ავტორი: დავით მაისურაძე
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მომხრეები საკუთარ პოზიციას სხვადასხვა საფუძვლით ამყარებენ, კერძოდ, ერთი მხრივ საუბრობენ საკონტრაქტო ჯარის უპირატესობაზე, ხოლო მეორე მხრივ საუბრობენ უსამართლობაზე, რომელიც თან ახლავს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მოქალაქეების გაწვევას. მაგალითად, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი ახერხებს თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, ხოლო ვინც ვერ ახერხებს თავის არიდებას, ნაცვლად სამხედრო საქმისა, ევალებათ სხვადასხვა ობიექტების დაცვა.
ასევე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მომხრეები აპელირებენ იმ ფაქტზე, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არის საბჭოთა ბიუროკრატიული გადმონაშთი, ჯარში სამსახური გავლენას ახდენს პიროვნების წარმატებაზე, კარიერაზე და მოქალაქე შეიძლება იმ დროის სანაცვლოდ, რასაც ის ჯარში ატარებს, სხვა კუთხით და უფრო ეფექტურად გამოადგეს სახელმწიფოს (ანუ „მოქალაქეები არიან გაწვევის დღევანდელი სისტემის მსხვერპლი“) და მეტ წარმატებას მიაღწიოს კარიერაში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში იყო პეტიცია, და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგივე პოზიციას იზიარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. თუმცა, მიუხედავად ყველა დასახელებული ფაქტისა, ვთვლი, რომ აუცილებელია სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობა.
პირველი, სისტემის გაუმართაობა არ შეიძლება მისი გაუქმების საფუძველი გახდეს. გაუმართავი სისტემა უნდა დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ და თანამედროვე სტანდარტებს მოვარგოთ. დღევანდელი სისტემა ქმნის უსამართლობის განცდას, რადგან ჯარში ხვდება მოქალაქეების ნაწილი, ხოლო ნაწილი ახერხებს თავის არიდებას. სავალდებულო სამხედრო სამსახური ყველასთვის უნდა იყოს სავალდებულო მიუხედავად დასაქმების ადგილისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართულობისა.
მეორე, დღევანდელი სისტემა ასევე ქმნის უსამართლობის განცდას, რადგან ჯარში გაწვეულების უმრავლესობა სხვადასხვა ობიექტს იცავს და სამხედრო სამსახურთან შეხება არ აქვს. აუცილებელია ამის მთლიანად შეცვლა და ყველა სამხედრო მოსამსახურის ჩართვა მხოლოდ სამხედრო საქმეში და არა უფასო მუშახელად გამოყენება.
მესამე, აუცილებელია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოდერნიზება იმგვარად, რომ ის გახდეს ეფექტური სარეზერვო სამხედრო სისტემა სახელმწიფოსთვის. ამ მხრივ შეიძლება გაწვევის ვადის შემცირება ერთ წლამდე ან 6 თვემდე, თუმცა გაწვევის სიხშირის გაზრდა, მაგალითად, პირველ ეტაპზე თუ მოქალაქეს გაიწვევენ 21 წლის ასაკში 6 თვის ვადით, შემდეგში ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაიწვიონ 2 ან 3 თვის ვადით. აღნიშნული საშუალებას მისცემს რეზერვს, რომ ჩამოყალიბდეს ეფექტურ სამხედრო სისტემად.
მეოთხე, აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს საკონტრაქტო სისტემა, სადაც პროფესიონალი კონტრაქტის წესით გაწვეული სამხედროები იქნებიან, მაგრამ საკონტრაქტო სისტემა არ უნდა გახდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების საფუძველი. ისინი ვინც გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს უნდა ჩაირიცხონ რეზერვში და რეზერვი უნდა იყოს პროფესიული ჯარის ეფექტური დამხმარე და მხარდამჭერი.
