ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს კახეთში, სოფელ მატანში დაიბადა. მის განათლებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებულმა გიმნაზიამ, რომელიც ქართული ეროვნული განათლების სისტემის უმთავრეს კერას წარმოადგენდა და ეროვნული სულისკვეთებით გამოირჩეოდა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილმა სახელი გაითქვა I მსოფლიო ომის პერიოდში და ოფიცრის ჩინიც მიიღო. 1918 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ კი ქართულ ჯარში მსახურობდა. 1921 წლის 24 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოებამდე ერთი დღით ადრე, როცა საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ქვეყანა დატოვა, ჩოლოყაშვილი საქართველოში დარჩა და მომავალი ბრძოლისთვის დაიწყო მზადება. მან კოტე აფხაზთან ერთად კახეთში “საქართველოს შეფიცულების” ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის წევრებმაც ერთმანეთს შეფიცეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებდნენ. ჩოლოყაშვილმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სანდო პირები გაგზავნა და ფარული ორგანიზაციები შექმნა.
შეფიცულთა რაზმის წევრები იყვნენ მიშა ნაცვლიშვილი, მიხა ბაღიაშვილი, ვასო თამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, ჩითინაშვილი. შემდეგ, მათ დაემატათ ალექსანდრე კარგეთელი, მიშა ხელაშვილი და სხვა. სწორედ მათი დახმარებით, 1922 წელს, “ხევსურეთის ამბოხება” დაიწყო.
ამბოხების ერთ-ერთმა მონაწილემ დიმიტრი ჭინჭარაულმა ასე მიმართა ქაქუცას:
“შენ გხვდა წილად შენი წინაპრების ნაბოძარი საქმის გაგრძელება შენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ეს პატარა რაზმი უნდა გადააქციო ქართულ ჯარად. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიდიადე”.
“ხევსურეთის ამბოხება” წარუმატებლად დასრულდა, აჯანყებული სამხედრო ცენტრის წევრები დახვრიტეს. თუმცა, მთავარი ამბოხისთვის მზადება წინ იყო. შეფიცულები 1924 წლის აჯანყებას გეგმავდნენ, რომელიც თბილისში უნდა დაწყებულიყო. მაგრამ, გარკვეულმა შეუთანხმებლობამ და ზოგიერთ რაიონში დათქმულ დროზე ადრე აჯანყების დაწყებამ ბოლშევიკურ რუსეთს საშუალება მისცა გამოეაშკარავებინა ისინი და სასტიკად დაესაჯა.
ცხადი გახდა, რომ ჩოლოყაშვილს და მის რაზმს საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასვლის გარდა სხვა არჩევანი აღარ ქონდათ, ისინი საფრანგეთში წავიდნენ. საფრანგეთში ქართველი მამულიშვილებისათვის დაიწყო ემიგრანტული ცხოვრება. ქაქუცას ერთერთი შეფიცული - ალექსანდრე კარგარეთელი ასე აღწერს პარიზში გატარებულ პირველ თვეებს:
“დაიწყო ჩვენი დუხჭირი ცხოვრება საფრანგეთში . გაჭირვებულებმა დავიწყეთ სამუშაოს ძებნა. ზოგი საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გავიფანტენით ... ქაქუცა პარიზში დაბინავებულიყო, რადგან არ უნდოდა შეფიცულების დაქსაქსვა სხვადასხვა ქალაქში, გადაწყვიტა მათი ერთად ყოფნა. პარიზის მახლობლად ვიროფლეიში იქირავა სახლი, სადაც ყველა შეფიცული ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა”.
პარიზში ყოფნისას ჩოლოყაშვილი ტუბერკულიოზით დაავადდა. როგორც ცნობილია, სიცოცხლის ბოლო დღეებში მან ქართული მიწა, ჯვარი და ხატები მოითხოვა და დაიბარა, რომ ეს ნივთები მისი შვილისთვის გადაეცათ. ასევე, ქაქუცას სურვილი იყო, რომ მისი ცხედარი დაეწვათ, რათა ფერფლი ოდესმე დამოუკიდებელ საქართველოში დაეკრძალათ.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1930 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა. მეგობრებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ სინამდვილეში ქაქუცას საშინლად სძულდა კრემაცია, თავისი გაიტანეს და შეგროვილი ფულით იგი დაკრძალეს სენტუანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე.
დაკრძალვას ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, პოლიტიკური პარტიების მეთაურები, საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატები, აგრეთვე სომხების, აზერბაიჯანელების, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა დელეგაციები, ქართული სათვისტომოების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. გარკვეული დროის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ლევილში, ქართველთა საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს.
კომუნისტების მმართველობის ჟამს სასტიკად იკრძალებოდა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი. იგი მიიჩნეოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ყაჩაღად. მრავალი ათეული წლის მანძილზე ქაქუცას ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები სასტიკ დევნა–შევიწროებას განიცდიდნენ საბჭოთა საქართველოს მესვეურთაგან. რეპრესიული ქმედებები ჩოლოყაშვილის თანამოაზრეთა წინააღმდეგ არ შეწყვეტილა მეოცე საუკუნის 80–იან წლებამდე.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი სახელის რეაბილიტაცია დაიწყო 1988 წლიდან. ქართველი ხალხისთვის მისი სახელი და ღვაწლი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თბილისის იპოდრომზე გამართულ მიტინგზე, ქართულ დროშასთან ერთად მისი სურათებიც ააფრიალეს.
მისი უკანასკნელი სურვილი 75 წლის შემდეგ ახდა და 2005 წლის 20 ნოემბერს ის საქართველოში გადმოასვენეს. მისი ნეშტი სამების ეკლესიაში დაასვენეს, სადაც უამრავმა ადამიანმა მიაგო მას პატივი. ამის შემდეგ ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.