლიტიკურად მოტივირებული, გაყალბებული ფაქტები წლების სიზუსტით აღწერა, რათა ნათქვამისთვის მეტი დამაჯერებლობა მიეცა. თუმცა, 2019 წლის ინტერვიუ არ იყო პირველი, როდესაც პუტინი განსაკუთრებული ფოკუსით საუბრობდა საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე…
2008 წლის 28 აგვისტოს CNN-ის ჟურნალისტმა, მეთიუ ჩენსმა ვლადიმირ პუტინთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. რა თქმა უნდა, დასავლური მედია-საშუალებები კარგად ხვდებოდნენ, ვინ იდგა საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანების უკან აგვისტოს დასაწყისში, შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ნაცვლად მათ კითხვები პუტინს დაუსვეს. ინტერვიუს პირველ ნაწილში პუტინი უარყოფდა ამ მოცემულობას და ამტკიცებდა, რომ მთავარსარდალი მედვედევია და ა.შ., თუმცა ეს მხოლოდ პუბლიკისთვის თვალის ახვევის მცდელობებს წარმოადგენდა: “როგორც იცით, იმ დროს მე ნამდვილად ვიყავი პეკინში, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. თუნდაც ამის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ამ გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა მედვედევმა იცოდა ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. გულწრფელად ვიქნები თქვენთან და, რეალურად, საიდუმლო ამაში არაფერია, ჩვენ, რასაკვირველია, განხილული გვქონდა მოვლენების ყველა შესაძლო სცენარი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი აგრესია”.
რა თქმა უნდა, CNN-ის ჟურნალისტს ნაკლებად აინტერესებდა ისტორიული ექსკურსი და სურდა ომის მიზეზებზე მეტი ესაუბრათ, თუმცა პუტინმა ჩვეულ სტილში, ისევე როგორც ტაკერ კარლსონთან, მეთიუ ჩენსსაც გააწყვეტინა და ისტორიაზე საუბარს შეუდგა:
“ვფიქრობ, როგორც თქვენ, ასევე თქვენი მაყურებელი დღეს დაინტერესებული იქნებით, შეიტყოთ ცოტა მეტი ამ რეგიონებში ხალხებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის ისტორიის შესახებ. ამის დაკავშირებით მხოლოდ ცოტა ცნობილი ან არაფერი. თუ ფიქრობთ, რომ ეს უმნიშვნელოა, შეგიძლიათ ამოჭრათ. არ მოგერიდოთ, წინააღმდეგი არ ვიქნები.
ჯერ კიდევ XVIII საუკუნის შუა ხანებში, 1745-1747 წლებში, ოსეთი პირველი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. იმ დროს ის გაერთიანებული იყო - ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი ერთი სახელმწიფო იყო.
1801 წელს, თუ მეხსიერება არ მღალატობს, თავად საქართველო, რომელიც გარკვეული წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის მხრიდან, ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. მხოლოდ 12 წლის შემდეგ, 1812 წელს, აფხაზეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. ამ დრომდე იგი დარჩა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, დამოუკიდებელ სამთავროდ.
მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა ხანებში მიიღეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ტფილისის გუბერნიაში გაერთიანების შესახებ. საერთო სახელმწიფოს პირობებში ეს საკითხი არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შემდგომმა წლებმა აჩვენა, რომ ოსებს ეს დიდად არ მოეწონათ - ისინი მეფის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დღევანდელი საქართველოს იურისდიქციაში დე ფაქტო მოაქცია.
როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის იმპერია დაიშალა, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო ოსეთმა აირჩია დარჩენა რუსეთის შემადგენლობაში; ეს მოხდა 1917 წლის მოვლენების შემდეგ. 1918 წელს, ამის გამო საქართველომ იქ საკმაოდ სასტიკი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა, 1921 წელს კი იგივე გაიმეორა.
როდესაც საბჭოთა კავშირი შეიქმნა, ეს ტერიტორიები, სტალინის გადაწყვეტილებით, საბოლოოდ გადაეცა საქართველოს. მოგეხსენებათ, სტალინი ეთნიკურად ქართველი იყო. მაშასადამე, ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ეს ტერიტორიები კვლავაც საქართველოს კუთვნილება უნდა იყოს, სტალინისტები არიან: ისინი იცავენ იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინის გადაწყვეტილებას.”
