ქართველი „კიბორგის“ პირადი ომი

22 დეკემბერი 2015 Shadow

წყარო: amerikiskhma.com

„თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის Si vis pacem, para bellum“ - ეს ცნობილი ლათინური გამოთქმა, უკრაინის არმიის ქართველ ჯარისკაცს ირაკლი ქუთელიას მარცხენა ხელზე ჰქონდა ამოტვირფული. რიგითი ქუთელია, საქართველოში დაბადებული, ეთნიკური ქართველი იყო, რომელიც ორი წლის ასაკიდან უკრაინაში იზრდებოდა და თავის მეორე სამშობლოს, ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირა.

ირაკლის მშობლები ოჩამჩირედან არიან, ერთადერთი ვაჟიშვილი მათ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, უკვე დევნილობაში, 1994 წელს შეეძინათ. ორი წლის შემდეგ, ლტოლვილის სტატუსის მქონე ქუთელიები, იძულებულნი გახდნენ მცირეწლოვან ირაკლისთან და ორ ქალიშვილთან ერთად, საქართველო სამუდამოდ დაეტოვებინათ და საცხოვრებლად უკრაინაში გადასულიყვნენ.

ირაკლის 20 წელი, 2014 წლის 5 აპრილს შეუსრულდა, ზუსტად 2 დღეში კი აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო. ქუთელიამ სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, სამხედრო კომისარიატში საკუთარი ნებით გამოცხადდა და აღმოსავლეთის ფრონტზე, უკრაინის დამცველებს შეუერთდა. ხარკოვის ოლქის პირველი მაისის რაიონის სამხედრო კომისარი ოლექსანდრ ტომაშევსკი ამბობს, რომ ასეთი გულანთებული პატრიოტები უკრაინაში ცოტანი დარჩნენ.

„ის ძალიან კარგი მეომარი იყო. რამდენჯერმე იყო დაჭრილი, გამოიარა ილოვაისკის „ქვაბი“, იყო ტყვედ. ასეთი ადამიანები და თავგამოდებული მებრძოლები, მე ვიტყოდი რომ ცოტანი დარჩნენ. ის უკრაინის ნამდვილი პატრიოტი იყო, თუმცა, ეროვნებით ქართველი იყო, რომელიც აფხაზეთში დაიბადა.“

ბოლო 18 თვის განმავლობაში, ირაკლი ქუთელია ხარკოვის 93-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი იყო. განსაკუთრებული სიმამაცისთვის უკრაინელმა ხალხმა ამ დანაყოფის მეომრებს „კიბორგები“ შეარქვა. ირაკლიმ თავიდან ქვეითთა საბრძოლო მანქანის მექანიკოსად დაიწყო, შემდეგ ტანკის მართვა აითვისა, ბოლოს კი მეტყვიამფრქვევეც გახდა.

ქუთელია ნამდვილი „კიბორგი“ იყო და ეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიაზე მიმდინარე, უსასტიკესი ბრძოლების დროს არაერთხელ დაამტკიცა. თანამებრძოლები განსაკუთრებით გამოყოფენ 2014 წლის სექტემბერში, სოფელ მნოგოპოლესთან მომხდარ შეტაკებას,რომლის დროსაც რიგითმა ქუთელიამ რუსული მოდერნიზებული ტანკი T 72-K ჩაიგდო ხელში, მარტომ დაქოქა და ტროფეის სახით, საკუთარ ქვედანაყოფს ჩააბარა.

ქუთელიას საბრძოლო მეტსახელი „კაცო“ იყო, ირაკლი თავისუფლად საუბრობდა როგორც ქართულ, ისე უკრაინულ და რუსულ ენებზე. რუსებმა მისი სიკვდილისთვის ჯილდოდ 25 000 დოლარიც კი დააწესეს.

შარშან, ქალაქ ილოვაისკის დაცემის შემდეგ, ერთი კვირის მანძილზე უმძიმესი ტყვეობაც გამოიარა. კიევის სამხედრო ჰოსპიტალში, მისი მკურნალი ექიმი ოლეგ ზუევი იგონებს, რომ ირაკლის საწოლთან საქართველოს დროშა ეკიდა. ის რამდენჯერმე სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. რვაჯერ დაიჭრა, სხეულში ჩარჩენილი არაერთი ნამსხვრევის მიუხედავად, ბრძოლას მაინც აგრძელებდა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ირაკლი ამბობდა, რომ „ეს მისი პირადი ომი იყო და ომმა ცუდი მიმართულებით შეცვალა“.

იგორ მაზურმა, უკრაინელმა ოფიცერმა, ნაციონალისტური ორგანიზაცია უნა-უნსოს ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც აფხაზეთშიც იბრძოდა, აღნიშნა, რომ ქართველები ღირსეულად აბრუნებენ ვალს:

„ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. დღეს ქართველები ღირსეულად აბრუნებენ ვალს და იბრძვიან და იღუპებიან აქ, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.“

2015 წლის 9 დეკემბერს, ირაკლი ქუთელია სოფელ ოპიტნოესთან იმ ქვეითთა საბრძოლო მანქანაში იჯდა, რომელიც ორ ტანკსაწინააღმდეგო მინაზე აფეთქდა. მასთან ერთად, კიდევ ერთი უკრაინელი მეომარი დაიღუპა, შვიდი კი მძიმედ დაიჭრა.

აღსანიშნავია, რომ 11 დეკემბერს ირაკლის საბრძოლო ქვედანაყოფი საბოლოოდ უნდა დაეტოვებინა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი ფრონტის წინა ხაზიდან ზურგში გადაჰყავდათ. სახლში მას 3 თვის ქალიშვილი ელოდებოდა, რომელიც ნანახიც არ ჰყავდა.

21 წლის ირაკლი ქუთელია გასულ კვირას, სამხედრო პატივით, ხარკოვის ოლქის სოფელ ალექსეევკაში დაკრძალეს. ცხედარს უკრაინის დროშასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშაც ეფარა. 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, ეს უკრაინელთა მხარეს დაღუპული უკვე მეექვსე ქართველი მეომარია. მანამდე ორი ქართველი: ზურაბ ხურცია და დავით ყიფიანი კიევში, მაიდანზე მიმდინარე მოვლენებს შეეწირნენ.

 

უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-15)

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 19.12.2014 სჩასტიე, ლუგანსკი

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015 დონეცკის აეროპორტი

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015 შიროკინო, მარიუპოლი

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015 მარიუპოლი

გიორგი ბარათელი 09.08.2015 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

ირაკლი ქუთელია 09.12.2015 ოპიტნოე, დონეცკი