რეფერენდუმის ჩატარების საკითხი რუსეთთან შეერთების თემაზე ლეონიდ თიბილოვმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, რამდენიმე თვის წინ გააჟღერა. თიბილოვის თანახმად, რეფერენდუმი 2016 წლის აგვისტომდე უნდა ჩატარდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშინგტონში არსებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა, „The Jamestown Foundation“-მა გამოქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ამ გადაწყვეტილების მოტივებზე, შესაძლო შედეგებსა და საფრთხეებზე. damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის თარგმანს:
„სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 11 აპრილს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების თემაზე მოსალოდნელი რეფერენდუმის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა. რეფერენდუმი 2016 წლის აგვისტომდე უნდა ჩატარდეს.
სიახლე არაა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმი დიდი ხანია ამ რეფერენდუმის ჩატარების და ზოგადად, რუსეთთან შეერთების მომხრეა. ბოლო 25 წლის განმავლობაში ორი მსგავსი რეფერენდუმი ჩატარდა კიდეც, თუმცა პარადოქსულად ურთიერთგამომრიცხავი შედეგებით დასრულდა. კონკრეტულად, 1992 წელს, გამოკითხვა რუსეთთან შეერთების თემაზე ჩატარდა. როგორც სეპარატისტებმა აღნიშნეს, მოსახლეობის 99%-მა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას. უკვე 14 წლის შემდეგ კი, 2006 წელს რეფერენდუმი საქართველოსგან გამოყოფის საკითხზე ჩატარდა. სეპარატისტული მთავრობის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა ამ შეკითხვასაც. თუ ამ ორ შემთხვევას ერთად განვიხილავთ, გაუგებარი ხდება, რისთვის იბრძვის ცხინვალის მოსახლეობა - სრული დამოუკიდებლობისთვის თუ რუსეთთან შეერთებისთვის. ტექნიკურად მეორე პირველს სრულიად გამორიცხავს.
აღსანიშნავია, ამჟამად დაგეგმილი რეფერენდუმი (წინა ორის მსგავსად) სრულიად არაკანონიერია, რისი მთავარი მიზეზიც ათასობით ქართველის - სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნახევრის - მიერ არჩევანის დაფიქსირების შეუძლებლობაა რეგიონში 1991-92 წლებში და შემდგომ 2008 წელს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს ჩატარებული ეთნიკური წმენდის გამო. ათასობით ქართველი დევნილის მშობლიურ მიწასა და სახლებში დაბრუნების გარეშე დაუშვებელია რეგიონში ჩატარებული რომელიმე რეფერენდუმის შედეგების კანონიერად მიჩნევა.
გარდა რეფერენდუმის ლეგიტიმურობის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებისა, 2016 წლის რეფერენდუმი სხვა მრავალ კითხვას აჩენს. პირველი და ყველაზე საინტერესოა, თუ რომელი მხარის ინიციატივა იყო ამ რეფერენდუმის ჩატარება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უშუალოდ რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა, ნათელია, რომ არცერთი პატარა თუ დიდი პოლიტიკური საკითხი არ გადაწყდებოდა ოფიციალური მოსკოვის ჩარევის გარეშე. ამიტომაც, სავარაუდოა, რომ მომავალი რეფერენდუმის შესახებ განცხადება არათუ რუსეთის თანხმობის გარეშე, არამედ მათივე ინიციატივით გაკეთდა.
მეორე საკითხია, რა სარგებელს მოუტანს ეს საყოველთაო გამოკითხვა კრემლს. თანაც, რეფერენდუმის შედეგები წინასწარ გადაწყვეტილია, რადგანაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა სრულიად გაძევებულია რეგიონიდან და გასაკვირი არაა, რომ ასეთ სიტუაციაში, რუსეთთან შეერთების საკითხზე დარჩენილი მოსახლეობის უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცეს. ამ შედეგზე დაყრდნობით, შესაძლებელია რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია მოახდინოს - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გასულ წლებში სრულიად დამაჯერებლად გამორიცხა მსგავსი შესაძლებლობა.
რეფერენდუმის დადებითი შედეგით დასრულებამ შესაძლოა წინ წამოწიოს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის შეერთების საკითხი. თუმცა, ამ შემთხვევაში ის სოციო-კულტურული და პოლიტიკური განსხვავებებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც ამ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორისაა და ძალიან ხშირად თვალსაჩინო ხდება. მაგალითად, გასულ მარტს, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა გაეუქმებინათ ქართული ანსამბლების -„რუსთავისა“ და „ბანის“ მიერ დაგეგმილი კონცერტი ვლადიკავკაზში.
საუკუნეების განმავლობაში, რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა ტრადიციულად „გათიშე და იბატონეს“ პრინციპს ეყრდნობოდა. თუ ამ ორი რეგიონის გაერთიანება მართლაც მოხდება და ეს ორი ჯგუფი მოახერხებს მათ შორის არსებული განსხვავების გადალახვას, ისინი შეიძლება მოსკოვისთვის დიდ პრობლემადაც იქცნენ, რადგან კრემლი შეეძლება დარწმუნებული აღარ იყოს როგორი იქნება გაერთიანებული „უფრო დიდი ოსეთის“ პოლიტიკა.
ამიტომ, კითხვა ჩნდება, რატომ უნდა რუსეთს ამ რეფერენდუმის ჩატარება, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ის მისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გამოდგეს. პასუხი ნათელი მხოლოდ მაშინ ხდება, თუ სიტუაციას უფრო ფართო ჭრილში განვიხილავთ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გავაანალიზებთ. სავარაუდოა, რომ რუსეთის რევანშისტული რეჟიმი, დამახასიათებელი შანტაჟითა და საბოტაჟით, რეფერენდუმის შედეგებს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს, როგორც „დამოკლეს მახვილს“. ე.წ. სამხრეთ ოსეთის თანხმობა, როგორც ოსების „ეროვნული სურვილი“ რუსეთთან შეერთებაზე, შანტაჟის წყარო შეიძლება გახდეს ოფიციალური თბილისის მიმართ. მოსკოვი შეეცდება ამ შედეგებით მანიპულაცია მოახდინოს, ხელი შეუშალოს საქართველოს პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკის კურსს ან მაშინ გამოიყენოს, როდესაც საქართველო უარს იტყვის დაეთანხმოს მის დიდ თუ პატარა მოთხოვნებს.
აღნიშნულ დრომდე, საქართვლოს ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლები მხოლოდ თავიანთი ხასიათის სისუსტეს წარმოაჩენენ და თავს იკავებენ მკაცრი განცხადებებისაგან, მხოლოდ მოსალოდნელი რეფერენდუმის არალეგიტიმურობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მაგრამ ქართველებმა მალე შეიძლება აღმოაჩინონ, რომ რეფერენდუმის არაკანონიერება საკმარისი მიზეზი არ არის საერთაშორისო პოლიტიკაში სისუსტის გამოჩენისთვის. თანაც, მოსკოვმა შეიძლება მალე დაიწყოს რეფერენდუმის თემის გამოყენება თბილისის წინააღმდეგ, რაც მომავალში კრემლის პოლიტიკის მიმართ საქართველოს დაუცველობას გაზრდის.“