პუტინმა ამ ნარატივით კიდევ ერთხელ გააყალბა ისტორია, რეალურად გაერთიანებული ოსეთი არც XVIII საუკუნეში და არც ადრე პერიოდში არ არსებობდა, ისევე როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეული სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა XIX საუკუნეში. იდენტური განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა 2019 წლის 9 ივლისს, თბილისში გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებული მოვლენების პასუხად გააკეთა.
ორივე შემთხვევაში კრემლის პროპაგანდისტული ნარატივი აქტიურად ავითარებს ე.წ. “გენოციდის” თემასაც, რამაც სხვადასხვა დროს რუსეთის დუმაში წარსადგენი კანონის პროექტის სახეც კი მიიღო და, ძირითადად, გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის იარაღად.
CNN-ის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სეპარატისტების შეიარაღებასა და დე ფაქტო ინსტიტუტების მხარდაჭერას ეხებოდა და, შესაბამისად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების პროვოცირებაში რუსეთს ადანაშაულებდა, პუტინმა 1990-იანი წლების ისტორიის გაყალბებით უპასუხა:
“ამ კითხვას მარტივად შემიძლია ვუპასუხო. ეს კონფლიქტები უახლოესი ისტორიაა და ისინი დაიწყო ქართული მხარის იმ გადაწყვეტილების გამო, რომელმაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ავტონომიურობის უფლება ჩამოართვა. 1990 და 1991 წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ავტონომიის უფლებები შეუზღუდა - ის უფლებები, რომლებითაც საბჭოთა კავშირის, საბჭოთა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში სარგებლობდნენ. როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეთნიკური შუღლი გაღვივდა და შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ამ პერიოდში რუსეთმა ხელი მოაწერა არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას და ყველა მათგანი შეასრულა. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გვყავდა სამშვიდობო ძალების მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც ხსენებულ შეთანხმებებში იყო განსაზღვრული და კვოტისათვის არასდროს გადაგვიჭარბებია”.
ამ შემთხვევაშიც, პუტინი ახორციელებს ისტორიის ინტერპრეტაციას კრემლისთვის სასიკეთო ნარატივის მიხედვით. უფლებების შეზღუდვა ზვიად გამსახურდიას პერიოდში შეეხო რუსეთის მიერ მხარდაჭერილ და სეპარატისტულ მოქმედებებში ჩართულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს. ასევე დამტკიცებული ფაქტია რუსეთის სადაზვერვო სამსახურის (ГРУ) მიერ მომზადებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების და მთელი დაჯგუფებების აქტიური მონაწილეობა კონფლიქტებში. გარდა ამისა, დადასტურებულია სეპარატისტების შეიარაღებით მომარაგება და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, როგორც “ეთნონაციონალისტური” კონფლიქტისა და მცირე ერების “თვითგამორკვევისთვის” ბრძოლის წარმოჩენა.
ისტორიული რევიზიონიზმი კრემლის მრავალმხრივი სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მისი სამეზობლოს ისტორიის ირგვლივ საზოგადოების აღქმის ჩამოყალიბებასაც, რათა ეს რეჟიმის პოლიტიკური მიზნებისა და ძალაუფლების გაძლიერებას მოემსახუროს.