მეხუთე, შეგვიძლია ვნახოთ სხვა ქვეყნების მაგალითები. ავიღოთ ისრაელი, თურქეთი და შვეიცარია. ისრაელს აქვს გამუდმებული კონფლიქტი მეზობლებთან და მისთვის აუცილებლია მუდმივი რეზერვის არსებობა. ისრაელის მოქალაქეებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახური 3 წლიანია. სწორედ მუდმივი რეზერვის არსებობა გახდა ერთ-ერთი საფუძველი, რითაც ისრაელმა ყველა სამხედრო კონფლიქტი წარმატებით მოაგვარა. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. თურქეთში არსებობს დაახლოებით ერთ წლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური. საინტერესო შემთხვევაა შვეიცარია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გულშია, სხვადასხვა მონაცემებით ითვლება მსოფლიოს ყველაზე მილიტარიზებულ სახელმწიფოდ, სადაც მოქალაქეები ინტენსიურად გადიან სარეზერვო მომზადებას და თითქმის 60 წლამდე რჩებიან აქტიურ რეზერვში. შეგნებულად მოვიყვანე დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება, რადგან პოსტსაბჭოთა ან ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნების მაგალითის მოყვანის შემთხვევაში (სადაც მოქმედებს სავალდებულო სამხედრო სამსახური), მაშინვე ოპონენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურს საბჭოთა გადმონაშთად შერაცხავდნენ.
დასახელებული ქვეყნებიდან, ვგულისხმობ, ისრაელს, თურქეთს, შვეიცარიას და საქართველოს, რომლებმა შეძლეს დაეცვათ ტერიტორიული მთლიანობა? ან მოეხდინათ ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტის პრევენცია? რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან უფრო წარმატებულები? რომელი სახელმწიფო არის უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად დაცული?
აქედან გამომდინარე, სავალდებულო სამხედრო სამსახური კი არ ახდენს პიროვნების წარმატებაზე და კარიერაზე გავლენას, არამედ ცუდად აწყობილი სავალდებულო სამხედრო სამსახური ამცირებს პიროვნების და სახელმწიფოს შესაძლებლობებს.
მეექვსე, როდესაც საქართველოში იქმნებოდა საკონტრაქტო ჯარი, ოპონენტებისგან ხშირად ისმოდა ასეთი რეპლიკები „რაში ჭირდება საქართველოს ჯარი, რუსეთს უნდა ვეომოთ?“ და ასე შემდეგ. ბევრი ამბობდა, რომ საქართველომ ჯარი საერთოდ უნდა გაუქმოს და მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. მე მჯერა, რომ აღნიშნული განცხადებები რუსეთი პროპაგანდის გავლენის შედეგი იყო და ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ამ პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ. დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაც ამ პროპაგანდის ნაწილი და გაგრძელებაა. შვეიცარიაც კი, რომელიც ევროპის ცენტრშია და მუდმივი ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, კბილებამდეა შეიარაღებული. ჩვენი ქვეყნის გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთსაც უნდა ვეომოთ ან ნებისმიერ სხვა არაკეთილმოსურნეს.
და ბოლოს, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ტოტალური დაუცველობის განცდა, რაც დადასტურდა 2008 წელს ომის დროს, როდესაც იყო პანიკა, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების, ასევე, მოქალაქეების მხრიდან. ამ პანიკის და შიშის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყველა მოქალაქეს არ აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი, არ არსებობს რეზერვის სისტემა და არ ვიცით კრიტიკულ შემთხვევაში როგორც მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ. საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეების ვალდებულებაა დაიცვან სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებაცაა მოქალაქეების დაცვა. ეს ასევე უნდა გამოიხატოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში უკლებლივ ყველა მოქალაქის ჩართვაში. რადგან სამხედრო საქმის ცოდნა, საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ ჩვენი ოჯახები და საკუთარი თავი დავიცვათ და არ გავხდეთ თუნდაც სუსტი და ცუდად შეიარაღებული მოწინააღმდეგის მსხვერპლი.
რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ჩადოს ფული განათლებაში, აუცილებელია, რომ განავითაროს საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალი სხვა დარგი მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დასაცავად ჯარია საჭირო. თან ისეთი ჯარი, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკური მდოგმარეობის არსებობის შემთხვევაში როგორც ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ასევე მისი აღდგენა შეეძლება.