ისტორიის რევიზიონიზმის რამდენიმე ძირითადი მეთოდი მოიცავს:
1. ისტორიული მოვლენების შერჩევით ინტერპრეტაციას: პუტინი და მისი ადმინისტრაცია ხშირად შერჩევით ინტერპრეტაციას უკეთებენ ისტორიულ მოვლენებს, რათა შეამცირონ რუსეთის წარსული დანაშაული ან ხაზი გაუსვან მის მიღწევებს. ეს შეიძლება მოიცავდეს რუსეთის ისტორიის პოზიტიური ასპექტების ხაზგასმას, ხოლო ისეთი უარყოფითი მოვლენების უმნიშვნელობის ხაზგასმას ან სრულად უარყოფას, როგორებიცაა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა ან აგრესია სხვა ერების მიმართ;
2. ნაციონალისტური ნარატივების პოპულარიზაციას: პუტინის რეჟიმი ხელს უწყობს ნაციონალისტურ ნარატივებს, რომლებიც განადიდებს რუსეთის, როგორც ძლიერი და სამართლიანი ერის ისტორიულ როლს. კრემლი რუსეთს ტრადიციული ფასეულობების დამცველად, გარე აგრესიის მსხვერპლად და მსოფლიოში სტაბილურობისა და წესრიგის ძალად წარმოაჩენს;
3. ალტერნატიული ისტორიული თეორიების პოპულარიზაციას: კრემლი აქტიურად ახორციელებს ალტერნატიული ისტორიული და შეთქმულების თეორიების კულტივაციასა და პოპულარიზაციას. ეს თეორიები ეწინააღმდეგება დასავლურ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულ ნარატივებს. ისინი ხშირად ცდილობენ, შეარყიონ ისტორიული მოვლენების დასავლური ინტერპრეტაციები და წარმოაჩინონ რუსეთი, როგორც დასავლური შეთქმულების მსხვერპლი;
4. ისტორიული მეცნიერებისა და მედიის კონტროლს არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე აუდიტორიისთვისაც.
დღესდღეობით ისტორიული ნარატივებით მანიპულაცია, ძირითადად, მიმართულია უკრაინის, პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ და ემსახურება უკრაინაში წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომს. თუმცა, პერიოდულად აღნიშნულის სამიზნე ცენტრალური აზიის ქვეყნები, საქართველო და სომხეთიც ხდებიან. ხშირად, პუტინის ისტორიული რევიზიონიზმი ინტერნეტ-მიმებისა და ხუმრობების ინსპირაცია ხდება, თუმცა კრემლის მიზნებში ამ ცნებას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და იმაზე ბევრად მავნებლურ შინაარსს ატარებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. პირველ რიგში, ისტორიული რევიზიონიზმი კრემლის გეოპოლიტიკურ ინტერესების - აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და პოპულისტური ნაციონალიზმის კატალიზატორია. სხვადასხვა ისტორიულ მონაკვეთში რუსეთის დანაშაულების მინიმიზება, დამსახურების გაზვიადება და ფაქტობრივი მოცემულობების უტიფრად გაყალბება სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ადამიანების შეცდომაში შეყვანას. სამწუხაროდ, დასავლური აკადემია და მეინსტრიმ მედია არ არის ამ საკითხების კვლევითა და გავრცელებით საკმარისად დაინტერესებული. შესაბამისად, დასავლური საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთის პრეზიდენტის ტყუილებს გადაუმოწმებლად, პირველადი სახით იღებს, რაც საერთო სენტიმენტზე, საბოლოო განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში, როცა პუტინი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი ერთ სახელმწიფოში ერთიანდებოდნენ, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში მე-18 შევიდა, ის გვერდს უვლის ფაქტს, რომ ისტორიული სამაჩაბლოსა და ჩრდილოეთ ოსეთის ერთიანობის საკითხი მწვავედ მხოლოდ როკის გვირაბის გახსნის შემდეგ, 1980-იან წლებში დადგა და ამ ტერიტორიას იქამდე ჩრდილოეთ ოსეთთან არავითარი პოლიტიკური ან ლოგისტიკური კავშირი არ ჰქონია. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ამაში როკის გვირაბის არარსებობის პირობებში რუკაზე დახედვითაც შეიძლება დარწმუნება, თუმცა, ინტერვიუს დასავლელი მსმენელების დიდი ნაწილი ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმებას არ ეცდება, რაც არის კიდეც ისტორიის რევიზიონიზმის მთავარი ძალა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს მიზანი უნდა იყოს აკადემიური თავისუფლება, რაც შეიძლება მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერის ჩართულობა საარქივო წყაროებსა და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორიის კვლევასა და პოპულარიზაციაში, რათა სამომავლოდ კრემლის ჰიბრიდული ომის ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულების წინააღმდეგ საბრძოლველი მყარი ბაზა შეიქმნას.